ილია ჭავჭავაძე
პუბლიცისტიკა

ცხოვრება და კანონი

რაც უნდა მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღწვოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას. თუ არ თვითმართველობის მინიჭებითა.სხვას რაღა ეთქმის… ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ. მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავგადადებით, თავგამომეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმაპური ძლევამოსილებაა მისის მხნეობისა, რომისმოყვარეობისა. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისთვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ატრულობს და არა სწამს ხვალე. ერთი სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის «ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო», უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. რაც სხვისაა, ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, ეგ ჩემი უფლებაა. უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, აიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ, ვინც ამბობენ, რომ მომქმედთა კანონთა უვარგისობა, თუ სიკეთე, თითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო. რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით; ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. ამისი მაგალითი თვით ჩვენი ქვეყანაა. ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვად გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება… ქვეყნიერობაზედ მართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყები და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია, ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არის პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.
1 / 3
წყარო: https://burusi.wordpress.com/