ილია ჭავჭავაძე
პუბლიცისტიკა

ქვათა ღაღადი (თავი მერვე)

სომეხთა მწიგობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ, – ადვილად გამოსაცნობია რადა და რისთვის. ხოლო გვიკვირს რომ ამ რიგადვე ეპყრობიან ისტორიულ საბუთებს რუსის ზოგიერთი მწერლებიცა. იმის დასამტკიცებლად, რომ სომეხნი სულითაცა და ხორცითაც მედგარნი, გულგაუტეხელნი, ხელ შესაწყობნი არიან და მერმისი მათი საკუთნოა, ისტორიული საბუთები მოჰყავთ და ამით არწმუნებენ ქვეყანას, რომ ეს ასე ყოფილა, არის და იქნება კიდეცაო. სომხებმა ყოველივე ეს სიკეთე თვისი ისტორიით დაამტკიცეს და ძალიან ვცდებით, რომ ამ ნიჭიერ, გამრჯელ, სულითა და ხორცით ღონიერს ერს ხელს არ ვაშველებთ, გზას არ ვუხსნით და ვაბრკოლებთო. რა თქმა უნდა, ერს რომ გზა შეუკრან წარმატებისა, – რაც გინდ პატარა ერი იყოს – არავისათვის არც მოსაწონია, არც გამოსაყენებელი. არ არის ქვეყანაზე იმისთანა ერი, რომელიც, თუ ცოტაოდენად მაინც გონებად მოსულია, ცოტაოდენი ისტორია ჰქონია და კულტურაში ცოტაოდენად ფეხი მოუკიდებია, რითიმე გამოსადეგი არ იყოს სახელმწიფოში, რაც გინდ დიდი სახელმწიფო იყოს და მოჭმული თვისი სულიერ და ხორციელ ძალ-ღონითა. „რაც უკვე დარგულია და ხარობს, ფეხით ნუღარა დასთრგუნავ, ეცადე გაიზარდოსო“, ნათქვამია. ნიჭი, სიკეთე ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა ისეთი რამ არის, რომ, რაც გინდ ნამეტანი იყოს ვისთვისმე, მეტი ბარგი არ არის, თუ საკუთარს სხვისაც ზედ წაემატება. ამიტომაც დიდი ცოდვაა ადამიანს, თუნდ ცალკე პატარა ერს, ნიჭი შეუკრა, შეუბოჭო, სიკეთის ღონე შეუხუთო. არა ნაკლები ცოდვაა ერთის ღვაწლი, თუ კია სადმე, მეორეს მიაკერო და მართლად ღვაწლდამდები ჩრდილში მიაყენო და სხვისით სხვა გამოამზეო საქებ-სადიდებლად. თუ თავმოსაწონებელია სადმე, ყველამ თავისით უნდა მოიწონოს თავი, ყველას თავისი უნდა ეკუთვნის. ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ იქცევა ბ-ნი ვლად. გოლმსტრემი, რომელმაც ამ ახლო ხანში დაბეჭდა „Петербургские Ведомости“-ებში თავისი წერილი ამ სათაურით: „И Камни возопиют!“ . მართალია, ეს გაზეთი ერთი იმისთანა გაზეთია რუსეთში, რომელიც ესარჩლება ყოველ დაჩაგრულ ერსა და ამისთანა მართლა პატიოსნურს მიმართულებას გაზეთისას არ შეიძლება სრულის სიამოვნებით არ მიეგებოს ყოველი ჭკუათამყოფელი და გულთა მყოფელი კაცი, რა თესლისაც გინდ იყოს. იგი დაუცხრომელად იღაღადებს თავის სასახელოდ და ჩაგრულთა საოხად, რომ სიმტკიცე სახელმწიფოსი, რაც გინდ დიდი და ძლიერი იყოს, უნდა ემყარებოდეს ერთსულობაზე და არა ერთსახეობაზე, ერთფერობაზე. ამიტომაც მარტო სიყვარული და ტკბილად მოქცევაა იგი ქვითკირი, იგი დუღაბი, რომლითაც შენდება და მყარდება ციხე-სიმაგრე ერთობისა სახელმწიფოშიო. ყველას, მცირეა, თუ დიდი, თავისუფალი გზა უნდა ჰქონდესო იმ ნიჭით, იმ უნარით, იმ მადლით ემსახუროს სახელმწიფოს, რაც ღმერთს უმოწყალოებია როგორც დიდისა, ისეც პატარისათვისაო. არავინ არის ქვეყანაზე იმისთანა, რომ რაიმე კეთილი, სახელმწიფოსათვის გამოსაფენი ნიჭი და უნარი არა სჭირდესო, ოღონდ-კი ნუ შეჰხუთავთ, გზა მიეცით ყველას თავი იჩინოს თავისებურად, თავისის ღირსებისა ღა სიკეთისამებრო. სწორედ ამასვე გვიქადაგებს თვით ბ-ნი გოლმსტრემიცა თავისის წერილის დასაწყისში და ვინ იქნება ისეთი უბირი, ბრიყვი და გულწამხდარი, რომ სიყვარულითა და სიხარულით ხელი არ მიაშველოს ამის მთქმელსა და თქმული მისი არ ჩაიჭდიოს გულში, ვითარცა აღსავსენი მართლითა და კაცთმოყვარებითა. დიდი ხანიაო, – ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, – ჩვენნი წინმხედველნი და შორსგამჭვრეტნი კაცნი ჰკითხულობენ, – ეს ასე შორს რომ მივდივართ აღმოსავლეთ აზიაში, რა მიგვაქვს თანაო. პასუხი ამისი დიდად საიმედო და სანუგეშო არ არისო. ნივთიერ ცხოვრებისათვის, ესე იგი ის, რაც გარეთა კულტურის მანიშნებელია, ჩვენ თითონა ბევრი არა გვაქვს-რა და ამისთანებში დღესაც ერთმანეთს ვერ მოვრიგებივართო, ერთმანეთში ვერ გავსულ-გამოვსულვართ და ვერა გაგვირჩევია რაო. ხოლო ნამეტანობას სულიერის ღონისას უნდა ვმადლობდეთ, რომ რუსეთის ერი ბევრს განსაცდელს მთლად და უვნებლად გადარჩაო. ესე იყოო, სხვათა შორის, პეტრე დიდის დროსა, როცა ეს მედგარი გენიოსი არ შეუშინდა ძირითადის ცვლილებით დაუძლურებას ერისას, მისის ეროვნულ ძალ-ღონის დაშრეტასაო. მაშინ რუსეთის ქვეყანა ჯერ ხელუხლებელი ქვეყანა იყოო, ესე იგი მძინარე ლომიო. ეხლა სულ სხვააო. დრონი იცვალნენ, სულიერ ძალ-ღონეს ერისას გაფრთხილება, დაზოგვა უნდაო. რაც უფრო ფეხმაგრობს რუსეთში გონებითა, სულიერად და ხორციელად, იმას უნდა ემატოთ და ის ვამრავლოთ, იმიტომ რომ, – თუმცა ძნელია გამოვტყდეთ, – მაგრამ იგი ზნეობური დონენი, რომლითაც ჩვენ გავდივართ შორეულ აღმოსავლეთში, ძალიან დიდი საგზალი არ არისო… … ისე უმართლოდ და ცილის წამებით არა ერს არ მოჰქცევიან, როგორც სომხებსაო. რომ ჭეშმარიტი ნათელი მოეფინოს სომხების საქმეს, უნდა ძველისძველს დროს გავუსწოროთ თვალი, იმ დროს, რომელიც გამოძიებულია სწავლულთაგან, არქეოლოგთაგან, მოგზაურთაგან, რომელთაც ჯერ არ შეჰყრიათ „პოლიტიკური სიბრძნე“ და მით არ წაუხდენიათ თვალთახედვა მეცნიერებისაო.
1 / 4
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/publication/3g-qvata-gagadi-tavi-merve

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა