პროზა
ელისო
მშვენიერს დაცემულს მინდორზედ, ვლადიკავკაზის მახლობლად, მოჩანდა ალყადშემორტყმული ურმები, გაჭედილი სახლის ავეჯეულობით. ამ ალყის შუა აქა-იქ გაჩაღებულს ცეცხლებზედ ჩუხჩუხებდა ქვაბები, რომლებსაც მისხდომოდნენ მოხუცებული დედაკაცები და საჭმელს ამზადებდნენ.
იქვე მიმსხდარიყვნენ დანარჩენი მოხუცი ხალხი და გაჩუმებულნი ყალიონს სწევდნენ. იმათი მხნე და გმირული, თუმცა დაღონებული, სახე ცეცხლის შუქზედ რაღაცა საოცნებო სურათს წარმოადგენდა. ყმაწვილი ხალხიც, ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი, თუმცა სცდილობდა ერთმანეთის გამხნევებას, გამხიარულებას, მაგრამ იმათი დაფიქრებული სახე ისევ ისე გაუღიმებლად რჩებოდა.
აქ იყო რაღაცა იდუმალი სიჩუმე, რაღაც იდუმალი სევდა, რომელიც ნებაუნებლივ სიტყვას აწყვეტინებს და ხმას აკმენდინებს კაცს.
ხანდისხან ისეთი წუთებიც შეჰხვდებოდათ, რომ თვით სუნთქვაც შეუწყდებოდათ და ასე, სამარის მსგავს სიჩუმეში, რჩებოდნენ რამოდენიმე ხანს.
საღამო იყო ჩინებული, თბილი, ერთი იმისთანა საღამოთაგანი, რომელსაც კაცი ნეტარებაში შეჰყავს და სიამოვნების ნექტარს აღუძრავს ყოველის ძარღვის ხვეულში.
როგორც ბუნებით მხნე, ისე მხიარული ჩეჩნები დღეს გაჩუმებულიყვნენ ისე, როგორც ქარიშხლის წინათ ჰაერი, რომელიც ემზადება ამ სიმშვიდიდგან ერთბაშად გრგვინვად გარდაქცევას.
რას გაეჩუმებინა ეს სიცოცხლით სავსე ხალხი? რას გაეწყვიტა მათთვის პირში სიტყვა? რომელ უბედურებას დაემორჩილებინა ისინი, ვინც ისე სიცილით და უზრუნველად სიკვდილს წინ ეგებებოდა ამ რამდენისამე წლის წინათ?
აქამდის კიდევ აქა-იქ მოისმოდა თითო-ოროლა სიტყვა, ეხლა ისიც შესწყდა და ჩამოვარდა სრული სიჩუმე… ამ საიდუმლოებით სავსე სიჩუმეში, რომელიც მკვდართა სამფლობელოს მოგაგონებდათ, ერთბაშად გამოისმა ჭიანურის წყნარი ხმა და მას მოჰყვა წყნარივე ზუზუნი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა ხმა იყო ის! მე არ შემიძლიან გადმოგცეთ! აშკარადა სჩანდა, რომ ეს ხმა სწყდებოდა გულის საძირკველიდგან, რომელიც ენთებოდა, სდუღდა, სწვავდა მთქმელს და გამგონს!.. იფანტებოდა შორს, შორს მინდორზედ, სადაც მსუბუქს ნიავს მიჰქონდა ყოველ ხესთან, ყოველ ბუჩქთან, ყოველ ბალახთან და, რა მიეკარებოდა, თითქოს იქამდინ ძლიერად აგრძნობინებდა თავის ძალას, რომ მთლად აათრთოლებდა.
ჩქარა ზუზუნი ერთის კაცისა გადაიქცა საერთო ზუზუნად, რადგანაც იმას ხმა მოსცეს სხვებმა; და მთელი ეს ადგილი მოიფინა მტანჯველ სევდიან გოდებით და გმინვით. ეს ხმა, უსიტყვოდ აღმომხდარი იმათ პირიდგან, ისეთ წარმოუთქმელ სატანჯველს გამოსთქვამდა, რომ სიტყვებზედ ერთი-ათად მეტს გაგრძნობინებდათ, მეტად გივსებდათ სევდით და ნაღველით გულს, ნებაუნებლივ თანაგაგრძნობინებდათ იმათ უბედურებისათვის. თქვენა გტანჯავდათ, გაწუხებდათ ეს ხმა, მაგრამ ყური ვერ მოგეშორებინათ.
ეს იყო უკანასკნელი გამოსალმება სულითმობრძავის შვილისა, რომელიც სამუდამოთ ეთხოვებოდა თავის საყვარელს მშობელს, რომელთან ალერსს უსპობს შეუბრალებელი და შეუწყალებელი უსამართლო ძალა! ეს იყო გოდება სანატრელთან დაშორებულისა, რომელიცა ჰგრძნობდა, რომ უიმისოდ ვეღარ იხარებს, ვეღარ იცოცხლებს!..
ეს გმინვა, ეს ოხვრა, ეს გოდება მით უფრო მწარედ გეჩვენებოდათ, რომ ეს არ იყო მარტო ერთი კაცის წუხილი თავის უბედურებაზედ, ეს არ იყო ტირილი მარტო ერთის პირისა თავის დაკლებულზედ, - აქ გამოითქმოდა საერთო ვაება, საერთო წუხილი, საერთო ტანჯვა; აქა სცემდა საერთო ძარღვი, და ერთის გმინვაში გამოითქმოდა გრძნობა და მდგომარეობა მთელის ხალხისა.
ეს მამულის მოსიყვარულე, იმისთვის თავგანწირული ჩეჩნები, ესალმებოდნენ თავის სამშობლოს, რომლის შესარჩენად და ასაღორძინებლად მამას შვილი არ შეუწყალებია, ცოლს - ქმარი და იმდენის ბრძოლის და მსხვერპლის შემდეგ ისინი უნდა მოშორებულიყვნენ იმას! - ღმერთო! სადა ხარ?.. - იძახდა იმათი ცისკენ მიპყრობილი თვალები, მაგრამ მაშინვე დედამიწას დაეშვებოდა პასუხმიუღებელი.
ყოველი ბუჩქი, ყოველი ადგილი, ყოველი კუნჭული ამ ადგილებისა იმათ მოაგონებდა თავიანთ მამაცურს სივაჟკაცეს, რომელზედაც სისხლი დაენთხია რომელსამე გულის გამგლელს მახლობელს. ყველა ადგილებთან მიკარება, ყოველი ნაბიჯის გადადგმა იმათ აგონებდა მწუხარე სურათებს, ეს უვლიდა გულში გახურებულს შანთებად და უსიტყვოდ მარტო გმინვას წარმოათქმევინებდა. არის ხოლმე ისეთი წამი, როდესაც სიტყვას ადგილი აღარა აქვს კაცის მწუხარებაში.
ვისაც ეს ხმა არ გაუგონია, იმას არ უგრძვნია, არ გაუგია გოდება ნამდვილად შეწუხებულის გულისა, იმას არ წარმოუდგენია, რა მწვავი ხმის აღმოხდენა შეუძლიან ნამდვილს მგლოვიარე გულს და რამდენად მეტს გაგრძნობინებდათ ეს ხმა ათასგვარად შეხამებულს სიტყვებზედ.
ყველას თვალები სევდიანათ გასცქეროდა თავიანთ ნასოფლარს, გალაშკის ქედებს, სადაც როდესღაც ისე ამაყად იბრძოდნენ ეს წამებულნი და სადაც იმდენი სიტკბოებით სავსე წუთები გამოეცადნათ.
მაგრამ რა მიზეზი იყო იმათი გადასახლებისა, რა დაეშავებინათ ისეთი, რომ ეს სატანჯველი მიეყენებინათ, ასე უკაცურად დაესაჯათ?
იმის მეტი არაფერი, რომ იმ დროს ჩეჩნის მმართველებმა ისურვეს გაუმაძღარი თვალების გაძღომა და მოიწადინეს ჩეჩნელთ მდიდარი მიწების ხელში ჩაგდება; ამისათვის ძველ მემამულეთ მოშორება დაინახეს საჭიროდ და კიდეც მოიშორეს.
II
1 / 12
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა