პოეზია
ამოცანა
დადის ცხვარივით უმანკოდ,
კაცთმოყვარულის ქურქითა,
თავიც-კი მოსწონს, რომ სული
მან გააბრწყინა შუქითა
ქართველის ერის… აგვიკლო
უსამზღვრო ბაქი-ბუქითა…
მოღალატობა დასწყევლა,
ვით ქრისტიანმა იუდა…
ზნეობის მქადაგებელმა,
ვნახეთ, თითონაც იმრუდა…
ვნახავთ, კიდევაც გვიწერდეს
ზნეობრივ კანონს რიხითა
და სადღეგრძელოდ ზნეობის
ნუნუას ჰსვამდეს ჭიქითა.
სწორი ყოფილა ნათქვამი
ქართველის ერის პირითა:
„გველი ჭრელია გარეთა,
ადამიანი – შიგნითა“.
[1902 წ.]
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა