პროზა
ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი
მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი, წინაღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინადღე, ეს წინაღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი.
იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარედ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა.
შინ ოთახებში დავფუსფუსებდით: იქ იყო, რაც იყო. აქ ალვახაზსა ზელდნენ, იქ ნუშს და ნიგოზს არჩევდნენ გოზინაყისათვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თითს გვიქნევდა, მოდით, პირი ჩაიტკბარუნეთო, იქით დედაჩვენი ბუხარში თაფლს ადნობდა და თაფლი თითქო გვეუბნებოდა: დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო.
ჩვენ თვალებდაჭყეტილები ამაებშორის დავძვრებოდით და ბედნიერები ვიყავით, თუ როგორმე მოვასწრებდით და თითს ამოვავლებდით თაფლს.
სიცილს, ხარხარს და დედის უგულოდ ტყუილად ჯავრობას ბოლო არა ჰქონდა. ჩვენც ვიცოდით, რომ არც დედა, არც მამა გულით არ გვიჯავრდებოდნენ და სელებს ვაფაცურებდით, აცა რამ მოვიცხოთო სალოკავად. ყველაზედ უფროსი ჩვენში თორმეტს წელს არ იყო გადაცილებული.
მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი რამ კარგი წაგვართვა და თან წაიყოლა. დაგვეხოცა დედ-მამა, მომიკვდა ორი ძმა, გადამეცვალა ერთი დაცა. დავრჩით ამ ქვეყნიერობაზედ მარტო ორნი და-ძმანი. ეხლა ერთსაცა და მეორესაც თმაში ჭაღარა გვირევია, და როცა ახალი წელიწადი მოდის, მინდა თუ არა, ცრემლიანის თვალით უკან მიმახედებს ხოლმე.
ვხედავ ჩემს თავს ჩვენს პატარა სოფელში, ჩემს პატარა ფუნჩულა და-ძმებს შორის, ვხედავ, როგორ დაგვხარიან შვილებს დედა, მამა, როგორ შევხარით ბავშურის სიხარულითა დედას, მამას, მესმის ტრედივით უგუნური ტიტინი ჩემის პატარა დისა, პატარა ძმისა, მომესმის ჭკუადამჯდარი, სიყვარულიანი ლაპარაკი დედიჩემისა, მამიჩემისა.
დღეს ყოველივე ეს მარტო ტკბილი სიზმარია. დღეს იქ, იმპატარა სოფელში, საცა ამოდენა სახსოვარი აუგია ჩემს გულს, მარტო ხუთი სამარეღაა და ამ სამარეებში მარხია ყოველივე ის, რისთვისაც ეხლა გული მეწვის, გული მედაგება. იქ ჰმარხია დედა, მამა, ორი ძმა და ერთი და, და ამასთან ერთად ჩემი ყმაწვილობაცა, ესე იგი, იგი ბედნიერება, რომელიც წავიდა და თავის დღეში არ მომიბრუნდება.
წავიდა ის ბედნიერი დრო და აღარ მოვა. წავიდა და გული ჰკვნესის რაღაც სხვანაირ ტკივილისა, რაღაც სხვანაირ მწუხარებისაგან, რომელსაც ზოგჯერ ადამიანი სისარულზედაც არ გასცვლის ხოლმე. ტკბილია კვნესა ამ ტკივილისა, ტკბილია ცრემლი ამ მწუხარებისა. აქ კვნესა ნიავსავით აგრილებს გულის წვასა და ცრემლი ჰნამავს გადამჭკნარ გულსა გამოსაცოცხლებლად.
ვიღამაცა სთქვა: დატკბობა საამური ტკივილიაო, და სწორედ ამისთანა ტკივილია ეს ტკივილიცა. ყველაზედ მეტად დამახსოვდა ერთის ახალის წლის წინაღამე. ჩვენ, პატარებს, არ ვიცი, ხვალის ლოდინისაგან თუ მეტისმეტ გართობისაგან, ძილი აღარ მოგვეკიდა. არა ერთხელ და ორჯერ გვიბრძანა დედამ: წადით, შვილებო, დაიძინეთო, და ჩვენ კი თითით ყელს ვუწევდით და ისე ვეხვეწებოდით: დედას ჭირიმე, ნუ გაგვრეკავ, არ გვეძინებაო.
დედა გოზინაყებისა და ალვახაზის სამზადისში გართული იყო, გარს ჯამები, ბადიები და ტაბაკები ედგა ნუშით, ნიგოზით და თაფლითა. მამაჩვენი კი ბოლთასა სცემდა ოთახში ჩიბუხით ხელში. ჩვენმა პატარა დამ, რო დაცუცუნებდა ჯამებსა და ტაბაკებ-შორის, როგორღაც ფეხი წამოჰკრა ერთს უშველებელს ბადიას და შიგ ყოფილი თაფლი კი პირქვე წამოაქცია.
დედას ძალიან ეწყინა და არ იყო რომ გაჯავრებით უთხრა მამას: ერთი თავიდამ მომაშორე, ღვთის გულისათვის, ეს ბაჯაჯღანები!.. გაასხი იქით ოთახში. ზღაპარი რამ უამბე, იქნება დაეძინოთ და მომასვენონო.
მამაჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა ყურისგდება ზღაპრისა. გვიამა, რომ დედამ დაავალა მამას ზღაპარი ეთქვა. მივცვივდით ჩვენც, ზოგი ხელზე ჩამოვებობღენით, ზოგი ახალუხის კალთაზედ. – შენი ჭირიმე, მამილო, ზღაპარი გვითხარი, – შევბღავლეთ აქეთ-იქიდამ – დედა აქედამ გვერეკება და შენ ზღაპარი მაინც გვითხარ, არ გვეძინება.
– ბატონი ხართ, აბა, წავიდეთ.
მამა გავიდა მეორე ოთახში და ჩვენც გავყევით. ოთახში ბუხარს ერთი ამბავი გაჰქონდა აპრიალებულის ცეცხლისაგან. ბუხრის პირდაპირ ერთი გძელი ტახტი იდგა, ავიდა მამაჩვენი, ტახტზედ მოიკეცა. ჩვენც გარშემო შემოვუსხედით. ჩვენი პატარა და გულდაღმა წამოუწვა მამასა, იდაყვებზე დაებჯინა, თავისი პატარა თავი ხელებზედ დაანდო და ისე შეაჭყიტა მაყვალსავით შავი თვალები, თითქო მართლა ზღაპრის მოსმენა უნდოდა.
ის კი არა თუ, როგორც იმას, ისეც იმაზედ მომდევარს მესამე ძმას, მაშინვე ჩაეძინებოდათ ხოლმე ორიოდე სიტყვის შემდეგ.
მამამ დაიწყო:
1 / 2