
სიმონ ჩიქოვანი
1903 – 1964
ბიოგრაფია
პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში. პოეტმა სწავლა ჯერ თავის სოფელში დაიწყო. პოეტის მამა – ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი იყო. მისი ოცნება ყოფილა, შვილი სამთო ინჟინერი გამოსულიყო. დედა ჩიქოვანს დაბადების წელსვე გარდაეცვალა. დედისადმი მიძღვნილ ლექსებში ღრმა გულისტკივილი იგრძნობა. კიდევ უფრო ტრაგიკულად განიცადა პოეტმა დის ნაადრევი გარდაცვალება. ამიტომაცაა, რომ ბავშვობის დროინდელ მოგონებებს მის შემოქმედებაში ხშირად ახლავს ადამიანური სევდა და სამდურავი წუთისოფლისადმი: “სად დავიბადე, უნდო ბედმა რა გამატანა, სული მწყურვალი და მათარა ძლიერ პატარა”. ნაადრევად დაობლებული პოეტის აღზრდის საქმეში დიდი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ. ბავშვობის წლები მან ძირითადად მეზობელ სოფელ ტყვირში გაატარა, ბებიასთან, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ მწერლობას. თავის პოეტურ გატაცებას სიმონ ჩიქოვანი უპირველეს ყოვლისა უახლოეს წინაპართა ლიტერატურულ ინტერესებს უკავშირებდა “ჩემი გვარეულობა, – წერდა ერთგან იგი, – ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით – ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და მე ვფიქრობ რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ჩამესახა ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში”.