
გრიგოლ რობაქიძე
1880 – 1962
ბიოგრაფია
გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წლის 28 ოქტომბერს სოფელ სვირში, დედის ოჯახში (დღევანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, რობაქიძე იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტში (ახლანდ. ესტონეთი) სწავლობდა (1901). 4 თვის შემდეგ უნივერსიტეტი დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ლაიფციგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სტუდენტად ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ოთხი წელიწადი (1902–1906) სწავლობდა, მაგრამ უნივერსიტეტის დამამთავრებელი გამოცდები არ ჩაუბარებია. 1907 წელს პარიზში გაემგზავრა. წელიწადნახევრის შემდეგ, 1908 წელს დაბრუნდა სამშობლოში. 1910 წელს სწავლა გააგრძელა იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც 7 სემესტრი ისწავლა. მე-8 სემესტრი უნდა დაესრულებინა ყაზანის უნივერსიტეტში, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო საქართველოში დაბრუნდა.[5] მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს იყო „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ლიტერატურულმა დაჯგუფებამ, რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისთვის პროგრესული სიმბოლისტი მწერლები და პოეტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში.