
ნიკოლო მიწიშვილი
1896 – 1937
ბიოგრაფია
დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ჯვარისაში (დღეს — ტყიბულის მუნიციპალიტეტი). 1903 წელს, შვიდი წლის ასაკში, შეიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის დამატებითი კლასის გავლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვანის რაიონის სოფლებში — ტობანიერსა და საჩინოში. თექვსმეტი წლის ჭაბუკმა, 1912 წელს, ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ პირველად გამოაქვეყნა ლექსი „მთებში“. შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა მისი მინიატურები და სტატიები. 1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს „გოლოს სალდატა“. 1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდა ცისფერყანწელთა ორდენს და მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან („მეოცნებე ნიამორები“, „პოეზიის დღე“, „ბახტრიონი“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“). 1921 წელს, ნიკოლოს რედაქტორობით, თბილისში დაარსდა გაზეთი „ფიგარო“. იმავე წელს გამოიცა კრებული „პოეტი გრუზიი“, რომლის შემდგენელი და რედაქტორი მიწიშვილი იყო. 1922 წელს, თბილისში გამოიცა პოეტის პირველი წიგნი „წმინდანიანი“. იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. მან რამდენიმე ხანი დაჰყო სტამბოლში, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი „შავი ვარსკვლავი“.