ილია ჭავჭავაძე
პოეზია

მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეხუთე)

„ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც… — „რატომ მე არ მომიდგაო, იმას ცოცხალს არ გავუშვებ, თუ პირში სული მიდგაო“. გაუგზავნა მოციქული: — „გამოცხადდი ჩემ-წინ შენო, თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას ნაცარ-ტუტას ავადენო“. დაგვიღონდა მეფე ქველი, იმ ურჯულოს მიხვდა წადილს, ისიც იცის, — იმ ღვთის-რისხვას ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს. რა ჰქმნას? თითონ მამაცია, მამაციც ჰყავს ჯარი, ერი, მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს, კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი. დიდს ჩავარდა საგონებელს, შეუდგა ბჭობას, რჩევასა… — „წავალ — მომკლავს, — და არ წავალ — ამიოხრებს ქვეყანასა“. ბოლოს ბრძანა: — „თავს მოვუყრი მღვდელმთავართ და დიდებულთა, ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო — წესია მეფეთ ქებულთა. ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან, — წასვლას, თუ წაუსვლელობას? ორში ერთს რას აირჩევენ, — მეფის, თუ ქვეყნის დამხობას?''
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/poems/25-mefe-dimitri-tavdadebuli-tavi-mexute

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეხუთე) | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში