პოეზია
ამერ-იმერი
მწოლარეს შუა გზაზედა
და გაჟღენთილსა ღვინითა
ამერს თავს ადგა იმერი
გარისხებულის პირითა:
„კაცო, რატომ არ იღვიძებ,
რით ვერ გასძეღი ძილითა?
საღამოს ჟამმა მოგასწრო
დაძინებულსა დილითა“. –
მუჯლუგუნსა სცემს და თანაც
ყურზე ებღრევა კბილითა.
„ადექი, კაცო, გაგთელავს
მიმავალ-მომავალია;
ან ცხენი შემოგვარდება,
გადგივლის ურმის თვალია“.
ამერმა თვალი გააღო
და შემოჰხედა ცერადა,
მან გაფრთხილება მოძმისგან
თითქოს მიიღო წყენადა:
– რა გინდა, რაზე მაწუხებ,
არ მაძლევ მოსვენებასა?
მე მეძინება, ხომ ჰხედავ,
შენ კი არ მაძლევ ნებასა?! –
„ჩემი მოძმე ხარ, ვისწრაფი,
მსურს მოგიყვანო ცნებასა“, –
უთხრა იმერმა კვალადა –
„არ მინდა მიგცე ვნებასა.
შეხედე ერთი, წამოდექ,
უყურე ხალხის კრებასა!
არმადა სთვლიან შენზედა
მონათვლა-მირვნის ცხებასა!“
იმერის დარიგებაზე
ამერი იფხანს კეფასა,
თან ცალ-ყბივ ეტყვის: „ჩემს მგმობელს
მე ავუტირებ დედასა!
ჩემს მტანჯველ-დამღონებელსა
არც კი მე მივცემ შვებასა“.
არ ადგა. მეორედ ჰკითხა
მძინარ-შუშარამ იმერსა:
– ხარ-კამეჩებს და ურემსა,
მითხარ, ხომ არვინ მირევსა?
„სადაა, კაცო, ურემი,
აქ არსადა სჩანს წამლადა;
არც კამეჩები მოსჩანან,
თუ გახდნენ სხვისა დავლადა“…
განაგონარმა ამერი
წამოაყენა ხელადა,
ადგა, გიჟივით დარბოდა
მინდორში, ტყეში, ველადა:
„ვაჰმე, შენ ჩემო ნიკორავ,
რად დამეკარგე ხელადა?
სადა ხარ, შვინდა კამეჩო,
ნეტავ, რაღა ვქნა საწყალმა?
რით მოვხსნა ხოდაბუნები,
უნდა წამიღოს ქარ-წყალმა!..“
დიდხანს უცქირა იმერმა,
თვალცრემლიანმა, გამწყრალმა
და თან წარმოსთქვა მწარედა:
„რა ვქნა, ან რაღა ვურჩიო:
არ მისდევს ჩემსა სიტყვასა
ეგ გაუთლელი, ურჩიო;
ვერას შევასმენ, კიდეც ვცა
თავში ხმალი, თუნდ გურჩიო,
როცა გუთანი ჰგონია
ამ წუთისოფლის ბურჯიო“.
კაჭკაჭიც ამას ჩხაოდა,
იქვე რომ იდგა ბუჩქშიო:
„სად თქმულა მკერდ-გაღეღილი
უხარ-გუთნოდა გურჯიო!“
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა