ილია ჭავჭავაძე
პროზა

მგზავრის წერილები

ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე I დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელიშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა „იამშჩიკმა“ ფოშტის პოვოსკა მოაყენა. ეს იყო ვლადიკავკასში. საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზედ რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი ამ სქელკისერა „იამშჩიკის“ ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, იმისი მიდუნ-მოდუნებული ზლაზვნა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა. რამოდენადაც სურათია კარგი, ორ იმოდენად საძაგელია ნამდვილი. მაგრამ ამბობენ: И дым отечества нам сладок и приятен. კვამლის სიტკბოებაზედ კი უკაცრავად, და სიამოვნებაზედ კი ამას მოგახსენებთ, რომ კვამლი ფრიად სასიამოვნოა, - პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ. როცა ავიბარგე, ესე იგი ჩემი ერთადერთი ბოხჩის ოდენა ტყავის ხურჯინი ჩავაგდე პოვოსკაში, მივუბრუნდი ჩემს ახლად გაცნობილს ფრანსიელს გამოსასალმებლად. - ეგ ეტლი ვისი მოგონილია? - მკითხა მან და მიმიშვირა ხელი ფოშტის პოვოსკაზედ, რომელზედაც ჯერ არგამოფხიზლებული „იამშჩიკი“ უგემურად სთვლემდა. - რუსისა, - ვუპასუხე მე. - მგონი, არა ხალხი მაგაში არ შეეცილოს. მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი. - არა უშავს-რა. მთელი რუსეთი მაგით დადის და მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ დამიშავდეს რამე. - მაგით დადის?! იმიტომაც შორს არის წასული!.. ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეთ. მე კი, სწრედ გითხრათ, თავს ვერ გამოვიმეტებდი, რომ მაგაში ჩავმჯდარიყავ. მშვიდობით! თუ შევხვდეთ ერთმანეთს კიდევ როდისმე, გთხოვთ მიცნობდეთ. ამ სიტყვებზედ მომაწოდა ხელი გამოსასალმებლად და ისე მჭიდროდ მომიჭირა ხელი, როგორც მარტო ევროპელმა იცის ხოლმე. პოვოსკაში ჩავჯექ. პოვოსკა ჩემს ჩაჯდომაზედ შეტოკდა. „იამშჩიკმა“ თვალები აახილა და ბღვერა დამიწყო. მერე აკრიბა სადავეები, „მწუო, მწუო“, დაუწრუწუნა უჭმელობისაგან გადალეულს და ყურებჩამოყრილ ცხენებს და მოუღერა შოლტი. ცხენები მიდგნენ-მოდგნენ, მაგრამ ალაგიდან არ დაიძრნენ. Ну, чо-о-орт; трогай што-ли! დაიყვირა „იამშჩიკმა“, აიქნივა სადავენი და ფეხებითაც ტყაპუნი დაიწყო. შენც არ მომიკვდე, ცხენებმა ყურიც არ გაიბღერტეს. ამ ყოფას ის ჩემი ნაცნობი ფრანსიელი ფანჯრიდამ უყურებდა და სიცილითა სკდებოდა. რა უხაროდა იმ სულელს? - მაგით დადის!.. ხა, ხა, ხა! - ხითხითებდა იგი, - ვიღა დაეწევა! თუმცა მე სამხიარულო არა მჭირდა-რა, მაგრამ მეც გამეცინა. „იამშჩიკმა“ თავისი ძროხის თვალები ჩემკენ მწყრალად მოაბრუნა და ისე მრისხანედ შემომიბღვირა, თითქო მემუქრებოდა: შენც ეგრეო. მერე ისევ ცხენებს მიუბრუნდა და ყოველს მათგან თითო შოლტი გადაუჭირა. ცხენებმა ამის პასუხად ტყუპ-ტყუპი ტლინკი აყარეს, როგორც იყო ადგილიდამ დასძრეს ჩვენი პოვოსკა და ძუნძულით გასწიეს. დანჟღრეულმა ზარმა დაიწყო თავისი უგემური ჟღარაჟღური, პოვოსკამ ქვებზედ ხტომა და ლაყლაყი ხან აქეთ და ხან იქითა. II ამ ყოფით განვშორდი ვლადიკავკასს და პირი ჩემის ქვეყნისაკენ ვქენი. თერგის ხიდი ისე გამოვიარე, რომ, არამცთუ წყალი დამელიოს, თვალიც არ ამიხილებია. მეშინოდა, თერგდალეულობა არ დამწამონ-მეთქი. თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორცღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ... იმიტომ, რომ მეორესაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ... იმიტომ... იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას. ეგ დასაღუპავი თერგი! რა ორპირი ყოფილა! დახე, როგორ მიმკვდარა. რაკი ზურგი ჩვენსკენ უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის დევგმირული ხმა ჩასწყვეტია. ჩვენი დამთხვეული თერგი ვლადიკავკასთან ის თერგი აღარ არის, რომელზედაც ჩვენს პოეტს უთქვამს: „თერგი ჰრბის, თერგი ჰღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან...“ იქ ისე დამდოვრებულა, ისე მიმკვდარა, თითქო ან როზგქვეშ არის გატარებულიო, ან დიდი ჩინი მიუღიაო. მაგრამ იქნება თერგი იქ ეგრე იმიტომ მიჩუმებულა, რომ მობანე კლდენი გვერდით არ ახლავს, ის კლდენი, რომლის „კლდოვანთა გულთა ღრუბელნი შავადა ზედ დასწოლიან და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან“.
1 / 10