უკან დაბრუნება
კოტე მაყაშვილი

კოტე მაყაშვილი

1876 – 1927

ბიოგრაფია

პოეტის მამა, თავადი ზაქარია, ხელმოკლე მემამულე იყო. პოეტის დედა, ნინო აბელიშვილის ასული, თელავის მაზრის სოფელ ოჟიოდან იყო. ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ ხუთი წლის კოტე ყარსის ოლქში, დაბა სარაყამისში, გაგზავნეს, სადაც მისი უფროსი ძმები მსახურობდნენ. რვა წლის კოტე ისევ სამშობლოში წამოიყვანეს. ცხრა წლის ასაკში დაწერა პირველი ლექსი. ათი წლის კოტე ბიძამ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა. აქ მან ორი წელი დაჰყო. სათავადაზნაურო სკოლის მეორე კლასის დამთავრების შემდეგ კოტე თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში გადაიყვანეს. 1895 წელს გიმნაზია დაამთავრა და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1900 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად, თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა. 1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს. კ. მაყაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში - „ივერია“, „სახალხო გაზეთი“, „ისარი“, „საქართველო“, „ლომისი“, „თემი“ და სხვა. ჟურნალებში - „საქართველო“, „ფასკუნჯი“, „<პრომეთე“, „ლომისი“. 1914 წელს გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი და ერთადერთი კრებული „ლირიკა“.