ილია ჭავჭავაძე
პუბლიცისტიკა

ქვათა ღაღადი (თავი მეორე)

სომეხთა მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები კარგა ხნის ამბავია. სხვა რომ არა ვთქვათ-რა, მთელი სამოცი წელიწადი მაინც არის მას აქეთ. ვამბობთ, მთელი სამოცი წელიწადია მას აქეთ, და ეს ისეთი მოკლე მანძილი არ არის, რომ არაფრად ჩაიგდოს და ანგარიშში მისაღები არ იყოს. მთელი სამოცი წელიწადია, რაც ერთი და იგივე ჭექა ქუხილი ერთისა და იმავე ტენდენციისა ჩვენს ვინაობას ერჩის და დღემუდამ უფრო მეტის კადნიერებით, უფრო მეტის გაბედვით, მეტის სილაღით ტყავს აძრობს და წარღვნას უქადის. მთელ ამ საკმაოდ ხანგრძლივ დრო-ჟამის სივრცეზე ერთი და იგივე ანდერძი საქმობს სისტემატიურად, გასისწვრიებულად, მტკიცედ, მედგრად და საოცარის დაჟინებით, ერთი და იგივე ლარია და ხაზი გაჭიმული, ვერ ვიტყვით დიდის ოსტატობით, მაგრამ დიდის კუდიანობით-კი, დიდის თვალთმაქცობით. საოცარი აქ კიდევ ის არის, რომ ეს სამოცის წლთს მთელი ხანა რუსის მწერლისაგან იწყება და რუსის მწერალივე თავდება. ამათ შუა მთელი მწკრივია სომეხთა მეცნიერმწიგნობრებისა ასე, რომ თავიდამ ბოლომდე ერთი ლარი გაჭიმოთ, სულ ყველას იგი ლარი მხარზე გადაუვლის, ასე მწყობრად მღაღადებელნი არიან ერთისა და იმავე განგებ აკვიატებულ აზრისა, თითქო ერთხორც და ერთსულ იყვნენ და ერთნაირად წინათვე გაჩარხულნი ერთისა და იმავ ანგარიშის ჩარხზე. ჯერ კიდევ რუსის მწერალი სენკოვსკი, ბრამბეუსად ცნობილი, აი რასა სწერდა 1838 წელს. ქართველებს ვახტანგ VI-მდე არა ჰქონიათ მატიანეო, თითონ ქართველები არც-კი არსებობდნენ მეთორმეტე საუკუნემდეო ქრისტეს შემდეგ; იბერთა სახელით ცნობილ იყვნენ სხვადასხვა თესლის მთიულნიო; მთელი ქვეყანა მტკვარს იქით, საცა ეხლა ტფილისია, და სხვა უფრო დიდი ნაწილი საქართველოსი – მუდამ და ყოველთვის ეკუთვნოდა სომხეთს და აქ მოსახლეობდნენ სომეხნი, მიდიელნი, მასაგეთნი ანუ ოსმალნი და რამდენიმე შტო ალბანელებისაო. ამისთანა ტყუილი ღა გაცუღლუტებული ისტორია-გეოგრაფია ვისი უნარი უნდა იყოს? მართალია, სენკოვსკის დაწერილია, მაგრამ ნუთუ ეჭვია, რომ აქ სენკოვსკი ვიღაცას გაუბრიყვებია და იგი, როგორც ქვევრი, სხვის ჩაძახილს იმეორებს. ხომ აშკარაა, რომ ამისთანა ტყუილს სენკოვსკი არსაიდგან არ ამოიკითხავდა, რადგანაც ამისათვის საბუთი – მატიანე დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება და ეს ჭორი ამბადაც არავის გაუგონია. ვის რად უნდოდა იმის ქვეყანაზე მოფენა, რომ ქართველები მეთორმეტე საუკუნემდე არც-კი არსებობდნენ, რომ საქართველოში ქართველები არ იყვნენ და აქ მკვიდრობდნენ სომეხნი და სხვა მილეთის ხალხნი, ან დიდი ნაწილი საქართველოსი ტფილისითურთ მუდამ და ყოველთვის სომხებს ეკუთვნოდათო. ჭორი, მერე ამისთანა უეცარი, უმიზეზოდ და უანგარიშოდ არ გატყვრება ხოლმე. მას აქეთ, რაც საქართველო შეუერთდა რუსებს, იმ დღემდე, რაც ეს უცნაური ჭორი გამოაცხო სენკოვსკიმ, სულ არ გასულა 37 წელიწადი და ნუთუ ამ შედარებით მოკლე ხანში ისტორია ისეთს ბნელში გაეხვია, რომ აღარავის ახსოვდა, – რუსეთს რა ქვეყანა შეუერთდა – საქართველო, თუ სომხეთი, ან ტფილისი ვისი სატახტო და დედაქალაქი იყო. თითონ სენკოვსკი პროფესორი იყო აღმოსავლეთის ენებისა, მწერალი და ჟურნალ-მეგაზეთე რუსეთისა, და ნუთუ დასაჯერია, რომ ეს, მისთვის თითქმის გუშინდელი ამბავი, არ იცოდა ისე, როგორც ნამდვილია! ნუთუ დასაჯერია, რომ სენკოვსკიმ ამბად მაინც არ გაიგო ასეთი რუსეთისათვის შესანიშნავი საისტორიო საქმე! ნუთუ მისს ყურამდე არ მიაღწია, – რუსეთმა ვისგან ვისი ქვეყანა მიიღო თვისღა მფარველობის ქვეშ! თუ ესეა, ვინ და რამ შეათითხნინა იგი უცნაური ისტორია და გეოგრაფია, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ? აშკარაა, აქ მეცნიერულ სიყვარულსა და სულთასწრაფვას ადგილი არა აქვს, რადგანაც ჭორი აქ ცხადია და მეცნიერების მოყვარე ჭორების სურვილს არ დანებდება, არ წაეღებინება. აშკარაა, არც მეცნიერულ კვლევის წყურვილით აიხსნება ეს უცნაური ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი ისტორია, ასეთი გეოგრაფია – ნაკვლევი-კი არ არის, მოგონილია ცხადად, რადგანაც ამის საბუთს ვერსად ვერ იპოვიდა მკვლევარი. აშკარაა არც ქართველი ათქმნევინებდა ამას, აშკარაა – არც რუსი. განა რა ანგარიშია რუსისათვის ხმა დაეგდო, რომ ქვეყანა, ქართველებისაგან მიღებული, ქართველებისა-კი არ არის, სომხებისააო… მაშ ვინ? ყველამ იცის ცხონებული სენკოვსკი რა კაცი იყო. რომ ამ განგებ მოგონილს ისტორიასა და გეოგრაფიას დამალული სათავე ვუპოვოთ და გავიგოთ ვისი ეშმაკობა უნდა იყოს ამისთანა ისრების სროლა, უნდა მშვილდი მოვნახოთ, ვის ხელში აღმოჩნდება. ის დღეა და ეს დღე, სომხის მწიგნობარნი იმის ცდასა და მეტყველებაში არიან, რომ საქართველო, რაც შეიძლება, ამიერკავკასიაში ავის თვალით დაანახვონ ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი წილი ჩამოათალონ და თვით მიითვისონ, რაც შეიძლება გაუუქმონ წარსულიც, შეუბღალონ აწმყოცა. მაგალითებრ, ყველასაგან ცნობილია, რომ ჭოროხის ხეობა ძველად-ძველიდამვე შეადგენს ნაწილს ზემოქართლისას, საცა ბოლოს ხანებში სამცხე-საათაბაგო იყო.
1 / 4
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/publication/3a-qvata-gagadi-tavi-meore

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა