პუბლიცისტიკა
1861ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა
როცა გაგვახსენდება კაზლოვი და მისი პოეზია, თუკი არის პოეზია მის დაძალებულ ცრემლიან ლექსებში, როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან ჩვენ სასიქადულო რუთაველის სიტყვები, მხოლოდ ჩვენებურად კი დავიწყობთ ხოლმე:
„კაზლოვის ლექსი ცოტაა ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალუძთ სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა,
ვამსგავსე შვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა
და დიდსა ვერ მოჰკლენ, ხელად აქვს
ხოცვა ნადირთა მცირედთა“.
ეს ლექსები თუ არ ამაღლებენ კაზლოვს, სრულიად არ ამცირებენ: კაზლოვის ნიჭი სწორეთ იმ ყრმა მონადირების შვილდია, რომელიც ტოროლის და ჩიტის მეტს ვერას განჰგმირავს, თუმცა ზოგიერთნი რუსნი ჰხედვენ კაზლოვში რაღაც პატარა ტალანტსა, მაგრამ ჩვენ სრულიად არაფერს არა ვხედავთ, და თუ ვხედავთ, პატარასკი არა, ძალიან უპატარესსა, ბეწვის ოდენას, ისიც იმისათვის, რომ ორიოდე ლექსი აქვს, მართლა და ცოტა სიამოვნებით წასაკითხავნი და გრძნობით გამთბარნი. აი ის ლექსები, რომელნიც ჩვენ საუკეთესოდ მიგვაჩნია: «вечернiй звонъ» რომელიც ერთ დროს დიდ პატივში იყო, ასე რომ ყოველს რუსის ცოტაოდენ განათლებულს ხალხში მღეროდნენ ხოლმე: «На погребенiе Англiйскаго Генерала Сира Джона Мура» ესეც თავისი არ არის, ნათარგმნია; მაგრამ კარგი თარგმანიც სასარგებლოა; «Романъ Дездемоны» შექსპირიდგან თარგმნილია. ამით გარდა იქნება ორი, თუ სამი ლექსი კიდევ გვაჩვენოთ მთელ კაზლოვის თხზულებაში სასიამოვნონი, თორემ დანარჩენ ლექსებში სუყველგან თითქმის დაძალებული. ე.ი. ძალად მოყვანილი გრძნობაა, ძალად მოყავნილი ცრემლი სასაცილოა, საზიზღარი და არა სამწუხარო დასანახავად.-
კაზლოვი იყო კარამზინის სხოლის მწერალი. არამცთუ მარტო თავის ლექსებს კაზლოვმა შეჰყარა ჭირი იმ წირპლიან სხოლისა, არამედ სხვა და სხვა პოეტებსაც, რომელთაცა ჰსთარგმნიდა და რომელთაცა სულ არ ჰსცვიოდათ ძალად გაჭიმული პაწაწინა გრძნობის უმარილო ცრემლი კარაზმინისავით მიიღეთ შრომა გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურადღებით განიხილეთ ლექსები ანდრე შენისეი, ფრანციის პოეტისა, ძლივსღა იცნობთ კაზლოვის ლექსებში იმ შენიეს, რომელმაც წარსულ საუკუნეში თითქმის პირველად დაანახა ფრანციას, და მისგამო ევროპიასაც ჭეშმარიტი, ნამდვილი პლასტიკა საბერძნეთის მშვენიერებისა, და ამით, თუ არ დასცა ზარი, შეარყია მაინც თვის საფუძველში ცრუ კლასიკური მიმართულება ფრანციის ლიტერატურისა. კაზლოვის თარგმანში ისე ცხადად არ ისმის ის ნაზი და წრფელი სიტკბოება მშვენიერებისა, ის უმანკო, უცოდვილო და ნამდვილი ბგერა გულისა. ის ქროლა პოეზიისა, რომლითაც ანდრე შენიე ჯადოსავით მოჰხიბლავს ხოლმე კაცსა. მაგრამ ანდრე შენიეს ლექსები კაზლოვის თარგმნაში ისე ბევრნი არ არიან და არც ისე უფერულნი, როგორც სახელოვანი მიცკევიჩის „ყირიმის სონეტები“ ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი რარიგ უსულდგმულო, უსურნელო ყვავილებად შეიცვალნენ კაზლოვის თარგმანში! არამცთუ კაზლოვმა შეარჩინა მიცკევიჩის სონეტებს ფორმა სონეტისა, არამედ არ შეარჩინა თითქმის არც ის მშვენიერნი სურათნი, რომელშიაც ისე ნათლად გამოეხატვნენ წუთის გრძნობანი იმ სახელოვან პოლშელ პოეტს. დასარწმუნებლად, შეადარეთ თარგმანი კაზლოვისა უფალ ლუგოვსკის იმავ სონეტების თარგმანთანა, რომელიც გამოიცა ოდესაში 1859 წელსა, როგორც გვახსოვს, თუმც არც უ. ლუგოვსკის თარგმანია ძალიან მოსაწონი და საქებელი, მაგრამ მაინც ეს უფრო განუზომელად უკეთესია კაზლოვის თარგმანზედა. ამათ გარდა სხვა ბევრი პოეტები, ალაგ ალაგ გარდმოთარგმნილი ჰყავს და სხვათა შორის ლორდი ბაირონიცა. ბაირონი უთარგმნია კაზლოვს ნაწყვეტ ნაწყვეტად და ერთი მთელი პოემაც ამისი, წოდებული «Абидосская Невеста»მაგრამ სად არის კაზლოვის თარგმანში ის მეხი-სიტყვა, ის საკვირველი ძლიერი სული ბაირონის გენიისა!
1 / 10