
გიორგი ლეონიძე
1889 – 1966
ბიოგრაფია
მამა — ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა — სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა — ზაქარია გულისაშვილი, ხალხოსანი მწერალი, „შაქროს“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა. ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე. 1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს „გვირგვინი“ და „ფანდური“, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“.