ვარლამ რუხაძე
პოეზია

ქუჩის ბავშვს

შენ, ქუჩის ბავშვო, ქუჩა გზრდის მარტო, ცივ ფილაქანზე დარბი და წვები, არვინ გყავს ქვეყნად, რომ ფიქრი ანდო და გათოშილი გაგითბოს ძვლები! აქ შენზე ფიქრი არვის აწუხებს, თუმც ყოველ გამვლელს აედევნები; ყინვა და ქარი გიჭერს მარწუხებს და იტვირთები ცრემლთა მტევნებით! თავიდან დაგყვა იღბალი ოხრის, კონკებში ზიხარ, ვინ მოგცემს ახლებს და როს შიმშილი რკალივით მოგხრის, - ხარკს ახდევინებ უჩინრად ბაყლებს. შენ აქ იხრწნები... და იქ კი დედა ლოთობს და არაყს გადაჰყოლია; ალბათ ვერ ზიდა ცხოვრების სევდა და მშობლიური მელანქოლია! ახლა ერთმანეთს აღარც კი იცნობთ, ცხოვრების შხამმა ადრე გაგყარათ: მას - სამიკიტნო, შენ - ქუჩა გიძმო და თქვენს სავალზე ქაცვი დაჰყარა! მამაც ხომ ტანჯვამ მოიდნო უდროდ და კაცის მკვლელის გაჰყვა სახელი? არც შენ მოგელის დღეები მყუდრო, რაკი ცხოვრების ფსკერზე დახვედი. ეჰ, უბედურო! ბედი უტეხი ვინ იცის კიდევ თუ სად წაგიღებს? ეთრევი ასე, ვიდრე მეტეხი, ან და - სამარე კარს არ გაგიღებს!
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/10029-varlam-ruxadze--amonakvnesi.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ქუჩის ბავშვს | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში