ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ა. მ. ყაზბეგის გასტუმრების გამო

მთასაც ეუწყა ამბავი: დაკარგვა პირმშო შვილისა. გამოიღვიძე, ბუნებავ, დრო აღარ არის ძილისა! მოგეგებება არაგვი, ყვავილთ დაგიფენს გზაზედა, – ხომ იცი, უყვარს დედასა შვილი დამდგარი ცდაზედა. გულს გაგიგრილებს ნიავი, როცა შასდგები მთაზედა. გაუხარდებათ ქედებსა, მკვდარს მაინც გნახვენ თვალითა, უაბჯროდ არ გაგგზავნიან, წელს შეგიმკობენ ხმალითა. გიცნობენ თავის ერთგულსა ცრემლით მორწყულის კვალითა. ექნებათ დასაბარები, – შენც დაისწავლი, მგონია, – ამბავი იმათ ყოფნისა, ამბავი დასაღონია. ახლოს გყავს ბერი მყინვარი, ქედ-მოუხრელი გმირია; ის განუგეშებს, მხოლოდ ის, – რჯული არ გაუწირია.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ა. მ. ყაზბეგის გასტუმრების გამო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში