
ლადო ასათიანი
1917 – 1943
ბიოგრაფია
ლადო ასათიანი დაიბადა ქუთაისში, 1917 წლის 14 იანვარს პედაგოგების ოჯახში. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და გახდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. ლადო ასათიანის მშობლები: მელქისედეკ ასათიანი და ლიდა ცქიტიშვილი პოეტის დედა ლიდა ცქიტიშვილი ქართული ენის პედაგოგი იყო. ვიღაცის დაბეზღებით ის დააპატიმრეს, ციმბირში გადაასახლეს და უცხო მხარეში გარდაიცვალა. ლადო ასათიანის პირველი ლექსი რომ დაიბეჭდა, გაზეთი დედას გაუგზავნა. იმ დროს პოეტის დედა უკვე მომაკვდავი იყო. გაზეთს არ აძლევდნენ, მაგრამ ქართველი პატიმრების თხოვნის შემდეგ წაუკითხეს შვილის ლექსი. 1938 წლიდან ლადო საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში, რომელიც ოპერის მოპირდაპირედ მდებარეობდა. ამ პერიოდში გაიცნო ლადო ასათიანმა მომავალი მეუღლე ანიკო ვაჩნაძე, რომელიც ეკონომისტად მუშაობდა მწერალთა კავშირში. ლადომ ანიკო პირველად შემთხვევით ქუჩაში ნახა და ანონიმური სიყვარულის წერილი გაუგზავნა, რომლის ავტორის დადგენაც ანიკოს სამსახურში მწერლებმა მოინდომეს ხელწერის მიხედვით და რევაზ მარგიანმა ამოიცნო. ანიკომ წერილი დახია, რასაც შემდეგ ძალიან ნანობდა.