ილია ჭავჭავაძე
პოეზია
1860

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყივჩაღის ცხოვრებიდან

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები. შოთა რუსთაველი. სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა, — და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი ალაზნის ველზედ წამოიხარა. ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი, მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა, მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი იმის სხივებთან მუსაიფობდა. შორნი მნათობნი მოკამკამენი იმ მწუხარს ღამეს მხიარულობდნენ, მდუმარს ქვეყანას, ვით საყვარელნი, სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდნენ. და იმ მნათობთა სხივის ალერსით ველს მშვენიერსა ჩასძინებოდა, მხოლოდ ნიავი მთისა — მოლხენით ტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა. და ალაზანი შეუპოვარი ჰჩიოდა, თითქო კაცს ემდუროდა, მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა. ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა, თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა!.. მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა, და ნაღვლიანად მასზედ მეურმე მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა. ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს, მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი, მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს, უკუ-ჰყრის კიდეც ვით ღრუბელს ქარი. მიდის ურემი და უეცრადა ვიღაცამ ტყიდამ ასკუპა ცხენი, მოვარდა იგი ურემს მედგრადა, მჭმუნვარე სახის ამაყად მჩენი. — ვერ მიმასწავლებ კუდი – გორის გზას? — ჰკითხა თამამად მან მეურმესა. — რატომ ვერ, ძამო! აგერ აიმ მთას მარჯვნივ აუხვევ და გახვალ ხევსა, ერთი საურმე გზა დაგიხვდება; იმ გზას დაადეგ, წადი, — და როცა ცხვირწამოწვდილი მთა შეგეყრება, ის მთა იქნება კუდი-გორაცა. იქ რა გინდა შენ? — ჰკითხა მან ბოლოს, როს გაათავა გზისა სწავლება: — იქ საფრთხე რამე არ დაგემართოს, ბღაჭიაშვილი იქ იმყოფება. მე, როგორც ვხედავ, შენც კი გაქვს მკლავი, ბევრს შენს ტოლს ბიჭს არ დაუვარდები, მაგრამ მაინც თუ გებრალვის თავი — ბღაჭიაშვილს ნუ დაენახვები, ნურც დაანახვებ შენს ქურანს ცხენსა, თორემ ის ბიჭი განანებს ბევრსა! მალია, როგორც ხირიმის ტყვია, და ტყვიასავით დაუნდობელი; თუ სისხლი ჰმართებს, ისა სჯობია, შეარჩინო და აიღო ხელი. — შენ ფიქრი ნუ გაქვს!.. მეც იმას ვეძებ, მეც მისებრ, ძმაო, მიღრინავს გული; როგორც ის ცხოვრობს, ისე ვიცხოვრებ, ამ დღითგან თავზედ ხელაღებული! — და, რა სთქვა ესა, მოხდენით ცხენი მოსხლიტა უცებ ლაზათიანმა; გაფრინდა ცხენიც ვით შავარდენი, და მის ფეხის ხმას ხმა მოსცა მთამა. თითქო შენატრდა იმას მეურმე, „ახ, ნეტავი შენ!„ — წაიდუდუნა და, გაიქნივა რა თავი მერმე შურით, ხარს შოლტი გაუტყლაშუნა, და მერმე ისევ უფრო მწუხარედ თვისი სიმღერა დაიღუღუნა. კუდი-გორასთან ერთი ტყე არი, — უწინ ყაჩაღის იყო საფარი, — საშიში, ბნელი, გულდახურული, შეუვალი და წამობურული. იქა ცხოვრობდა ბღაჭიაშვილი კაკო, ყაჩაღად გამოვარდნილი. მთვარე ჩასული იყო დიდ ხნისა, როცა იმ ტყეში, ერთ ხის ძირასა, ფრთხილად ეძინა ბღაჭიაშვილსა, ბედისგან მწარედ განაწირალსა. მის შორი-ახლო ლამაზი ცხენი კაზმ-მოუხდელი სძოვდა ბალახსა, და მას ფოთოლნიც მოშრიალენი ხშირად უფრთხობდნენ მოსვენებასა. უეცრად შეჰკრთა, აცქვიტა ყურნი, თავი აიღო და გაიხედა; მერე ტირილით იწყო ფრუტუნი და ერთს ალაგსა ზედ დააცქერდა; დიდ ხანს უცქერდა და, რა მოესმა თავისის მოძმის ცხენის ფეხის ხმა, ვერ მოითმინა, დაიხვიხვინა და პატრონს ძილი დააფრთხობინა. წამოხტა კაკო ლომივით ზეზე, თოფი მოზიდა და შეაყენა და, რა იხილა მხედარი ველზე, შეჰკივლა: „მითხარ, ვინა ხარ შენა? რისთვის მოსულხარ, — მოყვრად, თუ მტრადა?“ მხედარი — მოყვრად, გულფიცხო, იყავ მშვიდადა. კაკო — თუ მოყვარე ხარ, მაშ გამარჯობა! კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. მხედარი — ამინ!.. შენ არ ხარ ბღაჭიაშვილი? კაკო — დიაღ! გახლავარ!.. რა გნებავს შენა? მხედარი — შენთან სიცოცხლე, შენთან სიკვდილი, შენთან ყოფნა და შენთან დარჩენა. კაკო — მომწონს ეს სიტყვა… შენც მომეწონე და ამისთვისაც გენდობი შენა. მხედარი გულს გული იცნობს და ღონეს — ღონე, მენდე, გაგიყო ჭირი და ლხენა. კაკო — ხოშ-გელდი, ძმაო!.. მე ვარ მდიდარი, ამ ტყეში მარტო მე მაქვს მეფობა; გაშლითა არის ჩემი სახლ-კარი, და ვერას მაკლებს აქამდინ მტრობა. ყოველ ხის ძირას ჩემი სახლია, სად მიღამდება, იქ მითენდება; თუმცა ბევრი რამ მე აქ მაკლია, მაგრამ აქ ჭირიც მიადვილდება… უსახლკარობა, შიში, შიმშილი, მარტოკა გდება მხეცივით ტყეში, კურდღელსავითა ფხიზელი ძილი და იარაღი დღე-და-ღამ ხელში, — მართალია, ძმავ, კაცს მოსწყინდება ძუნწი ცხოვრება ეს დასაღონი, მაგრამ იქ ყველა გვიადვილდება, სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი ბატონი!.. მე თანა მყვანან რკინისა ძმები: ჩემი სიათა, დამბაჩა, ხმალი… არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები, მინამ მაქვს მკლავი თავისუფალი
1 / 5
წყარო: https://poetry.ge/