ილია ჭავჭავაძე
პუბლიცისტიკა

ქვათა ღაღადი (თავი მეთორმეტე)

სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს, რომ სომხებისათვის, ვითარცა ჩაგრულ და დევნულ ერისათვის, გულმტკივნეულობს და ამისათვის ხმას იღებს საქვეყნოდ და უშიშრად. არც ჩვენა ვართ ისეთნი უგულონი, რომ არ ვიგრძნოთ სხვისა ტკივილნი, სხვისა ხოცვა-ჟლეტა, დარბევა და დაწიოკება და არ ვიცოდეთ ფასი და ღირსება ადამიანისა, როცა უბედურთათვის იღვწის და, თუ ხელს არა, ხმას მაინც აწვდის ნუგეშინისცემისას, სიყვარულისას. ჩვენ ისიც ვიცით, რომ მარტო გულწმინდად მიცემული ნუგეში, მარტო გულწმინდად გზად და ხიდად გადებული სიყვარულია იგი უზენაესი მადლი, რომელიც კაცს აიყვანს „მაღალსა მას მთასა წმიდასა, სადა გალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას“. ვწუხვართ, რომ საქმემ და სიმართლემ მოითხოვა ბ-ნი გოლმსტრემი სომეხთა მეცნიერთა მწკრივში ჩაგვეყენებინა, მისი ნებითი თუ უნებლიეთი შეცდომა გულახდილად გვემხილებინა და ჩვენი გაოცება გვეთქვა ნეტა რამ და რისთვის დააწერინა იგი ისტორია, რომელიც მარტო სომეხთა ფილოსოფოსებისა და დელინგერების საკადრისია და მარტო იმათს თონეში ცხვება. გვიკვირს, თუ ბ-ნ გოლმსტრემს არ წაუკითხავს იგი წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა, რომელიც ჩვენ წინა წერილების სხოლიოში დავასახელეთ, ბ-ნ ანუჩინის წერილი ხომ უსათუოდ წაუკითხია, რადგანაც ამბობს, რომ ბ-ნი ანუჩინი წინააღმდეგია იმ თეორიისა, რომელიც ურარტელებს ჰხადის სომხების წინაპრებადაო და ეს მარტო იმას მოასწავებს, რომ ბ-ჩი ანუჩინი მიუდგომელი მეცნიერიაო და ამისთვის აქებს კიდეც. აქ ორი გარემოებაა საოცარი. ჯერ ერთი ისა, ვითომც ქვეყანაზე იყოს იმისთანა თეორია, რომ ურარტელთა სომხობას ამტკიცებდეს. თუ არ არის ამისთანა თეორია, მაშ ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვა საქარეზე გატანილი სიტყვაა, როცა გვარწმუნებს, რომ ბ-ნი ანუჩინი ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ამაოდ ფიქრობს ბ-ნი გოლმსტრემი არსებობას ამისთანა თეორიისას: იგი არსად არის და ბ-ნი ანუჩინი არარსებულის თეორიის წინააღმდეგი როგორ იქნება? ბ-ნი ანუჩინი მოცლილი კაცი ხომ არ არის სომეხთა მეცნიერებსავით, რომ ქარის წისქვილებს ომი დაუწყოს. კიდევ ვიტყვით, დღეს მთელს ქვეყანაზე ერთიც მართლა სწავლული და მეცნიერი არ მოიპოვება, – სანთლითაც რომ ვეძებოთ, – ურარტელთა სომხობის თეორიას მისდევდეს, გარდა იმისთანა ჩურუქა მეცნიერებისა, როგორც ვიღაცა ეზოვები და მისნი დამქაშები არიან. ამათაც-კი არა გვგონია გაბედონ ამ არარსებულის თეორიის ღაღადება თავისის სახელით და, იქნება, სხვა-კი გააბრიყვონ, თითონ სოროში შეძვრნენ და ამ სახით სხვისის ხელით ნარი გლიჯონ. ეს იმათი ხელობაა. ბ-ნი ანუჩინი თუ ურარტელთა არა-სომხობას ამბობს, ამას ვისიმე წინააღმდეგად კი არ ამბობს, არამედ ამით ემოწმება ყველას, ვისაც ეს საქმე გამოუძიები. ვიწვევთ ბ-ნს გოლმსტრემს, თუნდ ერთი სწავლული და მეცნიერი, ან ევროპიელი, ან რუსი დაგვისახელოს იმ თეორიის მომხრედ, რომელსაც ვითომც ბ-ნი ანუჩინი ეწინააღმდეგება და რომელსაც დღეს ასე თავშეუდებლად მარტო ბ-ნი გოლმსტრემი ჰღაღადებს, დიაღ, მარტო ბ-ნი გოლმსტრემი და სხვა არავინ. თუნდ ეს ორი ერთმანეთის წინააღმდეგი თეორია არსებობდეს, ნეტა რა ნიშანია მიუდგომელობისა, მიუკერძოებლობისა ურარტელთა არა-სომხობის თეორია, რომლის გამო ქებასაც-კი უძღვნის ბ-ნს ანუჩინს ბ-ნი გოლმსტრემი. ნუ თუ აქაც ახია ითქვას: „სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ“. მეორე გარემოება ის არის, რომ ასე ვრცლად არის ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა ბ-ნ გოლმსტრემის მიერ მოთხრობილი საბუთად ურარტელთა და სომეხთა ვითომდა ერთ ნათესაობისა და ბ-ნი ანუჩინი-კი მარტო სამის სიტყვით უხსენებია, ისიც ბუნდად, – ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ყური არ უთხოვებია, რომ ბ-ნი ანუჩინი ანტროპოლოგიურადაც ამტკიცებს, რომ სომეხნი არმენიაში, წინანდელ ურარტის ქვეყანაში, მერე მოსულნი არიან. გარდა ამისა იგივე ბ-ნი ანუჩინი იმოწმება, რომ იგი ქვეყანა დაიჭირეს სომხებმა დიდის ბრძოლის და ომების შემდეგ ურარტელებთანაო. არის რამოდენიმე საბუთები, რომლის ძალითაც შესაძლოა ვიგულოთ, რომ ურარტელნი, ანუ პონტიის ქალდები ქართველთა მამა-პაპანი ყოფილანო. დალოცვილს, რაკი ესე ვრცლად მოგვითხრობდა ურარტელთა სომხობას და ისიც უსაბუთოდ, ერთი სიტყვა, თუნდ ესე მოკლედ, როგორც აქ არის ბ-ნ ანუჩინის ნათქვამი მოყვანილი, ჩვენთვისაც გამოემეტნა, ურარტელთა ქართველობა გაკვრით მაინც მოეხსენებინა. განა ვინ დაემდურებოდა? თუ ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა, მერე სულ მთლად თავით ბოლომდე გადასხვაფერებული, საჭირო იყო ურარტელთა გასომხებისათვის, ქართველთა ასე თუ ისე დასაბუთებული ურარტელობა ბ-ნ ანუჩინისა რატომ დავიწყებია და ჩაუფარცხებია. რასაკვირველია, თვით ბ-ნ გოლმსტრემის საქმეა, – სად რა სთქვას და როგორ, ხოლო ჩვენ-კი ვიტყვით: „საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი!“.
1 / 4
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/publication/3k-qvata-gagadi-tavi-metormete

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა