პოეზია
არაფერს არ გთხოვ
არაფერს არ გთხოვ ღირებულს ძვირად,
ჩემო ძვირფასო, მხოლოდ მსურს გულით,
ჩემს ახლოს იჯდე მდინარის პირად,
როცა ის მოქუხს აქაფებული.
იჯდე და დიდხანს განმარტოებით,
ვნება ფარულად გულს ახურებდეს,
ასკილისა და მაყვლის რტოები
თავზე მდუმარედ გადმოგვყურებდეს.
და იმ დროს მწვანე შემოგარენიც,
ჩვენს სულთან ერთად ჩყმად მღეროდეს,
ვერ გაგვებედოს სათქმელი ჩვენი
და თვალი მხოლოდ ცქერით ტკბებოდეს.
ტკბებოდეს, მაგრამ ნათელი სევდა,
ერთი წუთითაც არა ქრებოდეს,
არც არაფერი გვიშლიდეს ხელს და,
არც არაფერი გვენანებოდეს!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა