ალექსანდრე ყაზბეგი
პროზა

ხევისბერი გოჩა

ნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც სოფელს ყანობს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი და ორიოდე მარხილი მიუახლოვდა. მხედრები სულ ყმაწვილები, ნარჩევი და ერთიერთმანეთზედ ლაზათიანები იყვნენ. ისინი მიდიოდნენ მხიარულად, სიმღერით და თოფის სროლით. აშკარად ეტყობოდათ, რომ ესენი სამტროდ არ მიემგზავრებოდნენ, რადგანაც არც სიფრთხილე ეტყობოდათ და არც ისე ბევრნი იყვნენ, რომ ასე გულადად და პირდაპირ შესულიყვნენ ხევის სოფელში, რომელიც თავისთავად მთელს, ძნელად ასაღებს, სიმაგრეს წარმოადგენს. სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმათ გამოეგებნენ იქაური ყმაწვილი ბიჭები და ორივე ცხენოსანთ გუნდი ერთმანეთისკენ ყიჟინით და თოფის სროლით გაექანნენ. ცხენები მიდიოდნენ თავბრუსდამხვევის სიჩქარით. მისი პატრონები ელვასავით ატრიალებდნენ თოფებს, ხან გადიზნიქებოდნენ, მიწას დასცემდნენ ხელს და ხან ისევ ისარსავით სწორედ გამართულნი, ნაზის, გულშემტაცებელის რხევით ერთმანეთისკენ მიესწრაფებოდნენ. აგერ მიუახლოვდნენ ერთმანეთს, ცხენების თავები თითქმის ერთმანეთს სწვდებიან, საცაა შეეჯახებიან. მაგრამ სწრაფად, თითქოს მანქანებით, ერთბაშად შეჩერებულნი, ქვისგან გამოჭრილს სურათებს დაემსგავსნენ და ჰაერში გაისმა მხიარული მისალმება: - გზა მშვიდობისათ! - მშვიდობითაც გივლიათ! ამის შემდეგ მოკითხვა, სალამი, ქალამი და ყველანი, ერთმანეთში არეულნი, გაემართნენ გაცალკევებულის სახლისკენ, სადაც სარკმლებიდგან გაჩაღებული ცეცხლის შუქი და მხიარული ტაშ-ფანდურას ხმა გამოდიოდა. კარებთან გაცვივდა კიდევ თოფები და დამბაჩები, და ამ გრიალს შეუერთდა იქავ მოგროვილის ბავშვების ყიჟინის ხმა, და ცხენოსნები ჩამოხტნენ. პატარეები მისცვივდნენ ცხენებს, ჩამოართვეს და დაუწყეს წინ და უკან ტარება, რადგანაც გაოფლიანებულს ცხენებს ორთქლი კორიანტელსავით ასდიოდათ და სიარულში შეშრობა ეჭირვებოდათ, რომ ცივს ნიავს არ დაეკრა და არ დაეხუთა. სტუმრები მოგროვდნენ კარებთან, შუაში ჩაიყენეს ერთი წამოსადეგი, ახლად წვერ-ულვაშ აშლილი ყმაწვილი ბიჭი, რომელსაც ნაბადი ჰქონდა წამოსხმული და გვერდს მოუყენეს მეორე ყმაწვილი ბიჭი, უფრო მდიდრულად ჩაცმული და მთლად ოქრო-ვერცხლით შეჭედილი. ყველანი გაჩუმდნენ და ჩამოვარდა ისეთი სიმშვიდე, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით. ცოტა ხანიც და გაისმა წვრილი, წკრიალა ხმა „ჯვარულისა“. მას მისცეს ბანი და ჰაერი დაიფარა მედიდურის, ძლიერის და ამ ერთადერთის სავაჟკაცო სიმღერის ხმით, რომელიც თავის ჰარმონიით კაცს გაიტაცებს და სმენას დაუტკბობს, ძლიერებით ძვალსა და რბილს აუთრთოლებს, სისხლს აუჩუხჩუხებს და სახელის გამოჩენას მოაწყურებს. ამ სიმღერას მხოლოდ მთაში მღერიან, მხოლოდ იქაურს მედიდურს ბუნებას შეეძლო ამისთანა ჰარმონიული ხმის დაბადება!.. ამ სიმღერას მღერიან ხოლმე მხოლოდ ომში, ხატებისა და დროშების გამოსვენების დროს და ქორწილში. ეხლა ქორწილი გახლდათ. ნაბდიანი კაცი, გუგუა ფიჩიტაური, იყო სასიძო და მის გვერდით მყოფი ყმაწვილი, მდიდრულად ჩაცმული - ონისე, შვილი განთქმულის „ხევის ბერისა“ გოჩასი, რომელიც გუგუას ხელისმომკიდედ, მეჯვარედ მოჰყოლოდა. – II – სტუმრები შევიდნენ ხალხით გამოჭედილს სახლში, სადაც უფროსი კაცები მოეგებნენ, დაულოცეს სასიძოს გზა, შემოატარეს კერა და „ხელის მომკიდესთან“ და სახლის უფროსთან ერთად კერის პირას თავში დასხეს. აშლილი ხალხიც ისევ დალაგდა, გაიმართა ისევ ლხინი და თასების გაგზავნ-გამოგზავნა ჩვეულებრივის „სმურებით“. აქ იყვნენ მარტოკა კაცები, ქალები არსად სჩანდნენ. მათი ხმა მოისმოდა სახლის უკანა კუთხიდგან, სადაც სენა იყო გამართული. იქ გაემართათ ტაშ-ფანდურა და იქვე მიეზიდათ ყმაწვილი ბიჭები, რომელნიც გატაცებით შესცქეროდნენ ლაზათით სავსე მოლეკურე ქალებს. ყველანი მხიარულად თამაშობდნენ, მაცდურად გაუხტ-გამოუხტებოდნენ ყმაწვილ ბიჭებს, რომელსამე „შავ ბიჭს“ ეშმაკურად ჩაუკრენტდნენ თვალსა და ესეც, აღგზნებული რაღაცა ძალით, წახალისებული გაეკიდებოდა ხან წყნარად დამშვიდებულს წყალსავით მიმდინარს და ხან მთის მდინარესავით გაცოფებულს და გაშმაგებულს ქალსა. აგერ მირბის, დამკრთალს არჩვსავით, მოხევის შავთვალა ქალი, იმისი სახე სრულს შიშს გამოსთქვამს, რადგანაც არწივსავით მკლავებგაშლილი კაცი მისდევს თავის მსხვერპლს. ნაზი ქმნილება თანდათან დუნდება, კაცი ეწევა, აი წუთიც და გულში ჩაიკრავს შეშინებულს, ქედანსავით აკანკალებულს ქალს, მაგრამ მოლოდინი არ უმართლდება. ერთბაშად გატრიალებული ქალი ხელიდგან ეცლება და მეორე მხარეს გამხტარი ფეხებს ათამაშებს. გულდაწყვეტილი კაცი გასცქერის და ხედავს თავის მსხვერპლს მომხიბლავის ღიმილით და მოჟუჟუნე თვალებით, რომელნიც იმას იწვევენ, იპატიჟებენ და თითქოს ეუბნებიან: „დამიჭირე და მე გაგრძნობინებ სიცოცხლის სიტკბოებას!“ ონისე და გუგუა, რომელთაც დღეს დარბაისლობა უნდა გამოეჩინათ, ისხდნენ გაუნძრევლად, თუმცა გული და სული გამხიარულებულ ყმაწვილებთან ჰქონდათ და ჩუმჩუმად გასცქეროდნენ იმ მხარეს, საიდგანაც ლხინის და თამაშობის ხმა მოდიოდა. გუგუა იწოდა სურვილით, რომ თავის სანატრელის ძიძიასთვის თვალი შაეკრა და ონისე კი, რომ ქორებრივი თვალი გაეყარა ვისთვისმე განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ისა, ოღონდაც არის მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს მიმზიდველობა, ლოყებს სიყმაწვილის ელფერი და გულს სისხლის ამაჩუხჩუხებელი ძალა.
1 / 29
წყარო: https://www.aura.ge/103-saskolo/6126-aleqsandre-kazbegi--eliso.html

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ხევისბერი გოჩა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში