ილია ჭავჭავაძე
პუბლიცისტიკა

ქვათა ღაღადი (თავი მეცხრე)

„И Камни вопиют! Камни не лгут!..“ – იძახის გულგაფიცხებით ბ-ნი გოლმსტრემი. რა საბუკ-ნაღარო სიტყვებია, რა მაღალ ფარდებშია ადამიანის გრძნობის სიმთა ჟღერა, რომ ცეცხლმოსაკიდებელ აზრს ამ სიტყვებისას გულიც სავსე ჰქონდეს მართალითა და გამოფიტულს, ჭიანს ნაჭუჭს არ მოასწავებდეს. ასეა თუ ისე, ბ-ნი გოლმსტრემი, ვითომდა მართლა გამწვავებული და გულაღტყინებული სიმართლისათვის, გულში ხელს იცემს და გვეფიცება, რომ ღვაწლმოსილნი ქვეყნის წინაშე ურარტელნი, ძველისძველადვე ღირსებით და სიკეთით სავსენი, სომხები არიან და, მაშასადამე, ძველისძველი ისტორიული საბუთი გვეუბნება, რა დიდის ძალ-ღონის სულიერად, თუ ხორციელად წარმომადგენელია დღევანდელი სომეხი, ვითარცა სისხლ-ხორცი სახელოვან ურარტელისა. ამ ურარტელების სომხობას იღაღადებენ ქვები და ქვები ხომ ტყუილს არ იტყვიანო. ვნახოთ, მართლა ესეა, როგორც ამ შემთხვევაში მოზმანებია ბ-ნს გოლმსტრემს, თუ არა. ფრანსა ლენორმანი, რომელიც წინათაც ვახსენეთ და რომელიც დიდად გამოჩენილი და ყველასაგან ცნობილი სწავლულია და მცოდნე ძველად-ძველის ისტორიისა, დიდად სახელმოპოებული მკვლევარია იმგვარ საბუთებისა, რომელსაც წარმოადგენენ ლურსმულნი წარწერანი, ნამეტნავად ასურულ-ბაბილონურნი, საცა-კი აღმოჩენილან. სწორედ იგი ლურსმული წარწერანი ქვებზე, რომელთაც ბ-ნი გოლმსტრემი იღაღადებს სომხებისათვის, განსაკუთრებით გამოძიებულია ამ სახელოვან ლენორმანისაგან. სწორედ ეს ლენორმანი ამტკიცებს, რომ არმენია გეოგრაფიული სახელწოდებაა (ტერმინია) და არა ეთნოგრაფიული და ეს სახელი პირველად იხსენება აქემენიდების დროს, სახელდობრ მეშვიდე საუკუნის დასასრულ ქრისტეს წინათ. ჯერ სომხების, ესე იგი ჰაიკების ჭაჭანებაც არ იყოო იმ ადგილებში, რომელთაც კრებულს ასურული და ადგილისავე ლურსმული წარწერანი სახელს სდებენ „ნაირი“ და ბოლოს „ურარტს“ და ერს, იქ მკვიდრებულს, „ურარტელებს“ ეძახიანო. ჰაიკები, ჰაოსიანები (სომხები) მეექვსე საუკუნეს ქრისტეს წინათ შემოვიდნენ „ურარტს“ და ლურსმული წარწერანი-კი, რომელნიც ურარტელების ამბავს მოგვითხრობენ, ეკუთვნიან უფრო წინანდელს საუკუნეებს. სულ თავი წარწერა ეკუთვნის მეცხრე საუკუნეს ქრისტეს წინადო. აშკარაა, ქრისტეს წინათ მეცხრე საუკუნეზე ადრე ამოჭრილი ლურსმული წარწერა ვერ მოგვითხრობდა იმ ერის ამბავს, რომელიც გამოჩნდა მერე თითქმის სამს საუკუნეს შემდეგ. ქვანი იღაღადებენ განა, სომეხთა მეცნიერნო! ღაღადით კი იღაღადებენ, მაგრამ „სასმენთა კარნი მათთვის გშხობიათ“. თუნდ ეს მეცხრე საუკუნეც არ იყოს, როცა ქვებმა თავის გულზე დაიწერეს თვისი მიუდგომელნი და უტყუარნი ღაღადნი და როცა სომხები არც-კი გამოჩენილან. „ნაირთა“ ქვეყანა, რომელიც მერე ურარტად ცნობილია, ჯერ კიდევ ასურთა მეფის სალმანასარ პირველის და მერე თიგლათ-პალასარის პირველის დროს არის ხსენებული ლურსმულ წარწერებში და სალმანასარი მეფობდა მეთოთხმეტე საუკუნეს და თიგლათ-პალასარი მეთორმეტე საუკუნეს ქრისტეს წინათ. ყოველ ამის შემდეგ საბუთი გვაქვს თუ არა ვკითხოთ ბ-ნ გოლმსტრემს. იგი ლურსმული წარწერანი, იგი ქვები, რომელნიც მოწმად მოჰყავს, რა სასწაულით მოგვითხრობდნენ სომხების ამბავს, როცა მხოლოდ ექვსას-შვიდას და სულ ნაკლებ სამასის წლის მერმეთ გამოჩნდნენ სომხები ურარტის ქვეყანაში, საცა ურარტელები უკვე მკვიდრობდნენ და ებრძოდნენ ასურელთ მთელი ექვსი თუ შვიდი საუკუნე სომხების მოსვლამდე, და რომელთაც თუ ღვაწლი რამ მიუძღვით მსოფლიო ისტორიის წინაშე და თუ მაგარი ხასიათი, კულტურა, სულიერი და ხორციელი ძალღონე გამოუჩენიათ, თავისს სასახელოდ გამოუჩენიათ და არა სომხების საქებ-სადიდებლად. აშკარაა, იგი ლურსმული წარწერანი, რომელთ ღაღადს ვითომც ცეცხლი მოუკიდებია ბ-ნ გოლმსტრემისათვის და რომელნიც, მასისავე სიტყვით, მეცხრე საუკუნეზე უგვიანესი არ არიან, ურარტელების სომხობას საბუთად ვერ გამოადგება და აქაც იმავე ქარაფშუტა მეცნიერებას ვხედავთ, რასაც ყოველთვის, როცა კი სომხებზეა საუბარი სომეხთა ფილოსოფოსების და დელინგერებისა. „ფილოლოგიაო, – ამბობს ლენორმანი, – ეს ალგებრა ენათა ცოდნის მეცნიერებისა (ლინგვისტიკისა), როგორც მას უწოდებენ, ეს მეტად ძლიერი და მაღალი საშუალება, აღმადგინებელი ძველის ეთნოგრაფიისა, გვიმტკიცებს, რომ პირველნი მემკვიდრენი იმ მიწისა, რომელსაც არმენია ჰქვიან, ქრისტეს წინ მეშვიდე საუკუნის ბოლომდე იყვნენ იმავე ნათესავისა, რომელსაც ეკუთვნიან ქართველები და ზოგიერთი ახლანდელი ხალხი კავკასიისა. ეს სწორედ ის ძველნი მემკვიდრენი არიან, რომელთაც დაბადება (ბიბლია X, 3) უწოდებს „თოგორმ“ და რომელთაც არარიგი ერთობა არა აქვთ სომხებთან, ჰაოსიანთან. ამავე სახელს „თოგორმ“ სდებს არმენის მკვიდრთა ეზეკიელ (XXVII, 14, XXXVIII, 6) იმ დროს, როცა დიდი ნაწილი ლურსმულ წარწერებისა უკვე ამოჭრილი იყო ქვებზე, იმ წარწერებისა, რომელთაც აქამდის ვანის წარწერებს უწოდებენ“.
1 / 3
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/publication/3h-qvata-gagadi-tavi-mecxre

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა