
ალექსანდრე ჭავჭავაძე
1786 – 1846
ბიოგრაფია
ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისში გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასასწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას. ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიუსტი წინანდლში 1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები. 1804 წლის 14 სექტემბერს ალექსანდრე ჭავჭავაძე შეუერთდა მთიულეთის აჯანყებას. მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს ; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. 1806 წელს ა. ჭავჭავაძე თავისუფალია ტამბოვის გადასახლებისაგან. 1807 წ. დამდეგს იგი პაჟთა კორპუსშია. 1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა.