პუბლიცისტიკა
ქვათა ღაღადი (თავი მეშვიდე)
ეს ხომ შეგვამკო ტოტლებენის მოწმობით ბ-ნმა ეზოვმა, ახლა უყურეთ, თავისით როგორ გვიხსენა ერეკლე მეფე და როგორ დაამდაბლა თვით საქართველოც, მეფე ერეკლეს დროინდელი.
მოგეხსენებათ, რომ ერეკლე მეფეს პეტერბურგთან მოლაპარაკება ჰქონდა, რათა რუსეთს მიეღო საქართველო თვისდა მფარველობის ქვეშ. აი ამის გამო რეები გამოატყვრინა ბ-ნმა ეზოვმა და აუწყა თავისს მკითხველებს. „ერეკლემ 1782 წელს ხელახლად გაჰგზავნა უმაღლესს სახელზე წერილი და ითხოვდა მიეღოთ საქართველო რუსეთის ტახტის უმაღლეს ხელმწიფების ქვეშ. ერეკლე ითხოვდა, რომ მეფის ხარისხი დაემტკიცებინათ მისთვის და მისდა შთამომავლობისათვის, საქართველოში დაეტოვებინაო ხარისხი კათოლიკოსობისა, როგორც სამღვდელოების უფროსისა, გამოეგზავნათ ოთხი ათასი კაცი ჯარი, რომელიც საჭიროა მტერთა მოგერიებისათვის და ზოგიერთ გადამდგარ ადგილების უკან დასაბრუნებლად და, დასასრულ, ფულიც მოეშველებინათ მხედრობის შესანახად. ამ სახითაო, უმატებს თავისით ბ-ნი ეზოვი: „ერეკლე უთმობდა რუსეთის კარს მას, რაც უფლებით ეკუთვნოდა სპარსეთს და არა თითონ, უთმობდა უმაღლეს ხელმწიფებას საქართველოზე, რომელიც de facto უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინა და ამის სანაცვლოდ ითხოვდა მეფის ხარისხს, რომელიც მას არა ჰქონია სპარსეთში (?)“.
ყოველ ამას განმარტება არ უნდა. აქ მარტო შესანიშნავია წრესგადასული თვითნებობა კაცისა, რომელიც ხელში დაუჭერია ერთ რაღასა უცნაურს გულთნადებსა და არაქათს არ აძლევს გაინძრას. გამოდის, რომ მაშინდელი საქართველო რაღაც საბოქაულო ყოფილა სპარსეთისა და ერეკლე მეფე მისი ბოქაული და სხვა არარა.
ერთი ჭკუისა და ლოღიკის ლარი გაუსინჯეთ ზემოხსენებულ ნათქვამს ბ-ნ ეზოვისას – რა უცნაურობა გამოდის. ჯერ ხომ ამბობს, ერეკლე მეფე უთმობდა იმას, რაც მას არ ეკუთვნოდა, მერე ამბობს, უთმობდა იმას, რაც უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინაო. სჩანს, ხელთა ჰქონია, თორემ რა სათქმელია, ხელში ვერ შეიმაგრა ის, რაც კაცს ხელთ არა აქვს. რა შემაგრება უნდა იმას, რაც არ არის და კაცს ხელში არ უჭირავს. აბა ყოველივე ეს ერთმანეთს პირში წაუყენეთ და აშკარად დაინახავთ, რომ ბ-ნი ეზოვი ერთით იმას ამტკიცებს, რასაც მეორით უარ-ჰყოფს.
ან ამას დააკვირდით, რომ მეფე ერეკლე, რომელიც თვითმპყრობელ ხელმწიფედ შეიქმნა საქართველოსი, რომელიც თვით სპარსეთს ძილს უფრთხობდა ერთს დროს, სასაცილოდ აიგდო ბ-ნმა ეზოვმა, – რუსეთს იმას უთმობდა, რაც არ ეკუთვნოდაო, და ვარდაპეტი მინასა-კი, რომელიც რუსეთს ჰპირდებოდა და უთმობდა განჯა-ყარაბაღს, თითქმის ქება-დიდებით შემოსილია.
ერეკლე მეფეს-კი არ ეკუთვნოდა საქართველო და ვარდაპეტს ძინასას-კი ჰკუთვნებია განჯა-ყარაბაღი, საცა მაშინ სპარსეთის ხანები ბატონობდნენ და არა ვარდაპეტი მინასა.
ქათამი წყალს დალევს და ღმერთს შეჰხედავსო, ამაზეა ნათქვამი.
თუ მეფე ერეკლე იმას უთმობდა რუსეთს, რაც მას არ ეკუთვნოდა, მაშ მის მემკვიდრეს და შვილს გიორგი მეფეს ხომ უფრო არ ეკუთვნებოდა და როგორ მოხდა, რომ საქართველო რუსეთმა გიორგი მეფისაგან მიიბარა და ამ მეფეს ცალკე ტრაქტატით შეეკრა. ამ ამბავს მაინც უნდა შეეფერხებინა და საგონებელში ჩაეგდო ბ-ნი ეზოვი. თუ საქართველო სამეფო არ იყო, მისნი მპყრობელნი მეფეებად არ იწოდებოდნენ, მაშ რუსეთის სახელმწიფო ტიტულში რუსეთის იმპერატორები რად იხსენებიან საქართველოს მეფეებად სხვათა შორის. სჩანს, სამეფოდ ხსენება საქართველოსი და მისია მპყრობელთა მეფეებად წოდება მოგონილი ამბავი არ არის, სჩანს საბუთია, რომ ეს საქართველოს მპყრობელთა ხარისხი რუსეთის სახელმწიფო ტიტულშია შეტანილი. ბ-ნი ეზოვი რომ ასე თავშეუდებლად არ აჰყოლოდა თავისს გულისთქმას, არა გვგონია ეს უეჭველი საბუთი რუსეთის სახელმწიფო ტიტულისა ასე შეერყია წინდაუხედავად. ცოტად რომ მაინც ჩაფიქრდებოდა თავისს ნათქვამს, შიშით გული გაუსკდებოდა, – ეს რა უბედურება გადამკიდა ჩემმა ენამაო, ნურც ჩვენის სიტყვით გაიხეთქს გულსა.
რუსის კანონებში ბევრი შესაწყნარებელი მიზეზია, რომლის ძალითაც დიდი შეღავათი ეძლევა ჭკუა ატაცებულს დამნაშავეს.
ვთქვათ, ასეც იყო, რომ საქართველო არც სამეფოდ ყოფილა ოდესმე, არც მისთა მპყრობელთ ხარისხი მეფობისა არა ჰქონიათ, ვთქვათ არც ერეკლე მეფეს, არც გიორგის არ ეკუთვნოდა საქართველო, მაშ ვინ ჩააბარა იგი რუსეთს? ბ-ნ ეზოვს რომ ჰკითხოთ, გამოდის, რომ იგი ჩაუბარებია თითქმის სომეხთა არქიეპისკოპოსს იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვს. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ აბა გადაიკითხეთ ბ-ნ ეზოვის წიგნი, თუ ეს ასე არ გენიშნოთ, მთელი სამი-ოთხი გვერდი ამ წიგნისა ისე ოსტატურად შორიდამ უვლის ამ ამბავს, ისე მოხერხებულად სტრიქონებს შუა მიძვრება-მოძვრება ეს სასურველი აზრი ბ-ნ ეზოვისა, რომ ანაზდეულად შეგეფეთებათ და გამოგენასკვებათ თითქმის ის დასკვნა, რომ თუ ხსენებული არქიეპისკოპოსი არ ყოფილიყო, საქართველო არ მიეკედლებოდა რუსეთს.
1 / 3
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა