უკან დაბრუნება
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია

1891 – 1975

ბიოგრაფია

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1913 წლის გაზაფხულზე კონსტანტინე გამსახურდია იძულებული ხდება დროებით სამშობლოში დაბრუნდეს. გიორგი ზდანოვიჩის და მისი მოადგილის კიტა აბაშიძის მზრუნველობით ამჯერად მას შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა და 1913 ოქტომბრიდან 1914 წლის მარტამდე სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1914 წლის ზაფხულში მწერალი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა იქაურ უნივერსიტეტში. გერმანიაში გატარებული დრო იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი მწერლის ცხოვრებაში, რამაც არსებითად განსაზღვრა მისი მომავალი შემოქმედებითი მიზანსწრაფვა. ამ დროისათვის კონსტანტინე გამსახურდიას უკვე აქვს დაწყებული აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი, ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. ასევე თანამშრომლობდა გერმანულ პერიოდიკაში. გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მწერალი პირადად გაეცნო და დაუმეგობრდა თომას მანს. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, კ. გამსახურდია დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ის თითქმის ერთი წელი იყო დაპატიმრებული, შემდეგ კი თომას მანის დახმარებით გაათავისუფლეს და კვლავ მისცეს გერმანიაში სწავლის უფლება. 1916 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ სწავლა გააგრძელა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. იმავე წლის ბოლოს იგი დაბრუნდა სამშობლოში, აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და პოლიტიკურ საქმიანობაში. მან მუშაობა დაიწყო გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, 1918 წელს გამოსცა ჟურნალი „პრომეთე“, რომლის ირგვლივაც შემოიკრიბა ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები. იგი იყო მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის მაისში ესწრებოდა ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების კონფერენციას, სადაც ჩაება გრიგოლ რცხილაძესთან კამათში ბორჩალოს, ახალქალაქის და ზაქათალის ოლქებში რეფერენდუმის გამართვის იდეის შესახებ.[6]