ილია ჭავჭავაძე
სხვა

ილია ისტორიული კონტექსტი და პიროვნება

მცირე ერებმა საკუთარი გამოცდილებით იციან, თუ რას ნიშნავს ისტორიის დასასრული _ იციან, როგორც მუდმივი საფრთხე და მუდმივი მოლოდინის საგანი, როგორც ავი პესპექტივა. ცხადია, იგი არც ჩვენთვის არის უცნობი რამ. ჩვენ ხომ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მოგვიწია იმგვარ ვითარებაში არსებობა, როდესაც ისტორიის წინაშე კაპიტულაცია და საკუთარი გზის დასრულება ლამის მაცდურ შესაძლებლობად ჩანდა. მეორეს მხრივ, ჩვენც სხვა მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში მყოფი ერებივით ველოდით, რომ ერთხელაც იქნებოდა და ვიღაცის პირით ამეტყველებული სამართლიანობა გაგვიხსენებდა და გვიხსნიდა ისლამური აღმოსავლეთისაგან, რომლისთვისაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ლამის მხოლოდ ჯიშიანი ტყვეების წყარო ვიყავით. სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფი ხალხის უკანასკნელი იმედები იოლად შობს გულუბრყვილო ისტორიულ პროექტებს. ქართველებისათვის ასეთი პროექტი გიორგიევსკის ტრაქტატი იყო. იგი გახლდათ ღირსეული გამოსავლის პოვნის მცდელობა, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, რომლითაც ერეკლემ ქრისტიანობის სახელით მთელს მუსლიმურ აღმოსავლეთს მოუღერა მუშტი, აუწყა, რომ მისი ქვეყანა უკვე ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტის წევრი იყო, ისევ განაგრძობდა ბრძოლას და საამისო ძალაც გააჩნდა. რიგით ქართველს კი ამ მოვლენაში თავისი ქვეყნის არსებობის ახალი საზრისი და პესპექტივა უნდა დაენახა. მთავარი გულუბრყვილობა, ალბათ, იმის იმედი იყო, რომ რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს განუხრელად დაიცავდა და არ შეეცდებოდა ჩვენი წინაპრების ქრისტიანული პათოსი ჯერ ისტორიულ კაპიტულაციად, შემდეგ კი საზოგადოების კოლექტიურ თვითმკვლელობად ექცია. 1783 წელს ჩვენმა მოღვაწეებმა, გამონაკლისებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ჯერ არ უწყოდნენ, რომ გზას იკვლევდნენ არა ქრისტიანული სამყაროსაკენ, რისი იმედითაც იყვნენ აღსავსენი, არამედ რუსული მართლმადიდებლური მესიანიზმისა და ფილეტიზმისაკენ, რომლისთვისაც დღემდე ქრისტიანობა, მესამე რომის იდეის გარეშე, ქრისტიანობა არ არის და დასავლურ ქრისტიანობას ერთ-ერთ ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევს. ყოველივე ეს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისშივე გახდა ნათელი და, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, პირველებმა ეს უბრალო ადამიანებმა იგრძნეს. კახეთისა და მთიულეთის აჯანყებებმა იმ საუკუნოვანი ილუზიების მსხვრევა აუწყეს სამყაროს, რომელიც ქართველებს რუსულ იმპერიასთან აკავშირებდა. სწორედ უბრალო ადამიანებმა დაინახეს, რომ საქმე ჰქონდათ არა ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტთან, რომელსაც ახალი ისტორიული რაობა უნდა მოეტანა ქვეყნისათვის, არამედ ისტორიის დასასრულთან, რუსული მართლმადიდებლობით რომ იყო შეკმაზული. ნებით თუ უნებლიედ, შესაძლოა, სულ სხვა ტერმინებში, სწორედ მათ გაახმოვანეს პირველებმა, რომ რუსულ მესიანიზმს არაფერი ჰქონდა საერთო ქრისტიანობის ისტორიულ მიზნებთან, რომ ქართველმა კაცმა უნივერსალური ქრისტიანული ისტორიის სასარგებლოდ საკუთარი ისტორიის დათმობის პასუხად ქრისტიანობის ის სუროგატი მიიღო, რომელსაც პოლიტიკური სიფლიდე ბიზანტიელი სტრატეგოსებისაგან ჰქონდა ათვისებული, ექსპანსიონისტური სული _ მონღოლებისაგან, მთელს თავის გიგანტურ ბიუროკრატულ სხეულს კი ევროპელი ავანტიურისტების მეშვეობით ქმნიდა; საბოლოოდ, რომელმაც ყველაფერი მოიმოქმედა საიმისოდ, რომ ერეკლეს მიერ გადადგმული ნაბიჯი მცირე ერის კვდომის ინერციად ექცია. ქრთული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ხომ სწორედ ჩვენი საზოგადოების ისტორიული თვითცნობიერების დარღვევას ისახავდა მიზნად. საბოლოოდ, იმპერიამ უზარმაზარი ძალისხმევა დახარჯა საიმისოდ, რომ ჩვენი საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი გაერთიანებულიყო ერთგვარ კოლექტიურ პერსონაში, რომელსაც მოგვიანებით ილიამ “ლუარსაბ თათქარიძე” უწოდა, თუმცა, ამაზე ოდნავ გვიან ვისაუბრებთ. 1832 წელს უკვე ქართულმა არისტოკრატიამ სცადა, ისტორიიდან განდევნილი ქვეყანა კვლავ უკან დაებრუნებინა. მათ მიერ მოწყობილმა შეთქმულებამ მხოლოდ ის შედეგი იქონია, რომ თავისი უმწეობითა და მონაწილეთა ურთიერთგაუტანლობით იმპერიას დაუდასტურა ერის ისტორიული კაპიტულაციაის ფაქტი და ამით განსაზღვრა კიდეც ჩვენი მთელი შემდგომი ისტორია. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მოვლენის ექო დღემდე მოგვდევს. ის სრული უმწეობა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა 1918-21 წლებში, ის უმწეობაც, რომელსაც ხშირად დღესაც ვიჩენთ, დიდწილად არის ამ ექოს პროდუქტი. ალბათ, სწორედ 1832 წლის შემდეგ დაკარგა ქართულმა საზოგადოებრივმა ელიტამ ისტორიული გზების სიცხადე და რუსულ მესიანისტურ ესქატოლოგიაში ჩართულნი აღმოვჩნდით. ქართველების კრიტიკულად დიდმა ნაწილმა ისტორიის დასასრულის კატეგორიებით დაიწყო აზროვნება. სწორედ მაშინ გახდა შესაძლებელი გავრცელება იდეოლოგიისა, რომელსაც დღემდე ახმოვანებენ მავანნი: აქ ჩვენს კულტურულ სხეულში არაფერი მნიშვნელოვანი აღარ შეიძლება იშვას და რომ ქართული საზოგადოება მარად არშემდგარი საზოგადოებაა. ქართული დროშის ცირკში გადაცემისაკენ მოწოდებაც ხომ სხვა არაფერი იყო, თუ არა ცინიკური მოთხოვნა, რომ ქართული საზოგადოება გათავისუფლებულიყო იმედების ნაშთებისაგან, თავისი ისტორიული მარცხი საბოლოოდ ეღიარებინა, ხოლო ქართული სულიერება დაკონსერვებული ემბრიონის ეთნოგრაფიული არსებობას დასჯერებოდა. ამგვარი არსებობა კი საკუთარ თავს, უპირატესად, სამუზეუმო ექსპონატად განიხილავდა, ერთგვარ სამუზეუმო შოუდ, რომელსაც საქმე აღარ ჰქონდა არც აწმყოსთან და არც მომავალთან. ჩვენი ქრისტიანობაც ამგვარი სამუზეუმო-ეთნოგრაფიული არსებობის ელემენტად და დეკორაციად უნდა ქცეულიყო.
1 / 6
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/creation

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა