ილია ჭავჭავაძე
სხვა

უტიფარი ხარ ბერბიჭაშვილო

1941-42 წლებში თბილისში, უმაღლესი სასამართლოს დახურული კარის მიღმა ჭავჭავაძის მკვლელის, გიგოლა ბერბიჭაშვილის გასამართლება მიმდინარეობდა. ამ სასამართლო პროცესს საზოგადო მოღვაწე ვარლამ ძიძიგური დაესწრო. 1909 წლიდან 1918 წლამდე ვარლამ ძიძიგური პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა რეგიონებში. იგი 1957 წელს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. ილია ჭავჭავაძის მკვლელის გასამართლება ვარლამ ძიძიგურმა ვრცლად აღწერა თავის წიგნში “მასწავლებლის მოგონებანი”. გთავაზობთ შემოკლებულ ვარიანტს ვარლამ ძიძიგურის მოგონებებიდან. თავს, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელის სასამართლო პროცესს ეხება, ჰქვია “ილიას მკვლელის გასამართლება”. ********************** ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება ის ათი დღე, 1941 წლის 25 დეკემბრიდან 1942 წლის 5 იანვრამდე, როცა თბილისში, უმაღლესი სასამართლოს დახურულ კარში ილია ჭავჭავაძის მკვლელის _ გიგოლა ბერბიჭაშვილის გასამართლება მიმდინარეობდა. ამ სასმართლოზე დასასწრებად სულ ორმოციოდე საშვი იყო და ერთი მათგანის მიღება მარგუნა ბედმა. საბრალდებო სკამზე იჯდა 64 წლის კაცი, საშუალო ტანის, გამხდარი, ფართო მხარ-ბეჭიანი, ხმელი და თხელი სახისა, ჭაღარა გიგოლა ბერბიჭაშვილი. სასამართლოს თავმჯდომარის პირველი კითხვა იყო ბერბიჭაშვილისადმი: – სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? – იმდენად, რამდენადაც…_ და მოჰყვა ბერბიჭაშვილი წილადობილას… – ჩანს, არ გინდათ თქვათ არც კი, არც არა! გვიამბეთ თქვენი თავგადასავალი, თქვით, რისი თქმაც გინდოდათ! _ მე ადრე დამეხოცნენ მშობლები, ვცხოვრობდი ბიძასთან. ის მამადლიდა ლუკმა-პურს. ავდექ და გავიქეცი მისგან. შევეკედლე ტყეში რამდენიმე კაცს, ტყეს წვავდნენ, ნახშირს ამზადებდნენ და ქალაქში დაჰქონდათ გასაყიდად. ერთი ვირი ჩამაბარეს, დავტვირთავდი ამ ვირს და ტყიდან ხაზეინების ნახშირს ვზიდავდი გასაყიდად. თბილისში ზემელთან ერთი პატარა დუქანი იყო. იქ ერთი კაცი მომცემდა პროკლამაციებს, ჩავაწყობდი იმ პროკლამაციებს ნახშირის გილდეში, ზემოდან რამე რუმეებს დავაყრიდი და ისე მიმქონდა ტყეში; იქიდან ჩუმ-ჩუმად ვურიგებდი გლეხებს ამ პროკლამაციებს. მე პარტიზანთა რაზმის წევრი ვიყავი, წითელი პარტიზანელის მოწმობა მქონდა. 1905 წელს დამიჭირა პოლიციამ და დუშეთის სამაზრო ციხეში დამამწყვდია. ციხე გავტეხე და გამოვიქეცი. ამის შემდეგ ტყეში ვიმალებოდი. ერთხელ, ეს იყო 1907 წელს, ტანისამოსი დამეფლითა, ახლის შესაძენად ჩუმად მინდოდა ჩამოვსულიყავი თბილისში და საგურამოზე გამოვიარე. საღამო იყო. გზაში შემხვდა ერთი ჩემი ნაცნობი _ ხიზანიშვილი. მითხრა: ამაღამ ილია ჭავჭავაძის სახლის ზემოთ, ტყეში, რამდენიმე კაცს კრება გვაქვს და დაგვესწარიო. არ მინდოდა, მაგრამ ძალით წამიყვანა. კრებაზე 10-12 კაცი იყო. თავმჯდომარეობდა ვიღაც ჯაში. როგორც გავიგე, ეს კაცი ილია ჭავჭავაძის მოურავი ყოფილა. მან წაიკითხა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ გაზეთში დაბეჭდილი წერილი. ჯაშმა თქვა: – მე დღეს ვარ აქ და ხვალ არა და მაინცდამაინც არ მენაღვლება, მაგრამ თქვენ აქაურები ხართ, ვერსად წახვალთ და კნიაზ ილიას წვალებას მანამ ვერ გადაურჩებით, სანამ მას არ მოკლავთო. მოკალით და მოისვენეთ, მისი მოკვლა რა დიდი საქმეაო. _ რა დროს ამოიყვან თბილისიდან კნიაზსო? _ ჰკითხა მან იქვე მყოფ ილიას მეეტლეს აფციაურს. _ ნაშუადღევის 1-2 საათზე, _ მიუგო მან. _ წიწამურში რა დროს იქნებით? _ დაახლოებით 12 საათზე. იქნებ უფრო ადრეც. კარგად არ ვიცი, რა დროს წამომყვება თბილისიდან კნიაზი. ეს კი ვიცი, რომ დილით უნდა წამოვიდეს და ადრე მისვლა შემომითვალა. გადაწყდა ილია ჭავჭავაძის მოკვლა. ხუთი კაცი აირჩიეს, მათ შორის მეც. მე უარზე ვიყავი: – თქვენი კნიაზია და თქვენ უნდა მოკლათ, მე რა მესაქმება-მეთქი. ძალათ ჩამაბეს ამ საქმეში. იმ ღამეს წიწამურის ზემოთ ვივახშმეთ ერთ ოჯახში. ღამე წიწამურის ტყეში გავათიეთ. გავინაწილეთ ის არე-მარე, სადაც ილია უნდა მოგვეკლა, საიდანაც ილიას მეეტლე ეტლს ჯერ მძიმედ წამოიყვანდა და შემდეგ შეაჩერებდა. სამი კაცი მაღლა უნდა გადამდგარიყო ეტლის გაჩერების ადგილას; მე და ერთი კაციც დაბლა უნდა ვმდგარიყავთ, რომ არ გაგვქცეოდა. გათენდა. ცოტა დააგვიანდათ მგზავრებს. მგონი, პირველ თუ ორ საათზე გამოჩნდა ჭავჭავაძის ეტლი _ თოფები გავარდა და კნიაზი ეტლიდან გადმოვარდა. მე ზევით ვისროლე. _ მართალი თქვი, შენგან გასროლილი ტყვია მოხვდა ილიას გულსა და შუბლში, შენმა ტყვიებმა განგმირა ილია? ჩვენ ამის ჩვენება გვაქვს: 1907 წელს გასამართლებულმა შენმა ამხანაგებმა დაწვრილებით თქვეს ყველაფერი; ისინი არ უარყოფენ იმას, რაც თვითონ ჩაიდინეს, და არც იმას, რაც სხვებმა, მათ შორის შენ რაც გააკეთე. _ ჭავჭავაძე რომ გადმოვარდა ეტლიდან, გადმოუვარდა სათვალე და საფულე, მე საფულე ავიღე და იქვე ივანიშვილს მივეცი. საფულეში 600 მანეთი იყო. მე ფული არ წამიღია. _ ჭავჭავაძის მეუღლეს _ ოლღა ჭავჭავაძისას _ ვინ ჩაუმტვრია ცხვირ-პირი თოფის კონდახით? _ ჩაუმტვრიეს, კი, მაგრამ ვინ _ არ დამინახავს!
1 / 3
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/creation

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა