ილია ჭავჭავაძე
სხვა

ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება

„ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გაუმჯობესება – ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილი“ ილია შესავალი წინამდებარე ნარკვევში ნაცადია იმის ჩვენება თუ რა ღრმად ჩასწვდა ილია ჭავჭავაძე (1837-1907) XIX ს. II ნახევრის მოწინავე ევროპული ქვეყნების სამომავლო განვითარების შესაძლო დინამიკას და საქართველოს მომავლისათვის მის მნიშვნელობას. რუსეთის იმპერიაში არსებული საქართველოს შესაძლო განვითარების გზებიდან, რომლებიც თითქოს თავისთავად ცხადი და აუცილებელი ჩანდნენ, განსხვავებით მრავალი სოციოლოგისაგან, (როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ, მაგ. სოციალ-დემოკრატებისაგან), მან შესძლო ამოეკითხა უფრო ღრმად მდებარე და უფრო არსებითი ურთიერთობანი საზოგადოებაში, რომლებიც ადრე თუ გვიან გაცნობიერებულნი და განხორციელებულნი იქნებოდნენ ქვეყნის ძირითად მამოძრავებელ ძალთა მიერ. ცხადია, როცა საქმე ადამიანთა, როგორც თავისუფალ და შემოქმედ არსებათა, საზოგადოებას ეხება (ილიას სხვაგვარად არასდროს წარმოედგინა ადამიანი), მომავლის გათვალისწინება მხოლოდ მეტნაკლები ალბათობითაა შესაძლებელი. არისტოტელეს (384-322) შემდეგ არც ერთ სერიოზულ მკვლევარს არ შეპარვია ეჭვი, რომ უსასრულო სამყაროში ზუსტად ვერავინ დაასაბუთებს მომავალში შესაძლებელ ხდომილების განხორციელების ვადას, მაგ. თუნდაც იმას, „იქნება თუ არა ხვალ საზღვაო ბრძოლა“? რაკი ქალაქს საღამოს მტრის ფლოტი მიადგა.(14). ამ ცნობიერებით იკვლევდა ილია ჭავჭავაძე საქართველოს მომავალს, როგორც წარსულზე და აწმყოზე დაფუძნებულს. “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა” ხშირად იმეორებდა ილია გ.ვ. ლაიბნიცის (1646-1716) ამ სიტყვებს და თანამედროვეებს წარსულიდან აწმყოში არსებული სხვადასხვა დონის და ღირებულების შესაძლებლობებიდან სამომავლოდ განსახორციელებლად ამორჩეულზე პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებდა. ილია ა. წერეთელთან (1840-1915), გ. წერეთელთან (1842-1900) დ. ყიფიანთან (1814-1887), გაბრიელ ქიქოძესთან (1825-1896). ნ. ნიკოლაძესთან (1843-1928), ვ. ჩერქეზიშვილთან (1846-1925) და სხვ. ერთად ცდილობდა საკაცობრიო განვითარების კონტექსტში, განესაზღვრა საქართველოს მომავალი განვითარების გზა, როგორც მეცნიერებაზე და ტექნიკაზე დამყარებული ეკონომიკის საფუძველზე, ერის ტრადიციული კულტურული მიზნების მისაღწევად, შესაფერისი და შესაძლებელი. ვინც XIX ს. II ნახევრის საქართველოში ამ მიზანს ისახავდა, არ იყვნენ ერთი პარტიის წარმომადგენლები. მათ საერთო მიზნისაკენ სხვადასხვა გზა ჰქონდათ არჩეული. ზოგი, ე.წ. „პირველ დასს“ ეკუთვნოდა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი (1840-1915), ვ. ფშაველა (1861-1815) და სხვ.), ზოგი – „მეორე დასს“ (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი (1845-1883) და სხვ. თითოეულ მათგანს მიზნად ჰქონდა, ქვეყნის წარსულისა და აწმყოს ანალიზით, მისი შესაძლებელი მომავალი განვითარება გაეთვალისწინებინა. ცდილობდნენ ქვეყანაში არსებული ისეთი რეალური ძალა აერჩიათ, რომელზედაც დამყარებით, შესაძლებელი იქნებოდა მთელი საზოგადოების ძალისხმევა წარემართათ სასურველი მომავლისაკენ, ე.ი. ქვეყანა მაშინდელი მსოფლიოს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილე გაეხადათ. პირველ დასს ასეთად მიაჩნდა მოსახლეობის ის ფენები, რომლებიც სოფლის მეურნეობით იყვნენ დასაქმებულნი. მეორე დასისათვის, წამყვანი ძალა შეიძლებოდა მხოლოდ ვაჭრობაში და მრეწველობაში ჩაბმულები ყოფილიყვნენ ასეთი, მესამე დასი კი- რომელიც ყალიბდებოდა, რადიკალურად განსხვავებულ მიზანს ისახავდა. თვლიდა, რომ ასეთი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ კერძო საკუთრების უქონელი მშრომელები, რომელთა საკუთრება, როგორც ილია იტყოდა, მხოლოდ მათი მარჯვენაა, ე.წ. პროლეტარები, რომელნიც დასავლეთში, კარგა ხანია ძალაუფლებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ. მათთვის დაწერეს კ. მარქსმა (1818-1883) და ფრ. ენგელსმა (1820-1895) ცნობილი „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ (1848). პროლეტარიატის გამარჯვება, როგორც ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ისე ისტორიის აუცილებელი კანონების ანალიზის საფუძველზე, მათ, თითქოს, ბუნების მეცნიერული სიზუსტით დაასაბუთეს და ამით ახალ რევოლუციურ მეცნიერებას საზოგადოების განვითარების შესახებ, ისტორიულ მატერიალიზმს, ჩაუყარეს საფუძველი. ცნობილია, რომ XIX ს. ევროპაში, მეცნიერებისა და ტექნიკის დიდი წარმატებების გავლენით, საზოგადოებრივი პროგრესის რწმენის საუკუნე იყო. ასე ფიქრობდნენ საქართველოშიც. ასე ფიქრობდა ილია ჭავჭავაძეც. მასაც რეალურ შესაძლებლობად მიაჩნდა ქვეყნის წინსვლა და თვლიდა, რომ ქვეყანაში პროგრესის ეკონომიკურ და სამართლებრივ მხარეთა გარდა აუცილებელია პროგრესის შედეგების ეთიკური მხარისათვისაც დროული ყურადღება. ამ პათოსითაა გაჟღენთილი ილია ჭავჭავაძის 1899 წ. 31 დეკემბრის საახალწლო მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. მაშინდელი საქართველოს კულტურის მესვეურები სავსებით იზიარებდნენ ილიას, როგორც ქვეყნის მოჭირნახულის პოზიციას, რომელსაც დღეს, საყოველთაო აღიარებით, თანამედრ ოვე საქართველოს მამა-დამფუძნებელი ეწოდება.
1 / 15
წყარო: https://poetry.ge/poets/ilia-chavchavadze/creation

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში