აკაკი წერეთელი
პოემა

წმინდა ნინო ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში

წმინდა ნინო ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში პატარა ნინო ბაბუას ეტიტინება ალერსით: იმ დიდი ნინოს ამბავი ან პროზად მითხარ, ან ლექსით! ვინ იყო? სიდან მოვიდა? თუ მართლა სომხის ქალია, შენ უნდა გამაგებინო და მეც ვისწავლო... ვალია! ვისგან ისწავლა ქართული? რად მოხვდა ჩვენს ქვეყანასაა და როგორ დაუახლოვფა ქართლის დედოფალს ნანასა? ან რა ქმნა, რომ მოარჯულა მან კერპი მეფე მირიან? ამ ამბავს ყველგან, სუყველა სხვა და სხვა გვარად ჰყვირიან!.. შენ გენაცვალოს ბაბუა! ყოფილხარ ცნობის მოყვარე.... ჯერ შესწავლილი არა გაქვს ეს ჩვენი სამშობლო მხარე. ათასში ერთმა თუ იცის ჩვენი ცხოვრება წარსული; თვალი გვიჭირავს სკვითისკენ, მიგვიდის გული და სული. ჩვენ შენ-გვარ ცნობის მოყვარეს, სუნით დავეძებთ ყველგანა; ვერ დაგამადლით, რაც ვიცით... და ვერ გიამბობთ შენ განა? გიამბობ. ყური დამიგდე ჩემო პატარა ნინუცა! გულწრფელად გეტყვი, მოწმდეს მყავს დაბლა მიწა და მაღლა ცა. I ძველად კაპადოკიაში ქართველთა ტომს უცხოვრია და მუშაკის ოფლთან ერთად სისხლიც ბევრი დაუღვრია. დაასუსტა, დაამცირა მეზობლებთან ხშირმა ომმა, სანამ სრულად არ დაიპყრო, საბოლოვოდ, დიდმა რომმა. გადარჯულდა, სანახევროდ გაბერძენ-გარომაელდა და წინანდელ გვარ-ტომობას შიშისაგან ვერ ამხელდა. აი, სწორედ ამ გვარ ხალხმა წმინდა ნინო წარმოშობა.... მოციქულთა თანასწორი და ქართველთა ამაყობა. როცა ქრისტეს მოციქულთა ერთმანეთში წილი ჰყარეს, თუ რომელმა სად მიუთხრას ქრისტეს მცნება?.. რომელ მხარეს?.. ღვთის-მშობელიც მაშინ თურმე არჩევანში ჩაერია და წილად ხვდა ყოვლად-წმიდას კერპთ-მსახური „ივერია“, მაგრამ იერუსალიმში ქრისტემ დაუმკვიდრა ბინა და მსახურად იოანე სიკვდილამდე მიუჩინა. და სხვა მოციქულებმა კი აასრულეს, რაც ხვდათ წილად და დაიწყეს ქადაგება უცხო ხალხში მათ კეთილად. შეხვდა მაშინ ანდრიასაც კაპადოკიაში გავლა; გამტკიცება ქრისტეს მცნების, მონათვლა და კერპთა სწავლა. ზოგმა იმ დროს საიდუმლოდ ღმერთად ქრისტეს აღიარეს და მათ რიცხვში წმინდა ნინოს წინაპრებმაც ინეტარეს. II განვლო სამმა საუკუნემ, იშვა ნინო ქრისტიანად და ჯერ ისევ მცირე იყო, წაცავიდა სხვა ქვეყანად, რომ ენახა თავის თვალით გოლგოთა და საფლავიცა და იქ იერუსალიმში ქრისტეს რჯული გაემტკიცა. ის სულ იმის ფიქრში იყო, თუ სად არის ქრისტეს კვართი, ელიოზმა რომ წაიღო?... რა ხალხია ის წარმართი? ერთხელ ძილში მან ჩვენება ნახა თურმე საკვირველი: ვაზის-ჯვარით წარუდგა წინ ყოვლად წმინდა ღვთის-მშობელი და უბრძანა: „მე წილად მხვდა ივერია... კერპთა მხარე. შენ გიბრძანებ, ჩემ მაგიერ იქ წახვიდე... მოიარე! ჩემი შვილის სიყვარულით, მე ვხედავ, რომ გიძგერს გული. გამოძებნე მისი კვართიც, სადაც იყოს დამარხული. ძნელი გზაა, მაგრამ შენ კი აიტანე განსაცდელი, აი, ხელში ეს გეჭიროს, მფარველი და შენი მხსნელი“. ეს უთხრა და მისცა ხელში ვაზის-ჯვარი დიდებული. გაეღვიძა ნინოს, შეკრთა!... მიეფინა სიხარული. ნახა, ხელში რომ ეჭირა მღვიძარესაც ვაზის ჯვარი; თმა მოიჭრა, იქვე შეჰკრა, გადიწერა რა პირჯვარი, და ჯვრით ხელში, რწმენით გულში ივერიას მოაშურა და იმისი ლოცვა-მადლი საქართველოს მოასხურა. წამოვიდა, არ დარიდა თავი უცხო გასაჭირსა და მწყემსებთან გამოკითხვით, წყალ-წყალ დაჰყვა სულ მტკვრის პირსა და რადგანაც ურიების მან იცოდა კარგად ენა, ცოტა ხნობით ქალაქ ურბნისს, მათთან ერთად შეისვენა. III ერთხელ ნინომ შენიშნა, რომ ხალხი მოდის დარაზმული და იკითხა: სად მიდიან, ასე მორთულ-მოკაზმული? უთხრეს: მცხეთას!.. დღეობაა დიდი ღმერთის არმაზისა!... სულ ოქროში ჩამჯდარია, ვით მეტოქი მაღლა მზისა. აედევნა ნინოც სხვებსა, გაოცებით გულის თქმაში და წავიდა სხვებთან ერთად, როგორც მგზავრი, იქ - მცხეთაში!... ნახა იქაც მოძრაობა, გამოსულა დედა, წული, რაღაც სადღესასწაულოდ მორთული და მოკაზმული. დაჰკრეს დაფსა და ნაღარას, გამობრძანდა მირიანი; უთვალავი ახლავს ჯარი და ზედ მეტი მისიანი. აედევნა ამათაცა, უნდა ნახოს ხალხის ძალა. სხვებს მიასწრო, კლდის ნაპრალში შევიდა და მიიმალა. უხილავი, უჩინარი სხვებისაგან მალავს თავსა, მაგრამ თვითონ კი უყურებს ყოველიფერ სანახავსა. აი, მის წინ ზადენ-გორა! ზედ არმაზი ამართული, მერჯვნით გაიმ, მარცხნით გაცი მორთული და მოკაზმული. ხედავს არმაზს ოქროს ჯაჭვით, ხმალით ხელში მოელვარეს; მრისხანებით გადაჰყურებს საქართველოს ყოველ-მხარეს. მიდის ხალხი, მის წინაშე სასოებით მუხლსაც იყრის; დიდებულნი და თვით მეფეც მოწიწებით თავს დაბლა ჰხრის. დედებიც კი კვნესა-ოხვრით სხვერპლად სწირვენ პირმშო შვილსა, და შიშისგან ატანილნი, თაყვანს-სცემენ იმ ხელ-ქმნილსა. ამას ყველას ხედავს ნინო, აშფოთებით უცემს გული და ეს ხალხი ებრალება, ზეზეულად დაღუპული!.. ხელთ-ააპყრობს მაღლა ცისკენ და შესტირის ღვთის-მშობელსა, როგორც ჭირში დამხმარებელს, საცდურისგან გამომხსნელსა: „დედავ ღვთისავ! რა ძნელია ამის ხილვა და ყურება, რომ ყოფილა მიწის ზურგზე ამისთანა უგნურება!
1 / 3
წყარო: https://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/zxozx-wminda-nino-anu-qristianobis-shemogeba-saqartveloshi

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა