პუბლიცისტიკა
ქვათა ღაღადი (თავი მეოთხე)
სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა ამბავი დიდს მდინარე წყალსა ჰგავს: რამოდენადაც ნაპირიდამ შიგ შეტოპავთ, იმოდენად უფრო ღრმაში შედიხართ, უფრო მეტს სიგრძე-სიგანესა ჰხედავთ. თანდათან მათი სილაღე, კადნიერება და თავგასულობა მატულობს და უფრო გაბედვით თავს იქებენ, უფრო გულახდილად გვექცევიან ჩვენც. მათ მიერ ერთხელ დადგინებული პროგრამა მოქმედებისა, ერთხელ და ერთხელ შეთვისებული თვალთმაქცური ხერხი და ოინები ისე აშკარად, ისე ცხადად, ისე ვრცლად არსად არ იხატება, როგორც ერთს ევროპულ გაზეთში, საცა დაწყობილად მოთხრობილია ყოველივე ის, რაც საქებ-სადიდებელია სომხისა, გასაბათილებელია ქართველისა და რაც აშკარად ჩაგონებულია თვით ამ მწიგნობარ-მეცნიერთაგან. აქ ეს ვაჟბატონები აღარა ჰმალავენ, არა სახსარს აღარ თაკილობენ, აღარას მორცხვობენ. პირდაპირ და გულახდილად იმისთანა ხერხითა და სახსრებით საქმობენ, რომელთ ხელის მოკიდება და სირცხვილის ალმურის მოდება სახეზე ერთი უნდა იყოს ყოველ სხვა კაცისათვის სომეხი იქნება, თუ სხვა მილეთისა.
უკანასკნელ ოსმალთან ომების დროს, სახელდობრ 1877 წელს, ერთმა საფრანგეთის გაზეთმა – „Temps“ აქ ჩვენკენ ერთი კორესპონდენტი გამოგზავნა, სახელად კუტული. ამ კუტულმა აქედამ კორესპონდენციები უგზავნა ხსენებულ გაზეთს და თითქმის მთელი ორი თვე აბეჭდვინა.
ეს ბ-ნი კუტული აი რასა სწერს იმის თაობაზე თუ, ვის ჩაუვარდა ხელში ჯერ მაშინ, როცა ვლადიკავკავიდამ ჩვენკენ წამოსულს, ერთი სადგური ფოსტისა ძლივს გამოევლო. ჯერ კიდევ ბალთაში დაჰხვედრია, განგებ თუ შემთხვევით, ერთი აფიცერი არტილერიისა, შუშელი სომეხი. ამას ჩაუსვამს იგი თავისს „პოვოზკაში“ და მოუყვანია ტფილისს. რა უამბია მისთვის ამ აფიცერს გზადაგზა, ამისი არა ვიციო-რა. იმედი-კია, ბევრს კარგს ეტყოდა ჩვენდა შესამკობლად. ამ იმედს იმაზე ვამყარებთ, რომ ამ ბ-ნს აფიცერს მოსვლისავე უმალ ტფილისში წაუყვანია თავისი ახალი სტუმარი აწ განსვენებულ გრ. არწრუნთან, „მშაკის“ რედაქტორთან, რომელიც, კუტულის სიტყვით, „ლიბერალთა დასის წინამძღომია და თუმცა სასულიერო წოდებისა არ არის, მაგრამ სომხებ შორის იმავე როლს თამაშობს, როგორსაც დელინგერი და მამა გიაცინტე კათოლიკეთა შორის, და რომელსაც უკეთ ესმის სომეხთა საღვთო წერილი ვიდრე თვით კათოლიკოზსაო“.
რა თქმა უნდა, კუტული ეგზამენს ვერ გაუკეთებდა კათალიკოსს სომხებისას, მაგრამ მაინც გადაჭრილად ამბობს, ეს ასეაო. საიდამ შეუტყვია ეს ასეთი უპირატესობა არწრუნისა და ასეთი ქვეითად ყოფნა პატივცემულ კათოლიკოზისა? აშკარაა, ან თითონ არწრუნს გაუბერია თავისი თავი, ან სხვას ვისმე მაღლა თაროზე შეუსკუპებია განგებ, რომ უცხო კაცს თვალები ჰბმოდა და თავისის თვალით არა მოეჩხრიკა რა. აშკარაა, ან თითონ არწრუნი, ან ვიღაცა ცდილა ეს ამისთანა უცნაური ამბავი ჩაეწვეთებინა ყურში ამ ახალ მოსულ ფრანგისათვის, რომ აბრუ არწრუნისა განედიდებინათ მის თვალში და ადვილად მინდობოდა ამისთანა ბრძენს კაცს და ის დაენახა, რასაც დაანახვებდა ეს დელინგერი და გიაცინტე სომხებისა. რომ კარგად დაანახვებდა, რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ექნებოდა.
ისიც უამბიათ, რომ არწრუნი ჯერ მოსკოვში განათლებულა და გამეცნიერებულა, მერე პეტერბურგში, და სულ ბოლოს ჰეიდელბერგში და ძალიან განვითარებულია ფილოსოფიაშიო. რომ უფრო მაღლა ასწიონ ეს ძალიან განვითარებული ფილოსოფოსი, ერთი დიდი ღირსებაც ზედ დაუმატებიათ, სახელდობრ ისა, რომ მისი ძმა გერმანიაში პროფესორიაო. თუმცა ძმის პროფესორობა არა-პროფესორისათვის დიდი თამასუქი არ არის, მაგრამ ესეც-კი არ დავიწყებიათ არწრუნის განდიდებისათვის.
ესე გაუბერიათ არწრუნი, თუმცა ტიკს მაშინ ჰბერვენ, როცა შიგ არა დგა-რა. ასე მოუმზადებიათ უცხო სტუმარი, რომ მერე ყოველივე სიტყვა არწრუნისა ბაჯაღლო ოქროდ მიეღო. ფუქსავატი ფრანგი, რა თქმა უნდა, მახეში გაება, და რაც ჩასძახეს, ის ამოიძახა გაუჩხრეკლად, გამოუძიებლად. აბა დაუკვირდით ბალთაში დახვედრასა და მთელს ამ ამბავს, თუ არ დაინახოთ – რა ხერხები სცოდნიათ უცხო კაცის გაბრიყვების და ჩათრევისათვის. ეს ჯერ ყვავილებია, ხილი მერე იქნება.
რაკი ამისთანა შარავანდედით შემოსილა განსვენებული არწრუნი, აუღია და კუტული წაუყვანია ჯერ ტფილისის საქალაქო საბჭოში, რომელიც კუტულისათვის „პატარა პარლამენტად“ დაუნახვებია, საცა გამგეობის წევრნი მინისტრებად მოსჩვენებია ბ-ნს კორესპონდენტს და არწრუნი, თავისის ლიბერალურ დასით, ოპოზიციად. მერე გასძღოლია არწრუნი და დაუტარებია სომხის ეკლესიები.
აქ კუტულის დაჰკვირვებია ტერტერების მშვენიერი და ძვირფასი სამოსელი. აბა რა დღისათვისღა შეინახავდნენ!.. შემდეგ წაუყვანია ეს უცხო სტუმარი სომხის სკოლებში. კუტული ქებით იხსენიებს მშვენიერ თვალებს სომხის მოსწავლე ქალებისას, თუმცა სახის ერთობ სილამაზეზე-კი ბოდიშს იხდის, უკაცრაოდაო.
განსვენებულ არწრუნს შეჰყავს კუტული სომეხთა ინტელიგენციის წრეში. კუტული გვისახელებს ვინ გაუცვნია არწრუნის წყალობითა, ხოლო საჭირო არ არის ჩვენ აქ ჩამოვთვალოთ. საკმაოა ვიცოდეთ, რომ სომეხთა ინტელიგენციის წრეში არწრუნს დაუტრიალებია თავისი ახალი მეგობარი, ანუ მწე-მქებარი, როგორც უწინ იცოდნენ.
1 / 4
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა