შიო არაგვისპირელი
პროზა

ადე, ჩამოვიდა

გოგია მეწისქვილე გულ-ხელ დაკრებილი მივიდა წისქვილის ქვასთან და ალას კვირისტავებით მიეყრდნო. იმან გადახედა ქვის გარშემო სუფთად მოგვილ სახრილეს, მერე ალაში ჩაიხედა, რომელიც სახრილესავით სუფთად იყო მოგვილი და, უკმაყოფილოდ თავის ჩაქნევის შემდეგ, კრიჭას გაშტერებით დაუწყო მზერა. სულ ერთ წამს არ უმზერია ასე გაშტერებით, რომ გადაალაჯა და კრიჭას ძირიდან ხელი ამოჰკრა. კრიჭა მოხვდა ხვიმირს და ისეთი ხმა გამოიღო, რომ გოგია მიხვდა, ხვიმირში არა ყრია-რაო. სარეკი-კი, რომელიც კრიჭასთან უღლით იყო დაკავშირებული, ოდნავ შეთამაშდა და ქვაზე რაკრაკი დაიწყო. ხვიმირის ხმას მაინც არ ერწმუნა გოგია. ის შესდგა წისქვილის ქვაზე და შიგ ჩაიხედა, თანაც ხელი მიუს-მოუსვა შიგნიდან ხვიმირის გვერდებს და რადგან ხელში არა მოხვდა-რა, რამდენჯერმე მაგრად დაარტყა სილა, მაგრამ იმან მაინც ცარიელის ხმა ამოიღო... “ფუი!..” - მწარედ გააფურთხა გოგიამ და უკანვე ძირს გადმოაბიჯა ფეხი. დღეს რამდენჯერ გამოუჩხრეკია წისქვილის ყველა კუთხე, ძირი აღმა უქმნია, მაგრამ აგერ ეხლაც ისევ მიდის და სჩხრეკავს. მიიარ-მოიარა ყველა კუნჭული, გაჩხრიკა ყველა სამინდე კოდი, კასრი და ხოკრი; რამდენჯერმე გადააგორ-გადმოაგორა ლიტრიანები, მაგრამ კიდევ მაინც ვერ დაკმაყოფილდა. ის დაღრეჯილის სახით მივიდა წისქვილის ქვასთან და მოწყვეტით ალაზე ჩამოჯდა; ნიდაყვები მუხლებზე დააყრდნო და ორივე ხელი თავის დამძიმებულ თავს ბოძკინტად შეუყენა. რას ეძებდა გოგია ასე მოუსვენრად? ფქვილს, ფქვილს და ფქვილს! გუშინ უკანასკნელი ნახევარი თეფში ფქვილი ხმიადად გამოაცხო და გუშინვე შეჭამა, დღეს-კი აგერ დაწანწალებს და აქა-იქ, სადაც წინად მრავლად იყო ფქვილი, დაეძებს, მაგრამ ყველა ის ადგილი, ყველა საფქვილე ავეჯეულობა დაწმენდილი და დარაკრაკებული ხვდება. “ერთი ბეწო მაინც იყოს სადმე!..” უსიტყვოდ იძახდა ყოველი გაჩხრეკის დროს, მაგრამ ეს “ერთი ბეწოც” არსად იყო, ფქვილის ნაალაგევიც აღარას ეტყობოდა... - შე დალოცვილო, ღმერთო, ერთი კიდევ გამაგონე ჩემი წისქვილის გოგვის ხმა და მერე თუნდ!.. - ხმა-მაღლა წარმოსთქვა გოგიამ კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ და საფქვილე პირს გვერდზე შეხედა, საიდანაც თითქოს ამ სიტყვების შემდეგ, ელოდა, ფქვილი გადმოიფანტებაო, მაგრამ ქვა არ იძროდა და საფქვილეც შეუგანგლავი შესცქეროდა გოგიას. “ეჰ!” გულჩაწყვეტით ამოიოხრა, რაკი ფქვილი ვერ დაინახა და თავი ისევ-ისე ხელებს დააყრდნო და იატაკის პატარა ნახვრეტიდან ლურჯად ამომჭვრეტ ყინულს ჩაფიქრებით მზერა დაუწყო. გარედან-კი მარქაფაზე გადამჩქეფი წყლის შუილი შემოისმოდა და გოგიას ათასგვარ ფიქრს უბადავდა თავში, წარსულს უღვიძებდა და აგონებდა იმ დროს, როდესაც მოცლა აღარც-კი ჰქონდა, რომ ცოტახანს შეესვენა და სული მოებრუნებინა, როდესაც იმის წისქვილის კარზე ურმების ჭრიალი იდგა და სავსე საცალოები შეჰქონდათ და გამოჰქონდათ. გოგია თანდათან გაიტაცა ამ მოგონებამ და სულ დაავიწყდა ეხლანდელი დრო. ესმის გოგიას, რომ დატვირთული ურემი ჭრიალით მოადგა კარს. აგერ, ტომრების შემოტანაც უშველა და მინდის აღება დაიწყო. მერე, რამოდენა მინდს იღებს?! თითქმის ერთი დიდი სიმინდის კასრი აავსო და გაბრწყინებული დასცქერის. იმის სიხარულს საზღვარი აღარ აქვს. უხარიან, რომ ამ ზამთრის საგძალი იშოვა. იმდენი ერგო მინდში, რომ ზაფხულამდის მიჰყვება ეს და ზაფხულში-კი, ღვთის მადლით, ახალი მოვა. ხვიმირი კიდევაც აავსეს და ახლა ღარში წყლის მოგდება-ღა აკლია, რომ წისქვილმა მუშაობა დაიწყოს. გოგიამ ღარის თავიდან ჩქარა აიღო ფიცრები და მარქაფას ჩაუწყო, რის შემდეგაც წყალი ღარისკენ გაქანდა და... და... ცოტა ხანიც და ბორბალმა წყალი ააქაფა, ააშფოთა და წვრილსა და მსხვილ მბრჭყვინავ წინწკლებს წისქვილის ქვეშ გაბმით ფანტვა დაუწყო. სარეკი წისქვილის ქვაზე არაკრაკდა, რის გამოც კრიჭა ინძრევა და ხორბალს, თითქოს სთვლისო, მარცვლობით ქვის ყელში ჰყრის. ქვა-კი გუგუნებს, გუგუნებს და ყოველ დაგუგუნებაზე საფქვილე პირიდან ბღუჯა-ბღუჯა ფქვილი გადმოდის და ალაში სრიალი ჩააქვს. ქვის გუგუნი, სარეკის რაკრაკი და წყლის შუილი ერთად ერთდებიან და ერთგვარი ხმა გამოისმის, რომელმაც გოგიას გულში განუსაზღვრელი სიხარული აღძრა. ღმერთო, რამდენი ხანია, რაც გოგიას ეს სანატრელი ხმა აღარ სმენია!.. ეხლა ასმინე და აგერ, როგორ აღტაცებით სულგანაბული უსმენს ამ ნეტარ ხმას, და აღტაცებისაგან თვალთ ცრემლი მოსდის... - გოგია!.. - ამ დროს დასძახა ერთმა პარკ-აკიდებულმა შუა ხანში შესულმა კაცმა, რომელიც ის-ის იყო წისქვილში ხელების ფშვნეტით შემოვიდა და გოგიას თავს წაადგა. - ჰა!.. საფქვავი მოიტანე?! - ჰო!.. - გვიან მოგერგება ჯერი, სხვაგან წაიღე, ვერა ხედავ, რამოდენა საფქვავია აქ?! - დაბნეულად წამოიძახა გოგიამ და თავი ისე ჩაჰკიდა. - რას ამბობ, კაცო, საფქვავი, აბა, სადა გაქვს?! - გაკვირვებით შეხედა გაყინულ წისქვილის ქვას და პარკი მოიხსნა.
1 / 3
წყარო: https://poetry.ge/poets/shio-aragvispireli/prose/9623.ade-chamovida.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა