ილია ჭავჭავაძე
პუბლიცისტიკა

ქვათა ღაღადი (თავი მეექვსე)

ეს ხომ ვნახეთ, ბ-ნი ეზოვი რა ხალისიანად ალაპარაკებს შარდენს, როცა ჩვენ გვაძაგებს და ავად გვიხსენიებს. ისიც ხომ ვნახეთ, როგორ მოსჭრა ენა ამავე შარდენს ამ განათლებულმა სომეხმა, როცა ჩვენზე ორიოდე სიტყვას კარგს იმეტებს. ისიც ვნახეთ, რომ არც ერთი ჩვენზე კარგის მთქმელი თვალწინ არ დაიყენა, რომ ქართველებზე კარგი არავინ გაიტაროს გუნებაშიო. ეს საოცარი მანქანა ბ-ნს ეზოვს კიდევ საკმარისად არ მიაჩნია. ახლა სხვა მოწმე მოიწვია ქართველების უფრო მეტად სახელის წახდენისათვის. ეს მოწმე გახლავთ განჯა-ყარაბაღის სომეხთა პატრიარქი ცხონებული ისაია. რომ ღირებული ფასი დავდოთ ამ პატიოსანის მოწამის ჩვენებას და ბ-ნ ეზოვის ოსტატობას, საჭიროა ცოტა შორიდამ დავიწყოთ საუბარი და ერთი პატარა ხანა ამიერკავკასიის ისტორიისა გავიხსენოთ. რუსეთის იმპერატორს პეტრე დიდს კარგა ხანია თვალი ეჭირა სპარსეთზე და ფიქრობდა აქეთ რუსეთის ვაჭრობის განდიდებას და ამისათვის გზების შეძენასა და გახსნას. მინამ შვედელებთან ომები ჰქონდა, რასაკვირველია, შორმხედველი იმპერატორი ისე მხნედ ვერ მოეკიდებოდა ამ საქმეს, როგორც ჰსურდა, და როცა ნეიშტატის მორიგებამ 1721 წ. აგვისტოს 20-ს შვედელებთან საქმე გაათავა, მაშინ თითქმის მთლად მოიცალა თავისის დიდის ხნის სურვილისათვის, რომ სპარსეთზე გამოილაშქროს. განჯა-ყარაბაღი მაშინ მთლად სპარსეთის ხელში იყო და აქაური სომხობა, შეწუხებული სპარსთაგან, ცდილობდა თავი როგორმე დაეღწია და ამის გამო პეტრე დიდთან საქმე დაიჭირეს. სხვათა შორის ვარდაპეტი მინასა გაგზავნილი ჰყავდათ პეტრე დიდთან და ეს ვარდაპეტი იყო პირდაპირი შუამავალი იმპერატორის მთავრობისა და სომხებშ შორის თვით რუსეთში, რომელსაც, თვით სომხების სურვილისამებრ, ჰპირდებოდა განჯა-ყარაბაღის გარდაცემას. პეტრე დიდმა ამ ვითარებას საქმისას ხელი მოჰკიდა და მიზეზად ეს გაიხადა. ისიც იცოდა ამ ბრძენმა იმპერატორმა, რომ ქართველებიც აქ ხელს შეუწყობენ, რადგანაც საქართველოსაც ემძიმებოდა სპარსთა ასე ახლო ყოფნა და კარგი იყო განჯა-ყარაბაღიდამ გაერეკათ სპარსები. რა თქმა უნდა, რუსეთთან, როგორც ერთმორწმუნე ერთან, მეზობლობა ერჩივნათ ქართველებს, ვიდრე სპარსებთან. ეს კარგად იცოდა პეტრე დიდმა და ამიტომაც სომხებს დაჰპირდა და ქართველებსაც აცნობა, – მე ჩემის მხედრობით მოვალ და თქვენც თქვენის მხედრობით მზად იყავითო, მიზეზიც კარგი გამოუჩნდა. შამახიას ამ დროს დაეცნენ ლეკები და ყაზიკუმუხელები, რომელნიც მოიწვიეს იქაურთა მუსლიმანთა. ლეკებმა მთლად აიკლეს შემიხია, იქ მყოფნი რუსეთის ვაჭარნიც გასპარცვეს და ნახევარ-მილიონის ქონება წაართვესო, როგორც ეს აუწყა პეტრე დიდს ერთმა მისმა მოხელე რუსმა. რაკი პეტრე დიდმა ეს ამბავი შეიტყო, ვახტანგს მეფეს მოსწერა, რომ მე ასტრახანიდამ წამოვალ და შენც, შენის აღთქმისამებრ, მომეშველე და შენის მხედრობით წამოდი განჯას საქრისტიანოს დასახსნელადაო და, სიტყვითაც შემოეთვალა, ლეკების ჯავრი ამოიყარეო. ვახტანგმა შეჰყარა მხედრობა რიცხვით 30000 კაცი და წავიდა ლეკებზე. ლეკებმა ნახეს ეს თუ არა, გაეცალნენ. მთელს ამ მოძრაობას ის ფერი დასდეს, ვითომც მარტო ლეკების დასასჯელად წავიდა ვახტანგი, რომ სპარსელებს ალღო არ აეღოთ და არ მომზადებულიყვნენ. თვით სპარსელებს, ვითარცა შიიტებს, ეჯავრათ ლეკების, ვითარცა სუნიტების, შესევა შამახიაში და ვახტანგის მადლობელნიც დარჩნენ, რომ ასე მოიქცა. ლეკებთან რომ საქმე გაათავა, ვახტანგმა მერე დააბანაკა განსჯასთან და აქ ელოდა პეტრე დიდს ასტრახანიდამ. იმპერატორს პეტრეს რაღაც საქმე აღმოუჩნდა შიდა-რუსეთში, უეცრად ასტრახანიდამ შინ დაბრუნდა და ვახტანგს აუწყა, კულავ მოვალო. იმედგადაწყვეტილი ვახტანგი უკან წამოვიდა ტფილისს. პატრიარქი ისაია ამ ვახტანგის ამბავს სწერს რუსეთში ვარდაპეტს მინასის, რომელიც წინათ მოვიხსენიეთ, – რომ ვახტანგი 30000 კაცით მოვიდა და წავიდა ლეკებზეღაო, მეც თან გავყევიო. მივედით თუ არა, ლეკები გაგვეცალნენო. მერე როცა ვახტანგი იმედგადაწყვეტილი, რომ პეტრე დიდი აღარ მოვაო, დაბრუნდა ტფილისში, ისაია პატრიარქიც თან გამოჰყოლია და მთელი ოთხი თვგ დარჩენილა ტფილისს. იმავე წერილში ისაია აუწყებს ვარდაპეტს მინასის, რომ ვახტანგი სექტემბრის ბოლოს ხელახლად აპირობს წასვლას განჯისაკენ და თან მიჰყავს ქართველებისა და სომხის მხედრობაო; ეხლა ქართველები და სომხები სულით და გულით ერთნი არიანო, ერთმანეთის თანაგრძნობით სავსენი და მარტო პეტრე დიდის მოშველებასღა ელიანო. შენც მანდ ეცადეო.
1 / 4
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/publication/3e-qvata-gagadi-tavi-meeqvse

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა