ილია ჭავჭავაძე
პროზა

უცნაური ამბავი

- ბიჭო-და, აქ რომ ზიხარ და ჩაჰყუდებიხარ მაგ წიგნებს, - რა გამოდის? ტანთ შენ არ გაცვია და ფეხთ, მშიერ-მწყურვალი გდიხარ ამ ნესტიან მიწურში, მითამ რაო? - ეუბნებოდა ერთი ყმაწვილი კაცი მეორეს, რომელიც ერთ კარგა მოზდილ მიწურის დარბაზში გვერდით ეჯდა და შუბლშეკრული იყურებოდა. - ჩემო კარგო დავით, - უპასუხა მეორემ იმ საამურ დაწყნარებით და დინჯობით, რომელიც თითქმის უტყუარად მოასწავებს ხოლმე ჭკუადამჯდარს და რწმენის კაცს: - სად წავიდე? შენ არ იცი, ეს მიწური ჩემთვის რა განძია. ეს ერთადერთი ქონებაა, მამიჩემისგან დარჩენილი, და გინდ დამცინე, სხვაგან სამოთხეს მირჩევნია. სად არ ვიყავ, მაგრამ გულმა მაინც აქეთ წამომიღო. საწყალი მამაჩემი, შენც იცი, ერთი ღარიბი, მაგრამ მეტისმეტი პატიოსანი მღვდელი იყო ამ სოფელში. დედიჩემის შემდეგ დიდხანს ვეღარ იცოცხლა და თან გადაჰყვა. ეს მიწური, სადაც ჩვენა ვცხოვრობდით, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე, სადაც ჩემი პატარაობა გავატარე, სადაც თვითვეული მტკაველი ან დედას მაგონებს, ან მამას, - ეხლა მამაჩემიც არის, დედაჩემიც, ჩემი ძმაც და ჩემი დაც. ხომ ობოლი ვარ, არც და მყავს, არც ძმა, არც დედა, არც მამა, არც არავინ სხვა ვინმე მახლობელი, მაგრამ მე მარტოს ამ მიწურში თავი ისე მგონია, ვითომც ყველანი ესენი გარს მახვევიან-მეთქი. აი ეხლაც ისე მგონია, რომ მე პატარა ვარ, დედაჩემი იქ თაროსთან რაღასაც ჰფუსფუსებს და მამაჩემი ტახტზე მოკეცილია, ცხვირზე ძველებური დიდი სათვალეები წამოუცვამს, აგრე ცხვირწაჭირებული წიგნსა კითხულობს და მე კალთაში უზივარ. ესენი რომ მაგონდება, ვტკბები ადამიანურ გულისძგერითა. დამიჯერე, ამ სიამოვნებასა თავისი ფასი აქვს ქვეყანაზედ და უსასყიდლოდ არავის ეძლევა. აქ ეს ჩემი სიღარიბე არაფრად მიმაჩნია და ვინ იცის, სიმდიდრე მომცემს თუ არა ამ სიამოვნებას. - შე კაი კაცო, სემინარიაში პირველი შეგირდი შენ იყავ, ჩვენს დროს შენზე უკეთესად სემინარია არავის გაუთავებია, მერე ხომ უნივერსიტეტშიაც წახვედი, ორი წელიწადი იქა სწავლობდი, - ნუთუ მარტო იმისთვის, რომ აქ, ამ ყრუ ადგილას, მოსულიყავ და სოფელს მწერლად დასდგომოდი. - უნივერსიტეტში წავედი, მაგრამ ვერას გავხდი. - თუ შენც ვერას გახდი, სხვა ვინღა რასმე გახდებოდა. შენი ჭირიმე, შექცევას და ქეიფს მოუნდებოდი!... შენი ამბავი განა არ ვიცი: იქაც დღედაღამ წიგნებიდამ ხომ თავს არ აიღებდი, როგორც აქ. - ვერაფერს გავხდი-მეთქი, დამიჯერე, სიღარიბემ არ დამაყენა. სხვა ქვეყანაში სიღარიბე ძნელი ასატანია და ცარიელი დავბრუნდი უკან. თუ რამ ორიოდ გროშსა ვშოობდი, ამ წიგნებს ძლივს გავაწვდინე. დავითმა ძალაუნებურად გადახედა ორპირს გძელს თაროს, წიგნებით ძალზე ჭედვით არიგებულ-ჩამორიგებულს. - სავსე თარო წიგნებითა და ცარიელი მუცელი - არა მგონია, ბევრს რასმე შველოდნენ ერთმანეთსა. - რად ამბობ მაგას? მე აქ სოფლისაგან თუმანი მაქვს თვეში და, წარმოიდგინე, მყოფნის. ან რა არის სიღარიბე და სიმდიდრე? ვხედავ, ერთს ბევრი აქვს, მეორეს ცოტა, მაგრამ ჩემის ფიქრით, ამითი არ უნდა ირჩეოდეს ღარიბი მდიდრისაგან. საქმე ის არის, სურვილი ქონებას არ გადაამეტო. მე მგონია, - ღარიბი არ არის, ვინც ნდომობს იმას, რაც ეშოვება და არა მეტსა. მეტის მდომი მდიდარიც ღარიბია. - მაგ ფილოსოფიას, ჩემო სოლომან, დღეს გასავალი არა აქვს, ბევრს მუშტარს ვერ უშოვი. - მე კანონს ცხოვრებისას სხვას არ ვუწერ. მე ეგ ფილოსოფია ჩემთვისა მაქვს და, ხომ ჰხედავ, არც არავის ვემდური, არც არავის ვემუნათები, არც არავის შევჩივი, ვარ ჩემთვის კმაყოფილი. - არა მგონია კმაყოფილი იყო. მაგდენი გისწავლია, მაგრამ კიდევ სწავლობ, და ნუთუ შენისთანა კაცისათვის სოფლის მწერლად ყოფნა კმასაყოფელი საქმეა? მაგას ხომ უბრალო, უსწავლელი დიაკვანიც თავს აუვა. - ეგ სხვა ამბავია. აქამდის შენ ხორცზე მელაპარაკებოდი, ახლა სულისა და გულის საქმეზე მიმახედე. აქ, იქნება, შენ მართალიც იყო. სოფლის მწერლობა მეტად პატარა საქმეა, მაგაზე მოცდენა დროს დაკარგვაა მომზადებულ კაცისათვის, - მხოლოდ მომზადებულ კაცისათვის კი. მე კი, სწორედ გითხრა, ჯერ კიდევ ვემზადები. - ამოდენა ხანს იმდენად როგორ ვერ მოემზადე, რომ ერთი ბავშვი მაინც ჩაიბარო და კაცად გამოიყვანო. საქმე საქმეს მაინც ეგვანებოდა, სხვა არა იყოს რა. - აი, ნეტავი, შენის დღეგრძელობით, ეგ შემეძლოს და უკეთესს საქმეს მე ვერ ავიჩენდი. უნდა გითხრა, ჩემო დავით, ჩემი სიზმარი ცხოვრებისა, დიაღ, სწორედ სიზმარი, მარტო ეგ საქმეა. ბევრსა ვცდილობ წიგნით, ხილვით, თუ სმენით, რომ წრთვნა ყრმისა ვისწავლო, შევიგნო და მაგ, ჩემის ფიქრით, უდიდესს საქმეს ისე მოვკიდო ხელი, ისე ვემსახურო.
1 / 5
    უცნაური ამბავი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში