ვაჟა-ფშაველა
პოემა

ამაო ომი

ყვავსა და ყორანს გაჰხდოდათ არწივის საბუდარზედა: ერთმანეთს თავ-პირს აჭამდენ ნადავლარ-ნაქურდალზედა. ნისკარტს ნისკარტში უყრიან, ბრჯღალი თარეშობს ბრჯღალზედა, ერთსაც ეწადა, სხვასაცა ბინის შეძენა მზაზედა. ფიქრობენ: ბუდის პატრონი მოკლესო მაღლა მთაზედა. როდი იციან, არწივი რომ მოდის, მოჰყეფს გზაზედა, ბინისკენ სული ელევა, ცეცხლი უელავს თვალზედა!
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2607.amao-omi.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა