ივანე ყიფიანი
პოეზია

ტირილი ღამეში

ღამის ნაბადი გახუნდება ცივ ალიონით, დამთვრალ კაფეში მზის მოსვლამდის დამაყოვნდება. წამიღებს ფიქრი - ჭიქა ლუდით, - შავ ყალიონით და მთვარეულად ჩემი სახლი მომაგონდება. ისლით ნახური წაბლის ოდა - ლხენის ბანაკი, გიშრის ყანწებით ლალის ღვინო - სახე მზიანი, თავაზიანი იმერეთი და ფაფანაკი, ჩემი ოჯახი გულღია და ხალისიანი. გამოცოცხლდება ჩვენი ჭალა და თევზაობა, მთა ნაქერალის ზურმუხტებით გადანამწვანი, მარად ბრწყინვალე, ქედმაღალი ნათესაობა ცხელ ანდამატით შეჯაჭვული რვანი და-ძმანი. წინ მიგვიძღვება ვერცხლის წვერით მამა გიორგი, ღვთის მშობელივით თავს ვევლებით დედა მინადორს, და ჩემი სისხლი შრება ისე, როგორც იოდი, როდესაც თვალი ძვირფასებთან ვეღარ ბინადრობს. მომენატრება უცნაური, ჩუმი სოფელი, მარჯნის ვაშლები - ბავშვობაში ჩემი დარგული - და ავტირდები მე - მსოფლიოს უარმყოფელი - უცხო ქალაქში სასიკვდილოდ გადაკარგული.
წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/7794-ivane-ivi-kifiani--soneti.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ტირილი ღამეში | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში