პროზა
ახალწლის ღამეს
სანთლების ანთების დროს გიგოლას სახლის ტლანქმა ფიცრის კარებმა გულის გასაგმირავი ჭრიალი მოიღო და უეცრად ერთის ვაი-ვაგლახით კედელს დაეძგერა. სახლში ავადმყოფმა გიგოლამ ამ ბრახუნზედ წამოიწია, უნდოდა წამომჯდარიყო, მაგრამ წელი ვეღარ აიტანა და ისევ ისე ბალიშზედ მიესვენა.
- დედი, დედი!.. - კარების ბრახუნთან ერთად დაიძახა ცხრა წლის ყმაწვილმა, რომელიც სიხარულით შემოვარდა სახლში. ყმაწვილი ჩქარა შედგა, რაკი დედის ხმა არსაიდან მოესმა, თავი მოიფხანა და ცხვირ-პირი ჩამოუშვა; რაღაც უკმაყოფილება გამოიხატა იმის სახეზედ.
- დამაცალოს იმ შავ-ქალამა!.. - წაიბუტბუტა ყმაწვილმა.
- რა იყო, ნელა ვერ გააღებ, შვილო, კარებს, რომ ეგრე არ დაარახუნო? - მიმქრალის ხმით უთხრა გიგოლამ თავისს შვილს.
- მე ვაყურებინებ იმას!.. - კიდევ წაიბუტბუტა ყმაწვილმა.
- შავ-ქალამ რაღა დაგიშავა, რო ემუქრები?
- ისა, რომ მომატყუილა!
- ეჰ!.. რა მოგატყუილა, რატომ... სწორედ... არ მეტყვი?! - სვენებ-სვენებით ძლივს დაეკითხა გიგოლა.
- იმათ ბოსელში ბიჭები ვიყავით და ვთამაშობდით, ის ჩამოვიდა და მითხრა: “აქ რას აკეთებ, დედა-შენმა თაფლი იყიდაო!..”
- მერე ე მაგაზე ემუქრები?! ეჰ!.. - ამოიოხრა გიგოლამ და გადაბრუნდა.
- შვილო, შაქრო, კარები მიხურე, თორემ ძალიან ცივა.
შაქრო კარების მისახურად მიტრიალდა, მაგრამ ამ დროს მაგდანას ხმა შემოესმა: “აბა, თუ მოერევი, ჩემო დათა, შემოიტანე”.
- აგერ, დედა-ჩემიც მოდის!.. - წამოიძახა შაქრომ და საჩქაროდ გარედ გავარდა.
- რა კაი საახალწლო კუნძია, ეს დალოცვილი!.. ღმერთმანი, ისე დაგუგუნდება, რო... - სთქვა დათამ და თანაც რამდენჯერმე ფეხი წაჰკრა თოვლიანს კუნძს, მერე დაიღუნა, უნდოდა აეწია, მაგრამ წელი ვერ აიმართა.
- მაიცა, შენ გენაცვალე, წელი არ იტკინო, ორივემ ავსწიოთ! აჰა, დაიჭი ე ჯამი! - თაფლით სავსე ჯამი საჩქაროდ მიაჩეჩა შაქროს და დათას მიეშველა.
დათამ და მაგდანამ ასწიეს კუნძი და, ორივე წელში მოდრეკილები და თავი-თავს მიბჯენილები, სახლის კარებისკენ მიბარბაცებდნენ. შაქრო იმათ უკან მისდევდა და სიხარულით დასცქეროდა თაფლით სავსე ჯამს. გულმა აღარ მოუთმინა, ჩაჰყო თითი თაფლში და პირისაკენ გააქანა. ღიმილით გააწლაპუნა ტუჩები, ჩაილოკა თითი და ისევ გაიმეორა. ვიდრე მაგდანა და დათა სახლში შევიდოდნენ, იმან რამდენჯერმე მოასწრო თითის ჩაყოფა და გალოკვა.
- მადლობელი, ჩემო დათა! - უთხრა მაგდანამ, როცა კუნძი გაასწორეს.
- გიგოლა როგორ-ღა არის? - ჰკითხა დათამ.
- შენი მტერი და დუშმანი იყოს ისე, როგორც გიგოლაა!.. - გულამოსკვნით უპასუხა მაგდანამ: - ეს სამი დღეა, წამოჯდომას ვეღარ ახერხებს. გულს ძალიან იტკიებს.
- ღმერთი მოწყალეა, კარგად გახდება! - ანუგეშა დათამ.
- დათა, შენა ხარ, ბიჭო!!. ოხ, დედავ!.. ერთხელ რატომ მაინც არ შამოხვალ, ბიჭო!.. შამოსვლაზე ხომ არ გადაგახდევინებენ?
- განა არ შამოვიდოდი, მაგრამ ეს ოხერი დრო ხელთ ვერ ჩავიგდე.
- ეეჰ!.. გული, გული!.. ბიჭო, იქნება, დედა-შენმა იცოდეს რამე, აბა, ერთი ჰკითხე, შენი ჭირიმე, თორემ, ლამის არის, მოვკვდე... რა ვიცი, იქნება, იმისი ხელი წამლად მექცეს და მოვრჩე...
- თუ-კი იცის რამე, საროდიოდღა შეინახავს თავის ცოდნას? ამაღამვე ვეტყვი.
- თუ მოვრჩი, ღმერთმანი, იმის სიკეთეს გადავიხდი...
- ჰო, ჩემო დათა, არ დაგავიწყდეს, - შეეხვეწა მაგდანა: - ჩვენებიანთ ბაბალეს დავეკითხე და იმან არაყი მასწავლა: “უთუოდ მჭვალი ედგებაო და არაყი ძალიან არგებსო”. გუშინ-წინ დავალევინე და უფრო უარესად გახდა. მას აქეთ ნახველს სისხლი ამოსდის, - უკანასკნელი სიტყვები მაგდანამ ყურში წასჩურჩულა დათას.
- არ დავივიწყებ, ჩემმა მზემ!.. ღამე მშვიდობისათ!
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა! - გიგოლამ და მაგდანამ ერთად მიაძახეს მიმავალ დათას.
- ხვალ მოდი, დათა! - უთხრა მაგდანამ, როცა ის კარებთან მივიდა.
- მოვალ, თუ გოზინაყს მაჭმევ!
- მაშ, უგოზნაყოდ როგორ იქნება!
შაქრომ ამ დროთი ისარგებლა: სანამ ესენი ლაპარაკობდნენ, ეს თაფლს შეექცეოდა. შაქრო თაფლის ჭამაში ისე იყო გართული, რომ დათას წასვლა ვერ გაიგო და, როცა მაგდანამ თვალი შეასწრო და დაუყვირა, ისე შეკრთა, რომ თითი პირში დარჩა და კინაღამ ხელიდან ჯამი არ გაჰვარდა. ისე იდგა გაშტერებული, ვიდრე მაგდანამ ჯამი არ წაჰგლიჯა და კარების მისახურავად არ გაგზავნა.
- ადამიანო, - დაიძახა გიგოლამ: - ხვალისათვის არას ამზადებ?.. ბედნიერი დღეა... ან მტერი მოვა, ან მოკეთე, ყველას დახვედრა უნდა...
1 / 3
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა