ილია ჭავჭავაძე
სხვა

“ილიას უმასშტაბობა ანუ ”პეტრე”, როგორც ქართული ფენომენი”

უკვდავთათვის დრო სხვა მდინარებას იძენს – ის მუდამ აწმყოში მოძრაობს, ის მუდამ დღევანდელობის გამოძახილია. ეს აზრი, უპირველეს ყოვლისა, ილია ჭავჭავაძის პიროვნების და მოღვაწეობის ბოლომდე გაცნობისას და გაცნობიერებისას იბადება, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. თუმცა ბევრი რამ იცის ჩვენმა საზოგადოებამ ილიას შესახებ, მაგრამ მისი შემოქმედების წიაღი და სიბრძნე, თავდადება სამშობლოს წინაშე, ისევე ამოუწურავია, როგორც მზის სინათლე და ზეცის სიღრმე… ამიტომ დაიბადა სურვილი ჩემშიც – მისით აღფრთოვანებულმა მკითხველმა ვთქვა ორიოდე სიტყვა. თავდაპირველად, პროზაული ნაწარმოების მთავარ ღირსებას შეგახსენებთ – კითხვას რომ შეუდგები და ვეღარ ეშვები. აქ, არ იქნება მოულოდნელი , პასუხად, მრავალი ”მაგრამ” და ”თუ” შემაგებოს ვინმემ, მაგალითად ამგვარი – ” შესაძლებელია, ნაწარმოები იყოს მდარე, მაგრამ სიუჟეტი ისე ვითარდებოდეს, ბოლომდე მიჰყვე”… ან – ” დასაშვებია, ნაწარმოებმა ჩაგითრიოს და ზღვარს სცდებოდეს მისი ინტელექტუალურ თუ ზოგადღირებულებათაგან დაცლილობის ანორმულობა”… ასეც არის ნამდვილად, მაგრამ მაგ ტიპის ლიტერატურის მოყვარულად ვერ მოვიაზრებ ჩემს მკითხველს, ვინც შესანიშნავად იცის – რატომ, რა მაღალმხატვრული და სხვა ნარატიული მიმზიდველობის გამო მიიყოლებს მათ მოთხრობა ან სხვა ჟანრის შემოქმედება ტალღებივით, შეუსვენებლივ… პროზის ეს ღირსებებია, სწორედ, მეც რომ ”მაბამს” ამგვარ ტექსტებზე და აზროვნების ახალახალი მიგნებების მონაწილეს მხდის… ” …ის ცარიელი სიტყვა რა ტკივილის დამყუჩავი რამ არის!.. ასე გგონია, იმ სიტყვებმა ნახევარი ნაღველი თან წაიღესო, ისეთი ლოდი აგეცლება გულიდამ. სიტყვა ხომ არაფერია და კაცს არაფრად უღირს, მაგრამ რამდენი კაცია ქვეყანაზედ — მოძმესათვის ისიც არ ემეტება. ესეც კია, ზოგმა თუნდ გამოიმეტოს კიდეც, გაჭირებულ გულს არ მოხვდება, ვერ მიაღწევს გულამდინა. ამისთანა კაცები გულს ვერ მოჰფხანენ გაჭირებულსა და ვერც ნუგეშსა სცემენ. მზე ზამთრის ყვავილს ვერ ამოიყვანს.” – როდის ფიქრობდა ასე ილია… როდის და, იმ დროში, ოცდამეერთე საუკუნიდან რომ გავყურებთ და ბნელი გვგონია, როცა, საკმარისი რაოდენობით არ იყო წიგნები და რაც იყო, მასზე ყველას ვერ მიუწვდებოდა ხელი (…სხვა თემაა – რუსთაველის გონი და შეუდარებლობა), ტექნოლოგიების, ეკონიმიკის ჩანასახოვანი მდგომარეობა საზოგადოების სოციალური და გონებრივი სუბსტანციის დაღი გახლდათ, ჩვენი სამაგალითო წინაპარი კი, ამგვარ სიბრძნეებს ”ეთამაშებოდა”. ის ხატავს ქართული სულის ეზოთერულ წიაღებს და საკუთარი ხედვის სიმახვილით, ამ სულიერი სივრცეების უკიდურეს კუნჭულში წვდომის უნარით აღგვაფრთოვანებს. დღესაც, არცთუ ხშირად, მოიძებნებიან ავტორები, რომელთაც ძალუძთ მკითხველი მონათხრობის სამყაროში გადაასახლონ და ჟამთასვლის ძალიან მიღმინდელი ცხადად განაცდევინონ. ასეთი ჩვენ, ნამდვილად, გვყავს ილია. ის ჩემი აზრით, მწვერვალია, რომელისთვისაც ამქვეყნიური ავ-კარგი ხელისგულივით მოჩანს. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს მისი აზროვნების ყოველი ხატი, ყოველი ნაწარმოები, მთლიანად, მისი შემოქმედება – მხატვრული თუ პუბლიცისტური, ქართველი ერისთვის ტრაქტატული ხასიათის მემკვიდრეობად. ამ ნათქვამის დადასტურებად მიმაჩნია ერთი ცნობილი ამერიკელი მოაზროვნის სიტყვები, რომ – ჭეშმარიტად სრულქმნილი დრო არც წარსულია, არც აწმყო და არც მომავალი… როგორც მოგახსენეთ – უკვდავთათვის დრო სხვა მდინარებას იძენს და ერიც, ისეთი შვილის მშობელი, ვისი სახელის ხსენებაც კი, წვრთნის ადამიანს, მთელ საზოგადოებას, ნამდვილად ბედნიერია. რასაკვირველია, საჭირბოროტო თემაა, როგორ აცნობიერებს ბედნიერების ამ შეგრძნებას მისი პატრონი (ქართველი ხალხი), საღად და პირდაპირ აღბეჭდავს თუ არა გონებიდან მომზირალი თვალი იმას, რითაც ბედმა დააჯილდოვა… დიახ, ეს საჭირბოროტოა, მაგრამ ცალკე განსჯის თემაა, რომელიც ამომწურავად და ხედვის ორიგინალური ტრაექტორიიდან გახმოვანდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის ზაზა ფირალიშვილის ესეიში ”ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება”. მნიშვნელოვანელოვნად მიგვაჩნია ილიას ცხოვრების წესად ქცეული სტილის ხაზგასმა – ზოგადობა – არაფერში! ალბათ ამიტომაც – მან, პიროვნულად, ოლიმპიურობის განსახიერებამ, მაინც ბაირონისეული ღელვა და მოძრაობა აირჩია. თუ არა – ასე, მეცხრამეტე საუკუნე, ალბათ, უსულო პერიოდს დაემსგავსებოდა, რაც, მხოლოდ, უდღეური ქაოსების წარმომშობი და თითქმის, ცარიელი ფურცელი იქნებოდა ქართველი ერის ცხოვრებაში.
1 / 4
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/creation/1a-natalia-qadagizis-ilias-umasshtaboba-anu-petre-rogorc-qartveli-fenomeni

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა