ვაჟა-ფშაველა
პოემა

1795 წლის სახსოვრად

აგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო... მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი, ნალმა ძგრიალი გაიღო. თვალთაგან ცრემლ-დანადენსა სისხლი უცინის მკლავზედა, მაინც არ ტყდება მოხუცი, ხელი უვლია ხმალზედა; გასცქერის ტფილისისაკენ, აღშფოთებული ძალზედა; იწვება ჩვენი ქალაქი, ალი შემჯდარა ალზედა. იქ მიშველება სწადიან, თავს ესხმის გუნდი მტერისა; უხმობს იმერთ და ამერთა, ვისაც თავი აქვს შველისა. მოუვლენ არაგველები, - გულ-გადალევით ელისა. სადა ჰყავს შავარდნის გუნდი, ვაჟკაცნი ლომის ფერანი? ტახტი დაუწვეს მეფესა, ქვეყანა ქმნილა ვერანი. სრულ სისხლით გადაბასრულან მწვანე ივერთა ველანი. ფარფაშობს აღა-მაჰმადი, თამაშობს იმის მერანი. სადაა ქართველთ ბიჭები, ვით გასძლონ ამის მზერანი? - ვაჰმე, სადა და სადღაა, კრწანისზე გასწყდენ ყველანი. უხმობს, უწოდებს მხედართა... დადუმებულან ენანი... თამარს და ვახტანგს მიართვეს ტანზედ წყლულების თმენანი. ვაჰ, რომ მათ შთამაოებას დაგვეხშო ყურთა სმენანი: სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს ქაღალდს ნათითხნი მელანი.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2602.1795-tslis-sakhsovrad.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა