
ნინო თარიშვილი
1904 – 1990
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური (სიბრძნისმეტყველების) ფაკულტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის განყოფილებები, მოგვიანებით კი სწავლობდა ამავე ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებასა და თბილისის უცხო ენათა კურსების ფრანგულ სექტორზე. მისი მრავალმხრივი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მოიცავდა მუშაობას ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში (1928–1930), პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა (1930–1939) და ფიზიკური კულტურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1932–1937). 1939 წლიდან ნინო თარიშვილი მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე, პარალელურად კი ლექციებს კითხულობდა თელავის (1940–1941), გორისა (1940–1941) და ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტებში (1942–1954). თარიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან, მათ შორის ჟურნალ-გაზეთებთან: „ილიონი“, „რუბიკონი“, „ბახტრიონი“, „ტრიბუნა“ და „ქართული მწერლობა“. მისი პოეტური მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ლექსების კრებულები „მზეში“ (1926) და „გვირილა“ (1980). ნინო თარიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯერ კიდევ 1923 წელს გამოაქვეყნა წერილი ნიკო ფიროსმანის შესახებ.