ილია ჭავჭავაძე
პუბლიცისტიკა

ნუთუ?

(პასუხად „მოგზაურის“ კორესპონდენციისა) I „ივერიის“ მკითხველთ უკვე მოეხსენებათ, რომ „მოგზაურში“ (№ 13) დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია, რომელსაც თუმცა სათაურად ჰქონდა „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება“, მაგრამ უფრო მე ვყავდი ნიშანში ამოღებული და ჩემი ადამიანური ღირსება. ავტორი „მოგზაურის“ შემწეობით მე მაბრალებს, - ვითომც მხეცურ გულქვაობით და სამარცხვინო ავზნეობით ვეპყრობოდე საგურამოს გლეხკაცობას და ამისათვის ერთმანეთზე ცოტად თუ ბევრად შეუწყნარებელს ამბებს მოგვითხრობს ისეთის კადნიერებით, თითქო მართალია, და ისეთის გახარებით, თითქო ოქროს მადანი უპოვიაო. ეს კორესპონდენცია გადმობეჭდილ იქმნა „ივერიაში“ (№ 54) ამ დაბოლოვებით: „ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ „გლახის ნაამბობის“ ავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თითონ თ. ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებსო“. თუმცა ის ამბავი, რომ „ივერიამ“ ეს კორესპონდენცია მთლად გადმობეჭდა და იმით ხელი მოუმართა ავტორს გაევრცელებინა საძაგელი მოთხრობა, თავის-თავადაც ასე თუ ისე იკბინება, მაგრამ მე მაინც მადლობელი დავურჩი „ივერიის“ რედაქციას. რაც გინდ იყოს, ზემოაღნიშნული დოსტალუღი პირდაპირ გვანიშნებს, რომ „ივერია“ სიფრთხილით და წინდახედულად მოქცეულა, ბრმად არ აჰყოლია ვიღაც ორს ასოს ქვეშ მიმალულ კორესპონდენტის ფეხის ხმას იქ, საცა ხელშეხებულია ადამიანის ღირსება, პატიოსნება, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც პატივაუხდელ ადამიანის უძვირფასეს და ხელშეუხებელს კუთვნილებას შეადგენს. მცირეოდენ განათლებამოცხებულ კაცს, მცირეოდენ საღის ჭკუის პატრონს კარგად მოეხსენება, რომ ყოველივე თავისისთავის და პრესის პატივისმცემელი რედაქცია და თუნდ ყოველივე ცალკე კაცი ასე უნდა მოიქცეს ყოველს შემთხვევაში და, თუ სულ მთლად ზურგს არ შეაქცევს, ეჭვი მაინც უნდა შეიტანოს იქ, საცა სხვის ადამიანურს ღირსებას, სინდისს, წმიდათა-წმიდას შესაბღალავად და შესაგინებლად იმეტებენ. ეს ანბანია ზნეობისა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი კანონია, მერე იმისთანა, რომელიც, რა თვალითაც გინდ შეხედოთ, ერთნაირად სავალდებულოა ყველასათვის, რა დასისა და რწმენის კაციც გინდ იყოს. 2 ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისას, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვთ სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და, სხვათა შორის, იგიც, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილისა და მართლის წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად. ბევრი კაცი, და იქნება იმისთანა უხეირო რედაქციაც, სადმე იყოს, კაცთა საუბედუროდ, რომელიც ძალზე იჭაჭება და ბუკითა და ნაღარით გაიძახის ამ შეუხებლობას ადამიანისას, მაგრამ ყოველ წარამარად მოტანტალე კორესპონდენტს სიხარულით კარს უღებს და ხელს უწყობს გამვლელი და გამომვლელი საერთოდ, და რედაქციის მიერ ნიშანში ამოღებული საკუთრივ, ლაფში ამოსვაროს თავიდამ და ფეხამდე წინასწარ მოუკითხავად, — ვინ მტყუანია და ვინ მართალი. ნუთუ ეს ამისთანა საქციელი ხელშეხება არ არის და ყველა ხელშეხებაზე უფრო საზიზღარი, უფრო შემაძრწუნებელი და უფრო საშიშარი კაცის ერთმანეთობით ადამიანურ ცხოვრებისათვის. ნუთუ ეს არის იგი მადლცხებული თავისუფლება ბეჭდვისა, პრესისა, რომელსაც ასე სამართლიანად შევხარით დღეს დიდი და პატარა და ასე გულმხურვალედ და თავდადებით ვეტანებით. ეს ხომ, თავისუფლება-კი არა, ბოროტად ხმარებაა იმ გაპატიოსნებულ ძალ-ღონისა, იმ ძლევამოსილ შემძლებლობისა, რომელიც პრესას სამართლიანად ხელთ უპყრია და რომლის მეოხებით დღეს გვირგვინოსანნიც -კი ქედს იხრიან სასოებით და მოწიწებით. ნუთუ ეს ამისთანა შემძლებლობა ბეჭდვის სხივმოსილ თავისუფლებისა რედაქციამ იმაზე უნდა ჩამოახდინოს, რომ კაცმა კაცი უთავბოლოდ გაჰპენტოს, კაცმა კაცს უთავბოლოდ სახელი შეულახოს, ნამუსის ქუდი მოჰხადოს და ლაფში გადაუგდოს. რედაქციის კალამი ნიჩაბი ხომ არ არის, რომ აიღოს და ვინც არ ესიამოვნება, ლაფი და ტალახი შეასხას ან თავისის ან სხვისა ხელით. ზოგისათვის ამისთანა საქციელი პრესისა თუ მთლად არ არის შესანდობარი, ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია მით, რომ პრესისაგან უსამართლოდ და უსაბუთოდ შებღალვილს ღონისძიება აქვს თავი იმართლოს ბეჭდვითვეო. ბევრს ეს პრესის მეტზე-მეტის პატივისცემით მოსდის და არა იმისათვის, რომ ამისთანა უკადრისი საქციელი პრესისა არ ეხამუშებოდეს. ეხამუშება, სწყინს კიდეც, მაგრამ არ უნდა, რომ იმისთანა მზეს, როგორიც დღეს პრესაა, ლაქები რამ ჰქონდეს და არ გაუქარწყლოს. მეც დიდი პატივისმცემელი ვარ პრესისა და ერთს დროს, ვიდრე ჯანმრთელობა არ შემერყა და ნებას მაძლევდა, მეც ერთი ჩანჩალა ვიყავ მისი, მაგრამ იმისთანა პატივისმცემელი კი არას დროს არ ვყოფილვარ და არცა ვარ, რომ ყოველ წარამარად ბღაჯვნას პრესის წმინდა სახელი ვუწოდო, ან პრესის ყოველივე საქციელი ვაქო და ვადიდო ბრმად და განუსჯელად. ბრმად 3 თაყვანისცემა რისიმე, თუ ვისიმე, კერპთმსახურებაა და ყოველს მონობაზე უარესი და
1 / 12
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/publication/x-nutu-pasuxad-mogzauris-korespondenciisa

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა