ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

აღარ მწადიან ვიმღერო

აღარ მწადიან ვიმღერო, მინდა დღედაღამ ვგალობდე: მე რომ არ მწყალობს უფალი, მე მაინც ვისმე ვწყალობდე; მკლავს ნდომა დაუსაბამო, მოყვასისათვის ვწვალობდე. ვიცი, ტანჯული ამგვარად უნდა ბოლო დროს ვხარობდე. ვინც მიყვარს, გარდა იმისა, მინდა სხვასაცა ვყვარობდე. პირველისადმი ტრფიალსა მეორეშია ვსახავდე; ახ, ნეტავ, სადმე შემყარა, ასეთს არსებას ვნახავდე! თვალებს დავეძებ სხვაგვარსა: სატრფოში სატრფოს მჩინარსა, ფრთებს შევისხამდი ახალსა, გულს მოვირჩენდი მტკივანსა; დაგუბებული გრძნობები ქარს ემსგავსოდა მხვივანსა, და აზრიც მამაცობითა – არწივსა, მთაზე მყივანსა. იქნებ მეშველოს, გავცოცხლდე, შევვედრი უფლის მდივანსა: ხმა მიმიწვდინოს ღმერთამდე, შევიქმნე ჩანგის მფლობელი; გულს მესვას ვნების ეკალი, საღმთო ჰიმნების მშობელი, კვლავ ვიყო აღტყინებული, კეთილ ხმათ ხმებზე მწყობელი; ჩემის ქვეყნისა გმირების სახეთ შეფრქვევით მცნობელი, – მიყვარდეს მოძულებული ოხერი წუთისოფელი.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა