პუბლიცისტიკა
ქვათა ღაღადი (თავი მეხუთე)
ეს ქება-დიდება სომხებისა ხომ ვნახეთ რა ოსტატობით ჩაუგონებიათ უცხო კაცისათვის სომხების მეცნიერთა, რომ ევროპას მოჰფინოს.
ახლა ყური დავუგდოთ, რა წკეპლებში გავუტარებივართ ქართველები. უამისოდ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რაღა სახსენებელნი იქნებოდნენ, ბარაქალას ვიღა ეტყოდა? კუტული ამბობს, რომ წარსული ქართველებისა ყოვლად უნუგეშო სურათს წარმოადგენსო. ღონემიხდილს ცუდის ქართველობით, ერთმანეთის შურითა და მტრობით, არა ჰქონია ერთი წუთიც მოსვენებული ცხოვრებაო.
მართალია, არა ჰქონია, მაგრამ არა მარტო იმ მიზეზებით, რომელიც არწრუნს და მის ლიბერალურს დასს ყურში ჩაუწვეთებია. ვისაც საქართველო დაუვლია და უჩხრეკია არა სომეხთა მეცნიერთა წინამძღოლობით, არამედ თავისით, ვისაც თითონ თავისის ღვაწლით უკვლევია საბუთები ქართველების წინანდელ ცხოვრებისა, ისინი არც ისე გვხვევენ მჩვარში, როგორც კუტული და მისნი შთამგონებლნი. პირიქით, გაკვირვებულნიც არიან – ამ პატარა საქრისტიანო ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭა ერმა, როგორ გაუძლო იმდენს ბრძოლას ბარბაროსებთან. „თუ ერთობ მხნე, თავგანწირული და მამაცი ერი არა ყოფილიყო ქართველობა, ეს შეუძლებელი იქნებოდაო“, ამბობს აღმოსავლეთის მცოდნე მეცნიერი დელორიე, თანამემამულე კუტულისა.
განა მარტო ეს ამბობს!.. ხოლო არწრუნს, ამ ძალიან განვითარებულს ფილოსოფოსს, ისე შეუკრავს და შეუბოჭავს საცოდავი კუტული, რომ დავთრები სულ მთლად დაჰბნევია, აღარც იქით მიუხედნია, აღარც აქეთ, მართლის გამოსაძიებლად და მარტო არწრუნს და მის დამქაშებს მისცემია თავით ფეხამდე.
კუტული თუმცა მთელი ორი თვე ბუკსა და ნაღარასა სცემს სომხების ქება-დიდებისათვის გაზეთს Temps-ში, მაგრამ ქართველებს არც წინანდლებს, არც ახლანდელებს, არა გვზოგავს, ძირიანად გვთხრის და ქართველების სახელგანთქმულს ვაჟკაცობასაც კი თითქმის უარობს. სომეხთა მწიგნობარნი და ფილოსოფოსნი დღეს-აქამომდე ვაჟკაცობას არ შეგეცილებიან, რადგანაც, იმათის აზრით, ვაჟკაცობა სულელობაა, გიჟ ვრაცუას საქმეა. აბა, თუ არ სულელი, ვინ გიჟი იქნება ტყვიას გული მიუშვიროსო, და ამ სახით ვაჟკაცობას, ვითარცა ჩვენის სულელობის ნიშანსა და საბუთს, ჩვენ გვითმობდნენ და არ გვედავებოდნენ. მაგრამ სჩანს უანგარიშიათ, რომ ასეთი ფილოსოფია მათი ვერ გასჭრის იმის თვალში, ვინც, როგორც კუტული, ეკუთვნის იმისთანა ერს, რომელსაც თავმოსაწონებლად, სხვათა შორის, თავისი ვაჟკაცობა მიაჩნია და სამართლიანადაც. აი მიზეზი, რად მოუწადინებიათ აქაც ჩვენის სახელის წახდენა კუტულის თვალში.
კუტული უმჟღავნებს ევროპას, რომ არაფერი არ მოიპოვება სასიქადულო საქართველოს ისტორიაშიო. ვთქვათ, იმ ორიოდე დღეში, რაც კუტულმა ტფილისში დაჰყო, ასე შიგჩახედვით გამოიძია და ისწავლა მთელი წარსული ისტორია საქართველოსი, რადგანაც კარგს მთქმელებს კარგი გამგონი შეჰხვედრიათ. ვაპატიოთ და შევუნდოთ მთქმელსაც და გამგონსაც მათი აშკარა ცუღლუტობა და ოინბაზობა. სჯობია ვიცოდინოთ, – რა წამოაყრანტალებინეს ამ საცოდავს ფრანგს ჩვენს დღევანდელ დღეზე მისმა ახლად მოპოებულმა მეგობრებმა. „ქართველები შეადგენენო გენერლების, მეურმეების და ჩალვადრების ნაციასაო“, ამბობს ბრძენთაგან გაბრძნობილი არამკითხე მოამბე. „თუმცა გენერლები ბევრი ჰყავთო, მაგრამ იმათი გენერლები გამოჩენილნი არ არიანო“.
როგორ მოგწონთ ეს ჩვენის გენერლების ჩაყენება მეურმეებისა და ჩალვადრების მწკრივში! ზემოთ ხომ ვნახეთ, რა საყვირით, რა ბუკ-ნაღარითა და რა თავმოწონებით ჩამათვლევინეს კუტულს სომხის გენერლები და აბა თუ ერთი ქართველი დაესახელებინათ გამოჩენილად.
ამას რად იზამდნენ? ეს ხომ ქართველების კაკალას ჩხრიალი იქნებოდა და მაშინ სომხების ბამბა ისე ვეღარ დააჩხრიალებდა, როგორც სომეხთა-ფილოსოფოსების სურვილია. რა თქმა უნდა, ჩვენს გენერლებს არც არწრუნის ქება ეჭირვებათ, არც კუტულისა და არც ჩვენი სარჩლი. ბაშკადიკლარი, კურუკ-დარა, ფარსი, დევაბოინე, ავლიარი, ბეგლი-ახმედი, არტიანი, ახალციხე, ჩოლოქი, მთელი დაღისტანი და ერთობ მთელი კავკასია იღაღადებენ მათთა სახელოვანთა საქმეთა და ამ ხმამაღალს ღაღადს ვერ დააჩუმებს ხრინწიანი წრიპინი და ჩხავილი სომეხთა გულნამცეცა მეცნიერებისა. მარტო იგი ჰხადის ღირსეულს უღირსად, ვინც თითონ უღირსია.
„თავად-აზნაურობა ქართველებისა გაკოტრებჟლიაო“, ამბობს კუტული. ქართველებმა არშიყობის მეტი არა იციან-რაო და მარტო სამსახურში შესვლას სცდილობენ, რადგანაც ეს ადვილი ხელობააო. ვაჭრობისა და ხელოსნობის ნიჭი არა აქვთო და თუ თითო-ოროლა ვაჭარი ჰყავთ, ისინიც-კი ფულს სომხურადა სთვლიანო.
საკვირველი არ იქნება დაეჯერებინათ, რომ ქართველებს საკუთარი თვლაც-კი არა ჰქონიათ. გლეხები საქართველოსი „ზარმაცნი და ლოთები“ არიანო. „ამათ ერთი მტკაველი მიწაც მებატონეთაგან არ შეუსყიდნიათო“, და სხვანი და სხვანი.
რასაკვირველია, აქ დაუმალეს კუტულს ის უეჭველი გარემოება, რომ ჯერ მაშინ ქართველს გლეხობას გამოსყიდული ჰქონდა თავიანთ მებატონეთაგან ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში მილიონნახევრის მამული, როგორც ამტკიცებს თვით მთავრობის ოფიციალური უწყებანი, ეს ამბავი თუმცა დიდი რამ არ არის, მაგრამ მაინც სომხების დელინგერებმა და ფილოსოფოსებმა საჭიროდ დაინახეს დაუმალონ ევროპელს და არ გამოამჟღავნებინონ საქვეყნოდ, – ვაი თუ ეს სიკეთე დავთარში ჩაუწერონ ქართველებს და ჩვენთვის რა სახეიროაო. ქართველების კარგი სომხისათვის ავია, ამ ვაჟბატონების აზრით. ამ სახით ტყუილი მართლად გაასაღეს.
1 / 4
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა