
გრიგოლ ორბელიანი
1804 – 1883
ბიოგრაფია
პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე (XVI საუკუნე). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს „ყაფლანიშვილს“. გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და მათთან ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. დედა, ხორეშანი, ერეკლეს II-ის ქალის, ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა. გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.