
დუტუ მეგრელი
1867 – 1938
ბიოგრაფია
დიმიტრი ხოშტარია დაიბადა სოფლის ღარიბი დიაკვნის თომა ხოშტარიას ოჯახში. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში. ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს. აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძო ნოვოროსიის უნივერსიტეტში იურიდიული განხრით. აქ იგი, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა. ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ სამუშაო არ მისცეს და იძულებული გახდა ემსახურნა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში. აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი იცავს მთავრობის მოხელეებისგან მშრომელი მოსახლეობის ინტერესებს, განსაკურთრებით ღარიბ გლეხობას. ამ ნიადაგზე მას 1900-1902 წლებში სამსახურიდან დათხოვნითაც კი ემუქრებოდნენ.