პოემა
1888ალუდა ქეთელაური
(ხევსურების ცხოვრებიდამ)
I
მაცნე მოიდა შატილსა:
– ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი.
ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი,
საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის გზიანი;
ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,
სცადა ფრანგული ფხიანი.
ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!
ქისტებს წაუსხამ ცხენები,
ალუდაისიც ფთიანი.
გუმან აქვ, გადაავლიონ
არხოტის თავი მთიანი,
გადაბერტყინონ ნალითა
ქუჩი მთებისა ცვრიანი.
ეს რო ალუდამ გაიგო,
თოფს დაუპირა ტალიო;
აისხა იარაღები,
გააფხავიდის ხმალიო;
გაუშინჯიდის ვადანი,
ხმალს არ მაუტყდეს ტარიო.
ცისკრის ხანია, მტერს მისდევს
კლდის შავარდენი ჩქარიო.
გათენებისას ჭიუხში
შურთხმა დარეკა ზარიო,
ძაღლებს კი სძინავ თეოზე,
ჯერ არ გაშლილა ცხვარიო.
მალე შააგდო ალუდამ
ქისტების ნავალს თვალიო.
მარჯვედვე გადაეწია,
თოფმა გაიღო ჩქამიო:
ერთს ქურდ-კანტალას ღილღველსა
ცუდი დაუდგა წამიო;
გადავარდება ცხენზეით,
ყელ-თავქვე ეკიდებისა;
ნატყვიარი სჭირს ბეჭის თავს,
ზედ ცეცხლი ეკიდებისა;
ამხანიგ-მოკლულ ღილღველი
ჩახმახსა ეზიდებისა.
გამასტყვრა მუცალის თოფი,
კლდის პირი დაიშლებოდა,
ნაძოძი ტყვიის ალუდას
კალთაში ჩაეშლებოდა.
– არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! –
მუცალი ეუბნებოდა.
– ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა.
ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა.
– არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო? –
ისევ ეძახის იმასა.
– მუცალს არა სჭირს, რჯულ-ძაღლო,
ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა…
– ოჰო, ქუდ გაუხვრეტია,
წვერებსა სტუსავს თმისასა.
– მაღლა დაგიცდა, ბეჩავო,
კენჩხას არა სჭირს ძვლისასა.
გამოსტყვრა მუცალის თოფი,
ტყვია ჩქამს იზამს მქისესა,
გაუტეხს ქეთელაურსა
საპირის-წამლეს რქისასა.
– არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო? –
ზედაც დაჰვედრებს იმასა.
– არა სჭირს, არა, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა,
გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების,
ძალს შაახვეწებს ღვთისასა.
გულს არ ჰხვდა, ნუ გეგონების,
ამტვრევდა წამლის ქისასა.
რაკი სრევაზე მიდგება,
ჯავრს არც მე შავჭამ მტრისასა.
შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
– არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! –
შამაუჭყივლებს ქისტასა.
– გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,
ვაჰ ცდასა მუცალისასა!
ძმაც ხო მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა?
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
წვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გადუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
– ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
გულზედ ძეგლიგი¹ დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: „ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედავ გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
ნუმც ხარობს ქავის კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!“
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
ზედ გადაადვა ფარიო.
II
მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ დაწირეს ხევები;
მისჯარებიან ცის კიდეს
კავკასიონის დევები.
აშლილან სანადიროდა
ქორებ, ფრინველთა მლევლები;
სოვნი არწივებს მასდევენ,
მუქთად ჭამისთვის მხლებლები.
ჯიხვნი მაებნენ მყინვარსა,
მადლი რქათ ადგა ღვთისაო.
ხევი-ხევ შამოყრანტალებს
ყორანი ავის ხმისაო:
„მამკვდარა ქისტი მუცალი,
თვალნ უნდა ვსჭამნე ყმისაო,
გულ-ღვიძლი ამოვარიდო,
კალთა დავხურო მხრისაო“.
შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო.
ყმა მოიდოდა გორი-გორ,
არ ეწონება თავია;
პირს დასწოლია ნისლები,
გულით ნადენი, შავია.
ტახტაზე დაუკიდებავ
მუცალის ძმისა მკლავია,
ვერცხლით მორთული ბაზალა²,
ეგ ხოროსნული ხმალია.
მეება ჭიუხიანსა,
სადაც იმედას ქავია,
ზაფხულს თოფის ხმას იყურებს,
ზამთარ ჩამუდის ზვავია.
ბევრჯელ მაასწრო დელგმამა,
ჰყეფდა ყორანი შავია.
დაჰფამფალებდა თავზედა
გაუმაძღარი სვავია,
ვერვინ მაჰრივა იღბალი,
ვერავინ უყვა ავია.
ურჯულოს ხელებსავ ადნობს
ზედ მზის სხივები მწვავია.
გველმა ვერ გაჭრა ლიბოი,
დღესაც ცოცხალივ არია.
ზოგჯერ ავდარი დადგება,
ზოგჯერ მზე ბრწყინავს, დარია.
რა უყვათ, ბევრი უნახავ
ულვაშ-აშლილი მკვდარია!
ბევრჯელ წასულა საჭალოდ
დახოცილთ სისხლის ღვარია;
შაუღებია წითლადა
ავი არდოტის წყალია.
ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია.
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
პირჯვარი დაიწეროდეს,
მითამ საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვერდს დაიწვინოს ცალია
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია;
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკვდარია.
შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია.
შატილს გადმოდგა ბანებზედ
ხევსურთ ქალი და რძალია,
გამეეგებნენ ალუდას
ძმა-ძმისწულები სამნია.
1 / 4