პროზა
სიბრძნე სიცრუისა
1. ფინეზ მეფე
იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან, რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა,
თავად არ აღირაცხოდა; სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა. სიუხვე მისის ნოტიოს ღრუბლისაგან უმრავლესად გაეგრილა და ყოველთა კაცთა ზედა საბოძვარი ცათა წვიმისათვის გარდაემატებინა. მისი შიში და ზარი ესრეთ განფენილ იყო პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, მეხის ტეხისა უსაზარლესად მიაჩნდათ. მისი სიტკბო და ალერსი ესრეთ შეეტკბოთ, ჩჩვილთა წულთაებრ, სძისა და ძუძუთა უსაყვარლესად მიეზიდათ.
და იყო სახელი დიდისა მის და მაღლისა მეფისა ფინეზ. და ჰყვა ვაზირი ეგეთი, რომე სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო, ჭკუითა ხმელთა სიგრძე და განი სრულად განეზომა, მეცნიერებითა ზღვათა უფსკრულთა მიწევნილ იყო, ჰაერთა და ვარსკვლავთა საქმენი გულის ფიცართა გამოეწერა; ესეთი სიტყვის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, ტინთა ცვილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის. და იყო სახელი ვაზირისა მის სედრაქ. დიდად უყვარდა მეფესა ვაზირი იგი. და არა იყო გულსა მეფისასა ზრუნვა, გინა შეჭირვება უძეობისა კიდე, რომე შვილი არა ესვა.
დღესა ერთსა გახსნა და გასცა განძი ურიცხვი გლახაკთა ზედა, რათა ევედრონ ღმერთსა ძისა ბოძებისა მისისათვის. და იყო საჭურისი მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი. სეფეთუხუცესი იყო და გულითადი მეფისა, რომელსა ერქვა რუქა; და თქვა: რომელსა მეფეთაგანსა გარდაუგია სალარო ესე ოდენი?
2. მეფე ხორასნისა
თქვა სედრაქ არაკი:
იყო ერთი მეფე ხორასანსა დიდებული, კეთილ-გონიერი, უხვი და მოწყალე. დღესა ერთსა გახსნა სამნი სალარონი და უხმო ყოველსა საბრძანებელსა, რათა ყოველმან დიდმან და მცირემან, დიდებულმან, გინა გლახაკმან ათორმეტსა ჟამსა, რაცა ეძლოს, წარიღონ. და წარიღეს ყოველთა და ვერა დაასრულეს სამნი იგი სალარონი.
მას დღესა ნადიმი გარდაიხადა, აფუცა ვაზირთა მისთა, თუცა რომელთა ასმოდეს, ანუ იცოდეს მისი მსგავსი მდიდარი და უუხვესი მეფე. ექვსთა ვაზირთა ფუცეს უსმენელობისათვის მსგავსისა მისისა. და უმცროსსა ვაზირსა გაეცინა.
ჰკითხა მეფემან:
რის მიზეზისათვის იცინიო?
მან ფიცი სთხოვა მოუკვლელობისათვის და მეფემან თავისი თავი ფუცა.
მას ვაზირსა რა გული შეუჯერდა, მოახსენა: ჩინეთის ქვეყანას ერთი ურია არის, მალქოზ ჰქვიან და მისი მოყმე არის დიდებული ვინმე. მისებრივ უხვი არც უწინარეს ყოფილა და არც დღეის წაღმართ იქმნებისო.
ეწყინა მეფესა, მაგრამ ვაზირი იგი ფიცისად ვეღარ მოკლა და პატიმარ ჰყო. და თვით სამეფო სამოსელი განიძარცვა, სხვა შეიმოსა და წარვიდა მის კაცისა ნახვად. მუნ მივიდა, სადა იგი ესახლა. თურმე წესი იყო კაცისა მის: სადაცა ვის უცხოსა ნახევდის, თვისსა მოიყვანის, აბანის, შემოსის, გაასვენის, საბოძვარი მისცის და განუტევის.
დღე ერთ ვლიდა ქალაქთა მათ გარემოს. და ნახა მეფე ესე სახითა გლახაკისათა; წარიყვანა და რომელი სხვათათვის წესი იყო, იგი მას უქმნა. რა შემოსა, ნახა, დიდად საპატიო იყო, ჰკითხა სადაურობა და ვინაობა და ყოველივე აამბობინა. ოდეს სცნა მეფობა მისი, დავარდა მიწასა უღირსად და დადვა თავი თვისი და ევედრებოდა უცნობობისათვის.
აწვია და შეიყვანა სახლსა ერთსა ეგეთსა, რომე მას მეფესა მის სახლის მსგავსი არ ედგა უცხო და უცხოდ მორთული: ანუ საფენი, ანუ ფარდაგი ყოველივე სტავრა იყო. ნადიმი გარდაიხადა. ჭურჭელი ყოველივე შეწყობილი თვალი იყო. ყოველივე უძღვნა.
ცხრა დღე განუსვენა, დღე ყოველ უმჯობესსა სახლსა დასმიდის. მჯობი და უძვირფასესი ჭურჭელი მოიღის, უმხიარულე ნადიმი დაუდვის და ყოველივე უძღვნის. უკვირდა მეფესა დიდება და უხვობა მის კაცისა.
მეცხრესა დღესა ერთსა ასეთსა სახლსა აწვია, რომე დიდად უცხო იყო, და არცა მისი ქმნულება ითქმის. საფენი და ფარდაგი - საფერი, და ჭურჭელი მთელი თვალი იყო. გამოთლილი ყვავილნი იყვნეს და ხენი თვალისანი, შეფერებულნი მსგავსად, შვენიერნი. და ყოველივე უძღვნა. სამნი ესეთნი მგოსანნი ქალნი უძღვნნა, ვერც თვალი უკეკლუცესსა ნახევდა და ვერც ყური უამესსა ისმენდა.
წამოვიდა მეფე. არა წამოიღო რა განძთაგან: ერთი ალმასის თასი, და ერთი იაგუნდის საწდე, და ერთი ყვავილი თვალისა და სამნი მგოსანნი ქალნი. მადლი უბრძანა მასპინძელსა: ღვთის მოწყალებით მეც შემოგზღოო.
წამოვიდა და მოვიდა მისსა ქალაქსა. ვაზირი იგი პატიმარი პატიოსან ჰყო და ილხენდა.
მის კაცისა პატრონი იგი ურია მისანი იყო. სცნა ყოველი იგი ყოფილი, გაწყრა კაცსა მას ზედა, შეიპყრა, აიალაფა, მეხრლმეთ მისცა სიკვდილად.
წაიყვანეს მათ სიკვდილად. ევედრა მკვლელთა მათ მოუკლველობისათვის. და სამხრესა შინა ჰქონდა თვალი ძვირფასი; მით იყიდა სისხლი თვისი.
1 / 60
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა