იოსებ ნონეშვილი
პოეზია

კახეთი

ცივ-გომბორიდან სიმღერით სიცოცხლის გადასახედი მოსჩანს იისფერ ნისლებში კახეთი, ჩემი კახეთი. ღრუბლებში ამღერებული დგას ალავერდის ტაძარი, ფიქრივით მიმოფანტულა ნანგრევები და ნაცარი. იყალთოს დიდი ტაძრისა, იყალთოს სიბრძნის ტაძრისა, რომლის სხივებმა წინაპარს გზა მწუხრში გაუნათლისა. ცივ-გომბორიდან სიმღერით დილის მზის გადასახედი, ირმების გადასახედი, კახეთი, ტკბილი კახეთი. იქ დარჩა ჩემი ბავშვობა, სხვენზე პატარა აკვანი, დედის დარგული ნუშებით განათებული სახლ-კარი. მთვარეში ჩალის შრიალი, ალაზნის ტკბილი დუდუნი, ერთი მტკაველი ქალაქი, გალავნით შემოზღუდული. როცა ხვალისთვის მზრუნველი მეზვრე ქვევრისპირს მიწვება, ყანწის და სავსე ქვევრების გაბაასება იწყება. ცივგომბორიდან სიმღერით სიცოცხლის გადასახედი, ირმების გადასახედი, კახეთი, ჩემი კახეთი.
წყარო: https://www.aura.ge/315-leqsebi-dedaze/3442-ioseb-noneshvili--deda.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    კახეთი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში