სხვა
წიწამურის მიწა
“ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ…”
ვაჟა-ფშაველა. 1907 წ.
ეტლი საბურთალოს გასცდა თუ არა, ილიამ შვება იგრძნო… თითქოს ქალაქის უხილავი არტახები ჩამოიცილა. მაგრამ ახლა თვალებზე ლიბრად დაედო ზოლებ-ზოლებად შეღებილი საყარაულო… შიგ გაშეშებული, ჩექმებში ჩამდგარი სხეული. მხარიღლივ დაგორგლილი ფარაჯა დასდებოდა, ზევით კი მხოლოდ ხიშტი უჩანდა. სახე ვერ შეუმჩნია ილიამ… იქნებ არც ჰქონდა სახე… და მის მაგივრად დაფაფრული ორთავა არწივი იყო.
ილიამ სახე იბრუნა.
– გარეკე! – შეუძახა კოფოზე მოგუდულად მჯდარ მეეტლეს.
ლაბაურმა სადავეები უნდილად ამოკრიფა. თეთრა ცხენებმა მუხლი გაშალეს. ეტლი გაბმულ-ამღერებულად ახმიანდა გზატკეცილზე.
ილიამ ღრმად ამოითქვა სული, ქუდი მოიხადა და მოძლიერებულ ქარს შუბლი შეუშვირა. მაღლა, ჯერ ცას შეჰხედა, მერმე მთებს. მის მახვილ თვალს არაფერი გამოჰპარვია, არც მზეჩაკრული ღრუბლების უსაზღვრო ლტოლვა, არც შეტრუსული მთა-გორაკები… არც გზის პირას შეყუჟული, გამტვერილი ბუჩქები.
გვერდზე მჯდარი მეუღლის ფაფუკი ხელი იგრძნო:
– აბა, ქვევით გაიხედე!… შენ გიყვარს…
ეტლი მოხვეულ თავქვეზე დაეშვა და მტკვრის პირს სულ ახლო მისწვდა. ხედი ჩრდილდაკრულ ვერცხლისფრად გაიშალა და უეცრად ალივლივდა.
გზის ქვევით ვიწრო რიყე იყო.
რიყეზე მეთევზე იდგა და მარცხენა ხელით სასროლი ბადის ლანძვებს, ჩანგის სიმებივით, თითებში იკრეფდა, იმარჯვებდა. სველი სამოსი ტანზე შემოსწუროდა და ბრგე მხრებსა და კუნთოვან წვივებს უტვიფრავდა.
ილიას სახეზე სიამისა და ცნობისმოყვარეობის იერმა გადაჰკრა. ხელი წასწია, მეეტლის ნაცვლად თავის ერთგულ დარაჯს – იაკობს შეეხო… მაგრამ იაკობმა ხელად იაზრა და ლაბაურს ეტლი სულ ახლო, გზის კიდესთან მიაყენებინა.
მტკვრის გულისხმაში წასულ მეთევზეს არც გაუგია ეტლის მოსვლა. ახლა კბილებში მოიგდო ბადის კიდე, ორიოდე ნაბიჯით, წყალჩაყოლებით, ჩასცდა ეტლსა და ბადე ჰაერში ფართოდ გასტყორცნა.
ილიამ თვალი გაჰკრა ჰაეროვან კალოსავით გაშლილ ბადის ლანძვებს, ბედისიქითა მტკვარს, ქვევით ატეხილ-ჩატეხილად გამომზირად ტფილის-ქალაქს, მის სევდიან შემოგარენს… თვალის ერთ ხამხამში ყველაფერი ბადეში გახვეულად ჩანდა… მერმე ბადე წყალს გაეკრა, მტკვრის ტალღას ვეება ბადიმივით გადაეფარა, თითქმის უხილავი ჭადრაკული კვალი დააჩნია და ჩაიძირა.
– წყალ-ხმელეთავ, ჩემს ბედზე იყოს! – გადასძახა უკვე გულშეძგერებულმა და მოხიბლულმა ილიამ.
მეთევზე ძირა თოკის რხევა-რხევით მიჰყვა ბადეს, ოდნავ შემობრუნდა და შენამული თავ-ქოჩორი ჩაუკრა:
– ეგრე გახლდეთ… მგზავრო-ბატონო! – ბადის თოკი დაოკებული ილეთით მოიმოკლა და მოიზიდა.
– ილიას ყველაფერი დაავიწყდა… გადმოწეულმა, მარჯვნივ გადმოსძალა ეტლი, სახეზე წამოწითლდა, მარცხენა ლოყაზე ხალი აუთრთოლდა… ოლღას მოსიყვარულე თვალს არ გამოჰპარვია მისი ილიკოს “ხალის ციმციმი” – უტყუარი ნიშანი უაღრესი გატაცებისა.
მტკვრის სიღრმიდან კი ბადის კუშტული ჯერ სახნისივით ამოცურდა, მერმე აფრის სამკუთხედად გაიზარდა… ბოლოს უბე-კალთები მოიყარა.
რიყეზე ჯერ ლიფსიტები და წვრილ-თევზები აშხვართალდნენ, მერმე კი ბადის ლანძვებში მოზრდილი ჭანარებიც მოქნეული ხანჯლებივით აბრძოლდნენ.
ილიამ გულის ჯიბეზე გაიკრა ხელი, ჯერ საათი, მერმე სათვალე მოებორკა. მცირე ჯიბესაც მიაგნო და წვრილი ვერცხლი, რაც აღმოაჩნდა, მუჭით გადააყარა ჯერ გაუშლელ ბადეს.
ახლა, თევზებთან ერთად, ვერცხლის ფულიც აწკრიალდა და აკიაფდა რიყეზე.
– შენ გიშველა ღმერთმა! მაამე!.. ახლა გაუშვი, გეთაყვა! ისევ წყალში გაუშვი თევზი! სიცოცხლე ჩვენც გვწყურია და მაგათაცა!..
– ვაჰ! – გაიკვირვა მეთევზემ. – აჰანდე, შენი ჭირი წაუღია! – ცალი ხელით თევზებს დაუწყო წყალში ყრა, მეორეთი კი ვერცხლის ფულებს ჰკრეფდა.
– წუთისოფლის მგზავრო,შენ ქაღალდის მოთამაშე რამე ჩანხარ!
– ჰო, ქაღალდისაც და წიგნისაცა! – ჩაეღიმა ილიას და უკანასკნელ თევზს თვალი გააყოლა. თევზი ვერცხლის მცირე ცისარტყელასავით გადაეწერა მტკვრის თავს და მორევში შთაინთქა… მტკვარჩაყოლებით კი ისევ ატეხილ-ჩატეხილი ტფილის-ქალაქი შერჩა თვალწინ… მაგრამ, ჰოი, უცნაურობათ… ტფილისი ისევ ბადეში ჩანდა!.. წეღან თვალშესწრებული სურათი ისევ უძრავად და გამოტვიფრულად ედგა წინ… “აი ეს თუ არის სიბერე!.. თვალის მოდუნება და ჭირისუფლის გრძნობა-დარდის გამახვილება!.. მაგრამ მე, აბა, სად მცალია სიბერისათვის?.. და მაინც…
ამ ბოლო დროს გულის ფრიალივით შემოჩვეულმა ფიქრმა ერთი შავი კენჭიც გადმოუგორა. ი”ერთიც ვუნახოთ, ეს წლოვანი კაცი უკანასკნელად ვხედავ ტფილისს?.. ნუთუ ასე ბადეში გაბმულად უნდა დამრჩეს?”
ქარმა მტვრის ბოლქვი დააგორა გზაზე… ოლღამ ხმა მისცა თავის ჩაფიქრებულ ქმარს… მეთევზეც რაღაცას ეუბნებოდა…
– ჰო… ხეირი ნახე… ხეირი! – ილია შემობრუნდა და ახლა მეეტლეს აუქნია ხელი. ცხენებმა გაიწიეს გზისაკენ.
ცოტა ხნის შემდგომ სათვალე მოძებნა ილიამ. მისი ზონარი რომ მოზიდა, თითქოს ბადის თოკს ეწეოდა… ნაჩქარევად გაიკეთა და ჯმუხა ტანით ერთბაშად უკან მობრუნდა… მაგრამ მოსახვევი გავლილი იყო და ტფილისი აღარ ჩანდა.
1 / 10
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა