ილია ჭავჭავაძე
პუბლიცისტიკა

ქვათა ღაღადი (თავი მესამე)

რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა და, სწორედ მოგახსენოთ, არც სომეხთა მწიგნობართაგან ერთხელ და ერთხელ დადგენილი პროგრამა იქნებოდა აღსრულებული, რომ მარტო ამაზე გაჩერებულიყო მათი ბაირაღტარი. ქართველებს რომ ისტორიული ქრონიკები არა აქვთ, ეს კიდევ დიდი უკადრისობა არ არის და ავზნეობას ერისას არ მოასწავებს. საქმე ის არის, ზოგიერთს უცხოელს ქართველები გულკეთილ ერად მიაჩნიათ, კარგის გულისანი არიანო, შესახვედრად საყვარელნი, სასიამოვნონი, თავაზიანები. მართლა ესენი ვართ თუ არა – ამისი თქმა ჩვენი საქმე არ არის. თითქო სომეხთა მეცნიერთ ესეც-კი შურთ ჩვენთვის, თითქო უფიქრიათ, რა საჭიროა ჩვენთვის, რომ უცხოელებმა ასეთის კარგის თვალით უყურონ ქართველებსა, მოდი აქაც ხელი შევუშალოთო. ვინ მოგახსენათ, რომ ქართველები გულკეთილები არიანო, თითქო იძახის პროფესორი პატკანოვი, როცა გვწამებს ფანატიკოსობას. დიაღ, იგი ეფიცება ქცეყანას, რომ ქართველები ფანატიკოსები არიანო, ესე იგი სხვა უცხო კაცისა და რჯულის მიუკარებელნი, შეუწყნარებელნი და მდევნელნიო. ამის საბუთად ერთი რაღაც ზღაპარი მოჰყავს თამარ დედოფლის დროინდელი. ფანატიკოსობა, რასაკვირველია, სიბრიყვისა და გონებადახშულობის ავზნეობაა და ამ სიკეთეს როგორ დაიშურებდა ჩვენთვის სომეხთა მეცნიერი. იქნება, მართლა, ავზნენი, გულღვარძლიანები ვიყვნეთ, ფანატიკოსობა გვჭირდეს, – ჩვენ არც ამაში გამოვეკიდებით. ხოლო რაკი სომეხს პროფესორს ჩვენთვის ფანატიკოსობა შეუწამებია, აშკარაა იმ აზრით იქცევა ასე, რომ სომეხს ამისთანებში ხელს აბანინებს, მითამდა ქართველები არიან ასეთნი ბრიყვნი და ავის ზნისანი და სომხები-კი არაო. ვნახოთ ასეა, თუ აქაც რაღაც ოსტატობაა და თვალთმაქცობა სწავლულისა. როცა ქალკიდონის მსოფლიო კრებულს (596 წ.) ემოწმა ქართველობა და ამით სარწმუნოებით ერთმანეთს დაშორდნენ ქართველები და სომხები, სომხებმა ცალკე კრება მოახდინეს დვინს და დაადგინეს განაჩენი. ამ განაჩენის ძალით სომეხთა მაშინდელმა პატრიარქმა აბრამმა ასე შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა ქართველობა: „ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოსი კირიონი და ქართველებზე ვბრძანებთ, რომ სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც ლოცვითა, არც ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზრდითა. არ გაბედონ წასვლა სალოცავად არც სახელ გათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან. ვინც ამ ბრძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა“. ამას მოგვითხრობს სომხის ისტორიკოსი კაღანკატვაცი. ისტორია მისი მეცხრე საუკუნეს ეკუთვნის და თვით პატკანოვს რუსულად გადაუთარგმნია. ეს მაღალ ზნეობის და კაცთმოყვარეობის მომასწავებელი განაჩენი შიგ ამ ისტორიაშია ჩართული. სართი დასწრებისააო, სწორედ ამას ჰქვიან, ამაზე უდიდესი ფანატიკოსობა არა გვგონია სხვა იყოს სადმე. ამ სახელოვანის განაჩენის პატრონს განა ხმაღა ამოეღებოდა ჩვენს ფანატიკოსობაზე, რომ ქვეყანაზე გამკითხავი ვინმე იყოს! რატომ აგრე საქებურად გაუჩუმდა ამისთანა წრეს გადასულს ფანატიკოსობას, რაკი აქამდე მიიყვანა საუბარი. განა მართალი არ არის ყოველ ამის შემდეგ დ. ბაქრაძე, როცა პატკანოვზე ამბობს: „პატკანოვი უკვე დასკვნილს ქართულს აზრს ან უჩუმდება, ან თუ იგი მოჰყავს, მოჰყავს გადასხვაფერებით, იმგვარად, რომ ბინდი მიჰფინოს მის წინააღმდეგ აზრს, ქართულ ისტორიის წყაროს, თვით ჩვენთა წინაპართა ხასიათს“. თუ ამისთანა ოინებსა და თვალთმაქცობას კადრულობენ და არა თაკილობენ სომეხთა ქებულნი და თავმოსაწონებელნი პროფესორნი, რაღა უნდა მოვთხოვოთ სხვა სომხებს, რომელთაც ცარიელ დიპლომებით თავი მოაქვთ, ქადულობენ და ყურებს გვიჭედავენ. ამ სახით, კადნიერმა პროფესორმა ხომ თავზე დაგვახია ჩვენი „ქართლის ცხოვრება“, ხომ სახელი ჩვენი ცოტად თუ ბევრად შეგვილახა მით, რომ ქვეყანას აუწყა, ვითომც უსწავლელი და უმეცარი, ესე იგი უკანასკნელი სომეხი მაშინაც-კი უპირველესი და წინწასული ყოფილა ქართველებზე, როცა ქართველების ოქროს დრო იყო, ხომ ფანატიკოსობაც შეგვწამა, – ახლა სხვა გზიდამ მოგვიარა. სული ხომ ვითომც ამოგვხადა, ახლა ხორცის გლეჯასაც მიჰყო ხელი. ამ მხრითაც რომ ლახტი არ შემოექნია, ერთსა და უკანასკნელ საგანს სომეხთა მწიგნობრების პროგრამისას უღალატებდა და ამის ჯავრსა და ცოდვას რად გაიყოლებდა. ისტორიულ ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ეგვიპტელთა „მუშენი“, დაბადების „მოსოხნი“ ანუ „მოსხნი“, ახლანდელნი „მესხნი“, ჰეროდოტის „ტიბარენნი“, სტრაბონის „ტიბერნი“ და „კოლხნი“ შეადგენდნენ ქართველ ნათესაობის ერსა. რადგანაც ისიც ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ძველისძველად ამ ქართველ ნათესაობას სჭერია მთელი სივრცე ღალისის მდინარისგან მცირე აზიაში – შავის ზღვის პირამდე და მთელი აღმოსავლეთი მხარე ამ ზღვისა, აგრეთვე იგი ადგილები, რომელნიც მტკვარსა და არაქსს შუა მდებარეობენ, აშკარაა, რომ ვისაც ამ ადგილებში დაჩემება რამ უნდა, ან ქართველის კუთვნილების გაუქმება, – მოუნდება დაამტკიცოს, რომ ზემო დასახელებულნი ერნი ქართველთა ნათესაობისა არც იყვნენ და არც არიან.
1 / 4
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/publication/3b-qvata-gagadi-tavi-mesame

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა